Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

103აპ-09 23 ივლისი, 2009 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე,

იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ი. შ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც გ. მ-ის ძე კ-ე და კ. ზ-ის ძე რ-ე ცნობილ იქნენ ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში, რისთვისაც მათ სასჯელად განესაზღვრათ 7-7 (შვიდ-შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ავტომანქანა ,,ვაზ-…...», სახელმწიფო ნომრით ,,…... «, დაუბრუნდა მის კანონიერ მფლობელს.

გ. კ-სა და კ. რ-ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვათ: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან;

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. კ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ი. შ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.