№ბს-168-165(კ-15) 18 დეკემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ ზ. ბ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინებით ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის განჩინება.
2015 წლის 10 დეკემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ზ. ბ-ემ, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის განჩინების, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და ზ. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ. ბ-ის განცხადება განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად უნდა გადაეცეს უფლებამოსილ - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 424-ე მუხლის თანახმად, რომელიც განსაზღვრავს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების განსჯადობის საკითხს. განცხადება შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში, განცხადება გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს განსჯადია იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას.
განმცხადებლის მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინებაში საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ძირითად მოტივად მითითეული იყო იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რომ ზ. ბ-ეს მინიჭებული ჰქონდა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება, რაც სამართლებრივად გამორიცხავდა იმ ფაქტის აღიარების შესაძლებლობას, რომ ზ. ბ-ეს 1992 წელს მიენიჭა გენერალ მაიორის სამხედრო წოდება. ასეთის შესაძლებლობას იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა, აუცილებელი იყო სამხედრო წოდების მინიჭება თანმიმდევრულად, საფეხურების გავლით. ამასთან, საკასაციო სასამართლოს განჩინებაში აღინიშნა, რომ ზ. ბ-ეს პოლიციის პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა მინიჭებული, ხოლო პოლიციის გენერლის წოდების ფაქტის აღიარება არ მოუთხოვია და სასამართლომ შეუძლებლად მიიჩნია საკასაციო საჩივარზე ამ მიმართულებით მსჯელობა.
განმცხადებლის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად არ მიუთითებიათ იმ გარემოებებზე, რაზეც საკასაციო სასამართლოს განჩინებაში იქნა მითითებული, კერძოდ, იმ ფაქტზე, რომ არ დასტურდებოდა ზ. ბ-ისათვის სამხედრო პოლკოვნიკის წოდების მინიჭების ფაქტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინების გაცნობის შემდეგ, ზ. ბ-ემ მოიპოვა მტკიცებულება - საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს 25.04.1994წ. №3/1-382 ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ზ. ბ-ეს გააჩნდა სამხედრო პოლკოვნიკის წოდება. აღნიშნული მტკიცებულება, განცხადებლის მოსაზრებით, წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების საფუძველი. ამასთან, ზ. ბ-ისათვის აღნიშნული ფაქტის დადასტურების აუცილებლობის შესახებ ადრე რომ ყოფილიყო ცნობილი, აღარ იარსებებდა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ბ-ის განცხადება საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილია განსჯადობის წესების დარღვევით, რადგან მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება საქმის არსებითი განხილვის შედეგად გამოტანილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 10 დეკემბრის განჩინება, რომლითაც თავის მხრივ არ დაკმაყოფილდა ზ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, წარმოდგენილი განცხადების განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს არა საკასაციო სასამართლო, არამედ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ბ-ის განცხადება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განსჯადობის წესების დაცვით უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომელიც უფლებამოსილია იმსჯელოს წარმოდგენილი განცხადების დასაშვებობასა და მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე, 424-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსახილველად გადაეცეს უფლებამოსილ - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე