ბს-395-389 (2კ-15) 21 იანვარი, 2016 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შპს „ს...“ და შპს „...“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.15წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბმა „...“ 27.01.14წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მესამე პირების: შპს „ს...“ და შპს „...“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: 1. შპს ”რ...” სახელზე თბილისში, ... ქუჩა №19-ში მდებარე უძრავი ქონების (55 კვ.მ.) რეგისტრაციის შესახებ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 27.12.2013წ. №882013496881-13 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 2. შპს ”რ...” სახელზე თბილისში, ... ქუჩა №19-ში მდებარე უძრავი ქონების (707 კვ.მ.) რეგისტრაციის შესახებ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 27.12.2013წ. №882013496886-13 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 3. შპს ”...” სახელზე თბილისში, ... ქუჩა №19-ში მდებარე უძრავი ქონების (431,42 კვ.მ.,) რეგისტრაციის შესახებ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 27.12.2013წ. №882013496863-13 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 03.10.2014წ გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 27.12.2013წ. №882013496881-13, №882013496886-13 და №882013496863-13 გადაწყვეტილებები, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, შპს „ს...“ და შპს „...“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.15წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, შპს „ს...“ და შპს „...“.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს „ს...“ და შპს „...“ საკასაციო საჩივარში მითითებული სუს ბს-180-173 (კ-13) 28.01.2014წ. გადაწყვეტილება ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი, ვინაიდან მითითებული განჩინება განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებზეა დაფუძნებული. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ქ. თბილისში, ... ქუჩა №19-ში შექმნილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, რაც ასახულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებაში (ტ.1. ს.ფ. 19-25). მითითებულ წესდების ზოგად დებულებებში აღნიშნულია, რომ ამხანაგობა ჩამოყალიბებულია „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით. შესაბამისად, უძრავი ქონების განკარგვის შემთხვევაში „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დანაწესის შესრულება (თანხმობის სავალდებულობა, მე-10 მუხ.) დადგენილია წესდებით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება განსხვავებულია საკასაციო საჩივარში მოყვანილი საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისაგან. ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ უკეთუ ქ. თბილისში, ... ქუჩა №19-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეებზე არ გავრცელდება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი, საერთო საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა მაინც საჭიროებდა სხვა თანამესაკუთრეთა თანხმობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი თანასაკუთრებაში არსებული საკუთრების განკარგვისთვის დადგენილი წესების შესაბამისად (სსკ-ის173.1 მუხ.).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შპს „ს...“ და შპს „...“ საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 15.07.2015წ. №19423 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი. შპს „…“ (ს/კ …) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 13.05.2015წ. №1326 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი. შპს „ს…“ სრულად დაუბრუნდეს მის მიერ 13.05.2015წ. №1325 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შპს „ს…“ და შპს „…“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.15წ. განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 15.07.2015წ. №19423 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი. შპს „ს…“ (ს/კ …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 13.05.2015წ. №1326 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი. შპს „ს...“ სრულად დაუბრუნდეს მის მიერ 13.05.2015წ. №1325 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი