Facebook Twitter

საქმე ბს-553-546 (გ-15) 03 დეკემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

ლევან მურუსიძე

მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე–3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოქალაქე მ. ს-ის სარჩელთან დაკავშირებით დავა, მოპასუხე სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მიმართ, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ს-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მიმართ და მოითხოვა სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს 28.11.14წ. №2 ოქმისა და სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს სხდომის 26.01.15წ. №8 ოქმის ბათილად ცნობა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს 28.11.14წ. №2 ოქმის შედგენისას დაირღვა მისი გამოცემის წესი, ვინაიდან სხდომაზე კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანის ნაცვლად მონაწილეობა მიიღო არაუფლებამოსილმა პირმა. ამით დაირღვა სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების 21-ე მუხლის მოთხოვნა. აკადემიური საბჭოს წევრს არ აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობაში, სხდომაზე საკითხის გატანის უფლებამოსილება შეადგენს დეკანის ფუნქციას. სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს სხდომის 26.01.15წ. №8 ოქმთან დაკავშირებით მოსარჩელემ აღნიშნა, რომ კონკურსანტის შეფასების ფორმაში მითითებულია, რომ კონკურსანტს არ ჩაეთვალა პროფილის შესაბამისი საშემსრულებლო მოღვაწეობა 2012 წლიდან, კონკურსანტის შეფასების ფორმაში არ არის მითითებული რამდენად შეფასდა ძირითად კრიტერიუმებში მითითებული პოზიციები და როგორ იქნა დათვლილი ქულათა რაოდენობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.05.2015წ. განჩინებით მ. ს-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 111 მუხლის თანახმად, ამ კანონის 29-32-ე მუხლების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, გარდა იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, რომელიც ეწევა კულტურულ, საგანმანათლებლო ან რელიგიურ საქმიანობას. აღნიშნულიდან გამომდინარე საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ ასისტენტ-პროფესორის სამსახურში მიღების კონკურსი არ ჩატარებულა ადმინისტრაციული კანონმდებლობის - „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად. კონკურსის ჩატარების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 07.07.14წ. №05/90 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდება. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ ჩათვალა, რომ დავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით არის განსახილველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.07.15წ. განჩინებით მ. ს-ის სარჩელი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-6, მე-8, მე-10 მუხლებზე, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-3 და მე-16 მუხლებზე, სამოქალქო საპროცესო კოდექის მე-11 მუხლზე და აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარე - სსიპ ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია არის ის საგამონაკლისო საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელზეც ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 111 მუხლის მოთხოვნები. სასამართლომ აღნიშნა, რომ დავის საგანი გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, მოპასუხე დაწესებულება ნამდვილად არის ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო სადავოდ ქცეული და გარკვეული სამართალურთიერთობების მომწესრიგებელი გადაწყვეტილებანი შეიცავენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლით რეგულირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ელემენტებს. შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ დავა ადმინისტრაციული წარმოების წესით უნდა განხილულიყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26-ე მუხლის მესამე ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ მ. ს-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე წარმოშობილ დავებს. განსახილველ შემთხვევაში დავა ეხება საგნობრივ განსჯადობას. შესაბამისად, შეფასებას საჭიროებს მოსარჩელესა და სსიპ ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო სამართალურთერთობის საჯარო-სამართლებრივი ხასიათი არ გამოირიცხება იმით, რომ კონკურსი არ ჩატარებულა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის საფუძველზე. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 111 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 29-32-ე მუხლების მოქმედება (აღნიშნული მუხლები ეხება კონკურსის წესით დანიშვნის საკითხებს) ვრცელდება აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, გარდა იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, რომელიც ეწევა კულტურულ, საგანმანათლებლო ან რელიგიურ საქმიანობას და ეროვნულ მარეგისტრირებელ ორგანოსთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის დანიშვნის წესისა. აღნიშნული დანაწესი არ გამორიცხავს მითითებული სფეროების სპეციალურ საჯარო-სამართლებრივ მოწესრიგებას, მათ შორის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონით, ასევე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 07.07.14წ. N05/90 ბრძანებით დამტიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდებით". ხსენებული აქტები ადმინისტრაციული კანონმდებლობის სფეროთია მოცული, მათი რეგულაციის სივრცეში წარმოშობილი სამართალურთიერთობა საჯარო-სამართლებრივია. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 29.2 მუხლის საფუძველზე მიღებული საქართველოს მთავრობის 18.06.14წ. =412 დადგენილება, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესი“ ვრცელდება დადგენილების ამოქმედების შემდეგ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცხადებულ საჯარო კონკურსზე. ის გარემოება, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 29-32-ე მუხლები, რომლებიც აწესრიგებენ კონკურსის ჩატარების წესებს, არ ვრცელდება ყველა საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, არ გამორიცხავს მოცემულ სადავო სამართალურთიერთობას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი სივრციდან, არ ცვლის დავის საგნობრივ განსჯადობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონი ახდენს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პერსონალის კლასიფიკაციას აკადემიურ, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალად (32-ე მუხ.). კანონი ადგენს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ვაკანსიის დაკავების ერთიან წესებს, აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების აუცილებელ პირობად კანონი ადგენს ღია კონკურსს (34-ე მუხ.), ხოლო დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღებისა და სამსახურიდან გათავისუფლების უფლებამოსილებას ანიჭებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელიც ამ უფლებამოსილებას ახორციელებს შრომითი კანონმდებლობის საფუძველზე. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 34.3 მუხლის თანახმად, კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. ამდენად, უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალდებულია კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით აკადემიური თანამდებობის ვაკანსიის დასაკავებლად ჩაატაროს კონკურსი, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსის ჩატარების შედეგად აკადემიურ პერსონალთან იდება შრომითი ხელშეკრულება, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი საკონკურსო პროცედურის რეგლამენტაცია, კონკურსის შედეგად აკადემიური პერსონალის შერჩევა და დანიშვნა ხდება არა შრომის კანონმდებლობის, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობით, კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 07.07.14წ. N05/90 ბრძანებით დამტიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდებით". „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის 24.12.13წ. №358 დადგენილების შესაბამისად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 07.07.14წ. N05/90 ბრძანებით დამტიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების" 27.1 მუხლის თანახმად, აკადემიური თანამდებობის დაკავება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. წესდების 8.1 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ადგენს აკადემიურ საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. ამდენად, მოცემული სადავო სამართალურთიერთობა მოსარჩელესა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას შორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივია, სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას საქმის განსახილველად ადმინისტრაციული კოლეგიისათვის გადაცემის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის რეგულაციების შესაბამისად, მოპასუხე დაწესებულება ნამდვილად წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის პროცესში აქტები გამოიცემა ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. დავის გადაწყვეტა საჭიროებს აქტების ადმინისტრაციული კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო ურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, რაც სასკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით არის დავის ადმინისტრაციული საქმეების კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველი. სასკ-ის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საქმე უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს აღნიშნული საქმე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. ს-ის სარჩელი განსახილველად განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ს-ის სარჩელი სსიპ ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მიმართ განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე