#ბს-262-258(კ-15) 21 იანვარი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლისა და 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2012 წლის 27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, შპს „ნ...“ და შპს „ნი...“ უძრავ-მოძრავ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 იანვრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო შპს „ნ...“ (ს/კ ...) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. მცხეთა, სოფელი ... (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №... ფართობი 44 578 კვ.მ); შპს „ნ...“ წილებს შემდეგ საწარმოებში: შპს „ნი...“ (ს/კ ...) – 50 %; შპს „ლ...“ (ს/კ ...) – 100%; შპს „გ...“ (ს/ნ ...) – 100 %; ასევე ყადაღა დაედო საბანკო დაწესებულებებში (სს „ბ...“, სს „ლ...“, სს „ბ...“, სს „პ...“, სს „კ...“, სს „თ...“, სს „ს...“) გახსნილ შპს „ნ...“ საბანკო ანგარიშებს; შპს „ნ...“ მოძრავ ქონებას; შპს „ნი...“ მოძრავ ქონებას (საბანკო ანგარიშების გარდა).
2013 წლის 8 იანვარს სსიპ შემოსავლების სამსახურმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - შპს „ნ...“ და შპს „ნი...“ მიმართ.
მოსარჩელემ შპს „ნ...“ და შპს „ნი...“ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა.
2013 წლის 4 თებერვალს სსიპ შემოსავლების სამსახურმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას აღსრულების საშუალების შეცვლის შესახებ იმგვარად, რომ შპს „ნი...“ მიმართ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღა არ ყოფილიყო გამოყენებული სამეწარმეო საქმიანობისთვის აუცილებელ ნედლეულზე, სარეალიზაციო მზა პროდუქციასა და ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 აპრილის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 15 მაისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწალობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 აპრილის განჩინება და საქმე შპს „ნი...“ მოძრავი ქონების ნაწილზე ყადაღის გაუქმების შესახებ შუამდგომლობის ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 ივნისის საოქმო განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ყადაღა მოეხსნა შპს „ნი...“ მოძრავ ქონებას - სამეწარმეო საქმიანობისათვის აუცილებელ ნედლეულს, მზა პროდუქციასა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი მოპასუხეების - შპს „ნ...“ და შპს „ნი...“ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 იანვრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს „ნ...“ და შპს „ნი...“ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.
2015 წლის 24 სექტემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას სარჩელის გამოხმობის თაობაზე.
2015 წლის 29 დეკემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შპს „ნ...“ და შპს „ნი...“ მიმართ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას და მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლი აპელანტს ანიჭებს საპროცესო უფლებას უარი თქვას მის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე. მითითებული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური უარს ამბობს საკასაციო საჩივრის განხილვაზე, შესაბამისად, აღნიშნული გარემოება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება. ამასთან, კასატორს უნდა განემარტოს, რომ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 378-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;
3. მხარეს განემარტოს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი