საქმე №ბს-210-206 (კ-15) 21 იანვარი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა: ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა აჭარის ა/რ ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების საბჭოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.2014წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო. შ-ემ 10.01.2014წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს აჭარის ა/რ ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების საბჭოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 13.12.2013 წ. №01-19/963 ბრძანების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების საბჭოს 21.11.2013 წ. №19 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 12.06.2014 წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა. რ. ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების საბჭოს 2013 წლის 21 ნოემბრის №19 გადაწყვეტილება და ქობულეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ხელმძღვანელის - საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 13 დეკემბრის №01-19/963 ბრძანება. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს, აჭარის ა.რ. ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების საბჭოს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ო. შ-ის განცხადებაზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ..., საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის რეკონსტრუქციის სამშენებლო მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების პროექტის დამტკიცების თაობაზე. მოპასუხეებს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას და საკრებულოს დაეკისრათ მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 50 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა აჭარის ა/რ ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების საბჭოს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.2014წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა აჭარის ა/რ ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების საბჭოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების საბჭოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აჭარის ა/რ ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების საბჭოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აჭარის ა/რ ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების საბჭოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.2014წ. განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი