საქმე ბს-508-501(გ-15) 15 დეკემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: ვასილ როინიშვილი (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა შპს „...“ სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „...“ 02.06.2015 წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 17.04.2014 წლის N14/5 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2008 წლის 23 სექტემბერს აბონენტ გ. ბ-ის მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები. 2008 წლის 13 ნოემბერს გ. ბ-ი სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და შეუფარდა ადმინისტრაციული სახდელი გაფრთხილება. სემეკის 2014 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით აბონენტი გ. ბ-ი გათავისუფლდა შპს „...“ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისაგან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 ივნისის განჩინებით აღნიშნული საქმე განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული სარჩელი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია, რადგან მოცემული დავის საგანი არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მატერიალური თვალსაზრისით შემოწმებას ექვემდებარება კერძოსამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობის კუთხით, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმების მიხედვით. სასამართლომ მიიჩნია, რომ დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ვინაიდან დავის საგანი წარმოშობილია კერძოსამართლებრივი ურთიერთობიდან. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ უნდა შეფასდეს ბუნებრივი გაზის მოწოდების თაობაზე ბუნებრივი აირის განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ხელშეკრულების არსებობის, მომხმარებლის მიერ საკუთარი ვალდებულებების შესრულების არსებობის, მომხმარებლის მიერ საკუთარი ვალდებულებების შესრულებისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების კანონიერების საკითხი. წარმოდგენილი სარჩელი მიეკუთნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კატეგორიას, შესაბამისად მოცემული დავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებით - მხოლოდ ის გარემოება, რომ განსახილველ დავაში მონაწილეობს ადმინისტრაციული ორგანო, ვერ შეცვლის დავის კერძო სამართლებრივ ხასიათს და ვერ განაპირობებს მის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 ივლისის განჩინებით, შპს „...“ სარჩელი, განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად, საქმე გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სამოქალაქო საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებას განსჯადობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ეროვნული საკანონმდებლო ნორმებიდან გამოდინარე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს კანონის საფუძველზე შექმნილ საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელ კოლეგიური მართვის ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც კანონმდებლობით მინიჭებული აქვს დამატებითი საჯარო უფლებამოსილება გადაწყვიტოს მის რეგულირებას დაქვემდებარებულ საწარმოებს, ასევე ამ საწარმოებსა და მომხმარებელს შორის არსებული დავები. აღნიშნული დავები განიხილება საჯარო მოსმენის წესით და საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც საჩივრდება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში ადმინისტრაციული წესით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26-ე მუხლის მესამე ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ შპს „...“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში სადავოა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 17.04.2014 წლის N14/5 გადაწყვეტილება, მოსარჩელე მოითხოვს მის ბათილად ცნობას. ამდენად, განსჯადობის საკითხის გარკვევა საჭიროებს ამ აქტის და მისი გამომცემი ორგანოს სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სტატუსის გარკვევას.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მეორე მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოსგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა სახის საჯარო საქმიანობას. აღსანიშნავია, რომ „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით ეროვნული მარეგულირებელი ორგანო არის სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან და მოქმედებს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. ამდენად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
ლიცენზიანტებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 06.03.2014 წ. N6 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებით“ გათვალისწინებულ კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას, ხოლო ამ ფუნქციის განსახორციელებლად ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრებული დარიცხვის კანონიერების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის უფლებამოსილების ფარგლები, აქტის ფორმალური კანონიერების დადგენა დავის განხილვის არსებით საკითხთა სფეროს განეკუთვნება, ცდება განსჯადობასთან დაკავშირებული დავის საზღვრებს და არ მოქმედებს განსახილველი დავის განსჯადობაზე. სასამართლოებს შორის განსჯადობაზე დავის გადაწყვეტა არ გულისხმობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სემეკ-ის უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემის დადგენას, მიღებული აქტის მატერიალური კანონიერების დადგენას, აღნიშნული საქმის არსებითი განხილვის შედეგად გადასაწყვეტი საკითხია (ამავე საკითხზე იხ. სუსგ Nბს-249-245(გ-15)).
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს „...“ სარჩელი განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-2 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ემუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „...“ სარჩელი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე