Facebook Twitter

საქმე №ბს-4-4(გ-15) 17 დეკემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულსაქმეთაპალატამ

შემდეგიშემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ სსიპ იუსტიციის სახლი

მოპასუხეები - მ. ქ-ი

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2014 წლის 3 დეკემბერს სსიპ იუსტიციის სახლმა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - მ. ქ-ის მიმართ და მოითხოვა მ. ქ-ს სსიპ იუსტიციის სახლის სასარგებლოდ დაკისრებოდა ზედმეტად გადახდილი თანხის - 407,07 ლარის გადახდა (მათ შორის: ხელფასის - 348,63 ლარის, სადაზღვევო პრემიის - 57,44 ლარი).

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ მ. ქ-ი 2014 წლის 4 მარტიდან დაინიშნა სსიპ იუსტიციის სახლში ... თანამდებობაზე. 2014 წლის 30 ივლისის სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის #375/კ ბრძანებით 2014 წლის 2 მაისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, გათავისუფლების საფუძვლად მითითებული იყო შიდა აუდიტის სამსახურის 2014 წლის 18 ივლისის #011568 დასკვნა, რომლის შესაბამისადაც, მ. ქ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა იუსტიციის სახლის შინაგანაწესის 32-ე მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შრომის დისციპლინის დარღვევას, კერძოდ, მოპასუხე არასაპატიო მიზეზით 5 დღით და მეტი ვადით არ გამოცხადდა სამუშაო ადგილზე, რამაც გამოიწვია იუსტიციის სახლის შინაგანწესის 34.8 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - დამსაქმებილის სამსახურიდან გათავისუფლება.

მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან მ. ქ-ის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოიცა 2014 წლის 30 ივლისს, ხოლო სამსახურიდან გათავისუფლდა 2014 წლის 2 მაისიდან და მაისის თვეში არ არსებობდა ბრძანება გათავისუფლების თაობაზე, იუსტიციის სახლის მიერ განხორციელდა ხელფასის სახით დასაქმებულისათვის 368 ლარის ჩარიცხვა მის საბანკო ანგარიშზე, საიდანაც ზედმეტად ჩარიცხულმა თანხამ შეადგინა 348,63 ლარი. ასევე მოსარჩელის მითითებით, სსიპ ისუტიციის სახლის მიერ ხორციელდება დასაქმებული პირების დაზღვევა და თითოეულ დასაქმებულ პირზე, იუტიციის სახლის სახსრებით ხორციელდება ყოველთვიური სადაზღვევო პრემიის გადახდა 19,49 ლარის ოდენობით, შესაბამისად, მ. ქ-იც იქნა დაზღვეული და მასზე ყოვეთვიურად ხორციელდებოდა19,49 ლარის გადახდა. ვინაიდან, გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოიცა 2014 წლის 30 ივლისს, სადაზღვეო კომპანია ირაოსთვის აგვისტომდე სადაზღვეო კოპმანიისათვის მ. ქ-ის გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება ვერ მოხდა და მისთვის მაისის, ივნისის და ივლისის თვეების იუსტიციის სახლის მიერ გადახდილმა სადაზღვეო პრემიამ შეადგინა 58,47 ლარი.

მოსარჩელის განმარტებით, ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების თაობაზე არაერთხელ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება მოპასუხე - მ. ქ-ს, მაგრამ აღნიშნული მის მიერ არ განხორციელებულა. რაც სამოქალაქო კოდექსის ნორმებიდან გამომდინარე, წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებას, რის გამოც მოპასუხეს ეკისრება ვალდებულება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განახორციელოს ზემოაღნიშნული თანხების უკან დაბრუნება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სსიპ იუსტიციის სახლის სარჩელი მოპასუხე მ. ქ-ის მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

სამოქალაქო კოლეგიის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია საჯარო მოსამსახურისათვის ზედმეტად გადახილი თანხის უკან დაბრუნება, რომელიც რეგულირდება ადმინისტრაციული კანონმდებლობით საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით, რის გამოც იგი არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსახილველ საქმეს, იგი ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავაა და საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ დავა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსახილველია.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 იანვრის განჩინებით სასამართლო არ დაეთანხმა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას სარჩელის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის თაობაზე და სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს შორის განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად სსიპ იუსტიციის სახლის სარჩელი გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (მის: ქ.თბილისი, ძმებიზუბალაშვილების ქ. №32).

სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ,,ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება გარდა იმ შემთხვევისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან“, ამავე კოდექსის 385-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების გარეშე გადახდილის გამოთხოვის წესს, რომლის თანახმად, ,,ის რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების წესების მიხედვით უკან იქნეს გამოთხოვილი“ სსიპ იუსტიციის სახლის მხრიდან მ. ქ-ის სასარგებლოდ განხორციელდა რა ვალდებულების გარეშე თანხის გადახდა, რაც სამოქალაქო კოდექსის თანახმად უკან უნდა იქნეს მოთხოვნილი უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების შესაბამისად. ამასთან, ამავე კოდექსის 976-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ,,პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასაცა შეიძლება მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში“. სასამართლოს განმარტებით, სსიპ იუსტიციის სახლსა და მ. ქ-ს შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა, შესაბამისად იუსტიციის სახლს შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გააჩნდა ვალდებულება განეხორციელებინა მ. ქ-ისათვის ხელფასის გადახდა, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მ. ქ-ის გათავისუფლების ბრძანება გამოცემულია 2014 წლის 30 ივლისს, რომლის თანახმად მ. ქ-ის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან განხორცილედა 2014 წლის მაისიდან (სამუშაოს თვითნებურად დატოვების დღიდან) ბრძანების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტი, ,,საქართველოს იუსტიციის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს #148 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუქნტის ,,დ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის იუსტიციის სახლის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოავლეობის შემსრულებლის 2014 წლის 28 თებერვლის #139/ს ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის 32-ე მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტი, 34-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-8 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი (სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალების მიხედვით აღნიშნული განთავისუფლების ბრძანება დღემდე ძალაშია და არ გამხდარა სასამართლოს მსჯელობის საგანი).

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, დავის საგანია ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, რომელიც არ რეგულირდება ადმინისტრაციული კანონმდებლობით ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის შესაბამისად, განსახილველ საქმეს და არ უნდა იქნეს მიჩნეული ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ სსიპ იუსტიციის სახლის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

მოცემულ შემთხვევაში განსჯადობის ობიექტს წარმოადგენს მოპასუხის _ მ. ქ-ისათვის იუსტიციის სახლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა. სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელე სამოქალაქო კოდექსის 317-ე და 976-ე მუხლებზე მიუთითებს.

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო პრაქტიკა განასხვავებს სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ზიანს. კერძოდ, სახელშეკრულებო ზიანი შეიძლება მიყენებულ იქნეს ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების, კანონის ან ადმინისტრაციული აქტის შეუსრულებლობით. ვინაიდან ზიანის მიყენებამდე მხარეები უკვე იმყოფებოდნენ განსაზღვრულ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში, პასუხისმგებლობა ამ ურთიერთობის დარღვევისათვის შესაბამისად, ხელშეკრულების პირობებიდან, ან იმ კანონის დებულებიდან გამომდინარეობს, რომელიც აღნიშნულ სამართლებრივ ურთიერთობას არეგულირებს.

კონკრეტულ შემთხვევაში, კი როგორც საქმის მასალებით დასტურდება მ. ქ-ი სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 4 მარტის №152/ს ბრძანების საფუძველზე 2014 წლის 4 მარტიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალის ... თანამდებობაზე და თანამდებობრვი სარგო განესაზღვრა თვეში 460 ლარის ოდენობით. დანიშვნის საფუძველი იყო ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს №148 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები.

სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 30 ივლისის №375/კ ბრძანებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალის ... მ. ქ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2014 წლის 2 მაისიდან. გათავისუფლების საფუძვლად მიეთითა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტი, ,,საქართველოს იუტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს №148 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის იუსტიციის სახლის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 28 თებერვლის №139/ს ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის 32-ე მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის პირველი პუნქტისა და მე-8 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიიჩნევა სადავო სამართალურთიერთობის იმმანენტური ბუნების გამო, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამართალურთიერთობის ხასიათს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი შეიცავს ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს (ტაქსაცია). ამდენად, კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული (ენუმერაცია). ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მესამე ნაწილის დებულება იმის შესახებ, რომ საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული დავა, ასახავს განსჯადობის გარეგან ნიშანს. სამართალურთიერთობის კუთვნილების გარეგანი ნიშანი ეხება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ადგილს კანონმდებლობაში.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მ. ქ-ის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის იუსტიციის სახლის თბილისის ... თანამდებობაზე დანიშვნა მოხდა სსიპ იუსციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალოების შემსრულებლის 2014 წლის 4 მარტის №152/ს ბრძანებით ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს №148 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სსიპ-ში დასაქმებული პირი არ არის საჯარო მოხელე. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, საჯარო სამსახური არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში (1.1 მუხ.), სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება არის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება (2.1 მუხ.). ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს №148 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ დებულების შესაბამისად, იუსტიციის სახლს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული სახელმწიფო დაწესებულებების ჩამონათვალი, რომლებშიც საქმიანობა საჯარო სამსახურად ჩაითვლება, არ შეიცავს მითითებას საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსჯადობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებული სამოქალაქო საქმე, რის გამოც იგი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან, სარჩელით მოთხოვნილია საჯარო მოსამსახურისათვის ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, რომელსაც არეგულირებს ადმინისტრაციული კანონმდებლობა, კერძოდ, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი მოცემული დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი. ის გარემოება რომ მ. ქ-ი მუშაობდა სსიპ იუსტიციის სახლში არ ცვლის განსჯადობის წესს, ვინაიდან, მ. ქ-ი არ წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდებოდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. ამასთან, იგი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულების 2014 წლის 30 ივლისის #375/კ ბრძანებით საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (იხ. ს.ფ. 22) კონკრეტულ შემთხვევაში, ის გარემოება, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახორციელებდა საჯარო საქმიანობას ასევე არ ცვლის განსჯადობის წესს. ვინაიდან, მოცემული დავა უკავშირდება არა სსიპ-ის საქმიანობას, არამედ მისი მუშაკის შრომით ურთიერთობას. სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნები დაფუძნებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მატერიალურ ნორმებზე - 317-ე და 976-ე მუხლებზე და დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხის - მ. ქ-ისათვის ხელფასის სახით ზედმეტად გადახდილი თნახის უკან დაბრუნება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომიდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან. სასარჩელო მოთხოვნები მთლიანად დაფუძნებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მატერიალურ ნორმებზე და დავის საგანს წარმოდგენს უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული შემოსავლის ანაზღაურება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, რომ დავა განსჯადობით სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ქვემდებარეა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ იუსტიციის სახლის სარჩელი მოპასუხე მ. ქ-ის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე