Facebook Twitter

ბს-297-293 (კ-15) 28 იანვარი, 2016 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.02.15წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. მ-ემ 02.12.2013წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხების: ქ. ქუთაისის მერიის და ქ. ქუთაისის საკრებულოს, მესამე პირის ნ. კ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 18.10.2013წ. №1325 ბრძანების და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის კ. ლ-ის 01.11.2013წ. №3495 ,,კ’’ ბრძანების ბათილად ცნობა, ... სამსახურის ... თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 04.02.2014წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. მ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.2014წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა კ. მ-ის მიერ.

უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.10.14წ. განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.14წ. განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.02.2015წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 04.02.2014 წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა კ. მ-ის სარჩელი ქ.ქუთაისის მერიის ... სამსახურის ... თანამდებობიდან კ. მ-ის გათავისუფლების შესახებ ქ.ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 01.11.2013წ. №3495 ”კ” ბრძანების ბათილად ცნობის და იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი ქ.ქუთაისის მერიის ... სამსახურის ... თანამდებობიდან კ. მ-ის გათავისუფლების შესახებ ქ.ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 01.11.2013წ. №3495 „კ” ბრძანება, ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა კ. მ-ეს აუნაზღაუროს იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არაუმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, დანარჩენ ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 04.02.2014 წ.

გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.02.2015წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.02.15წ. გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი