Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

Nბს-29-28 (კ-16) 29 იანვარი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ს. ა. ო-ა

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

მესამე პირი - ო. ა. ო-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. ა. ო-ამ და მ. ს. ო-ამ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს 2014 წლის 14 აგვისტოს და მოითხოვეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის 1 აგვისტოს №04/01-09/18246 გადაწყვეტილების, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად ცნობა და თავშესაფარის მინიჭება და მოპასუხის დავალდებულება ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ჩაბმული იქნა ო. ა. ო-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. ა. ო-ასა და მ. ს. ო-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ს. ა. ო-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივლისის განჩინებით ს. ა. ო-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

აღნიშნული განჩინება ს. ა. ო-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ა. ო-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ლტოლვილის სტატუსის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან, შეწყვეტასთან ან გაუქმებასთან ან თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით საქმის წარმოების წესს არეგულირებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII6 თავი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2125-ე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებდა მითითებულ დავაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას.

ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 2125 მუხლში 2015 წლის 17 ივლისს შეტანილი ცვლილების შესაბამისად, ლტოლვილის სტატუსის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან, შეწყვეტასთან ან გაუქმებასთან ან თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებულ დავებზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. აღნიშნული კანონი ძალაში 2015 წლის 29 ივლისს შევიდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.

მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი ადმინისტრაციული საქმე საკასაციო სასამართლოში 2016 წლის 21 იანვარსაა შემოსული, საკასაციო საჩივარი კი, თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილია 2015 წლის 31 დეკემბერს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 2125 მუხლით უნდა იხელმძღვანელოს. ვინაიდან ამ ნორმის საფუძველზე, ამ ტიპის დავებზე საკასაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება, ს. ა. ო-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 2125 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. ა. ო-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი