Facebook Twitter

ბს-565-558(კ-15) 28 იანვარი, 2016წ.

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.07.2015წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” აღმასრულებელი საბჭოს 24.03.2015წ. გადაწყვეტილებით რ.გ-ის განცხადება ასოციაციაში გაწევრიანების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღმასრულებელმა საბჭომ მიიჩნია, რომ ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნა (ადვოკატის ტესტირების გავლის დამადასტურებელი მოწმობა ძალას კარგავს თუ პირი ტესტირების გავლიდან 7 წლის განმავლობაში არ დაიწყებს საადვოკატო საქმიანობას) უნდა გავრცელდეს იმ პირებზეც, რომლებიც პროკურატურის მუშაკთა ან მოსამართლეთა გამოცდის საფუძველზე აპირებს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებას. საბჭომ მიუთითა, რომ მნიშვნელობა არა აქვს რა ვადაში კარგავს სერთიფიკატი ძალას ანდა საერთოდ ვადიანია თუ უვადოა იგი, კანონი არა სერთიფიკატის ვადის გასვლაზე უთითებს, არამედ მოთხოვნაზე, რომ პირს საადვოკატო საქმიანობა უნდა დაეწყო ტესტირების ჩაბარებიდან 7 წლის განმავლობაში. რ.გ-ის მიერ პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან (07.12.03წ.) საადვოკატო საქმიანობის დაწყების 7-წლიანი ვადა 07.12.10წ. დასრულდა. რ.გ-ის მიერ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან (07.10.06წ.) 7 წელი 07.10.13წ. გავიდა. ის გარემოება, რომ რ.გ-ს აქვს საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება (08.11.05წ. – 09.01.15წ.წ.), მინიჭებული აქვს იუსტიციის უმცროსი მრჩევლის (30.12.05წ.) და იუსტიციის მრჩევლის (25.12.09წ.) სპეციალური წოდებები, საბჭოს აზრით არ არის ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-10 მუხლით დაწესებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველი, რადგანაც კანონის 11.11 მუხლის თანახმად ადვოკატთა ტესტირების (ან მასთან გათანაბრებული გამოცდის) ჩაბარებიდან პირი ადვოკატთა ასოციაციაში 7 წლის განმავლობაში უნდა გაწევრიანებულიყო. თუ კანონის ეს მოთხოვნა არ გავრცელდება პროკურორებზე და მოსამართლეებზე, ადვოკატები აღმოჩნდებიან აშკარა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში და ადვოკატთა მიმართ დაირღვევა ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის” მე-14 მუხლი, ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის და ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები. საბჭომ აღნიშნა, რომ რ.გ-ს შეეძლო მიემართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსთვის გაწევრიანების მოთხოვნით გამოცდის ჩაბარებიდან 7 წლის ვადაში და ამავდროულად უნდა მიეთითებინა, რომ ის არის საჯარო მოხელე და, ასეთ შემთხვევაში გაწევრიანებასთან ერთად მას შეუჩერდებოდა ასოციაციის წევრობა. განმცხადებელს ასეთი მოთხოვნით ასოციაციისათვის არ მიუმართავს. ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნები არ იქნა დაცული, რ.გ-ს შეუძლია ხელახლა ჩააბაროს გამოცდა, რის შემდეგ მიმართოს ასოციაციას გაწევრიანების მიზნით.

03.04.15წ. =5938 წერილით რ.გ-ს ეცნობა, რომ 24.03.15 წ. გადაწყვეტილებით მისი განცხადება ასოციაციაში გაწევრიანების შესახებ არ დაკმაყოფილდა. წერილში მოყვანილ იქნა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ოქმის ამონაწერის ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა რ.გ-ის გაწევრიანებაზე უარის თქმას.

რ.გ-მა 03.04.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ მიმართ რ.გ-ის გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს 03.04.2015წ. =5938 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების (რ.გ-ის გაწევრიანებაზე უარის თქმის ნაწილში) ბათილად ცნობის და მოპასუხისათვის რ.გ-ის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ აკმაყოფილებს ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნებს, აღმასრულებელ საბჭოს თავისი გადაწყვეტილება არ უნდა დაეფუძნებინა ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მე-11 პუნქტზე, რომელშიც საუბარია მხოლოდ ადვოკატთა ტესტირებაზე. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში კანონის ანალოგიის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ანალოგიის გამოყენების შემთხვევაშიც კი, ადვოკატურის ტესტირების დამადასტურებელი სერთიფიკატის მსგავსად, პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის სერთიფიკატის ძალის 7 წლიანი ვადა არ ვრცელდება იმ პერიოდზე, როდესაც პირი სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.2015წ. გადაწყვეტილებით რ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” აღმასრულებელი საბჭოს 24.03.2015წ. საოქმო გადაწყვეტილება რ.გ-ის ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას“ დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ.გ-ის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების თაობაზე. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ რ.გ-ი გამოცდის ჩაბარებიდან 7 წლის განმავლობაში უნდა გაწევრიანებულიყო ასოციაციაში. სასამართლომ მიუთითა, რომ რ.გ-ი 2005 წლის ნოემბრიდან 2015 წლის იანვრამდე უწყვეტად მუშაობდა პროკურატურის სისტემაში სპეციალობით, სხვადასხვა თანამდებობებზე. ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონით ტესტირებისა და ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების სავალდებულობის დადგენა ემსახურება საადვოკატო საქმიანობის კვალიფიციური, შესაბამისი ცოდნის და კვალიფიკაციის მქონე იურისტის მიერ განხორციელების მიზანს. სასამართლომ აღნიშნა, რომ თუკი პირის მიერ ადვოკატის ტესტირების გავლით (ან გამოცდის ჩაბარებით) და ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებით უზრუნველყოფილია ხსენებული მიზნის მიღწევა, დაუშვებელი და დისკრიმინაციულია იმის მტკიცება, რომ იგივე მიზანი ვერ მიიღწევა იმ შემთხვევაში, როდესაც პირი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ ხდება არა ადვოკატთა ასოციაციის, არამედ პროკურატურის მუშაკი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.04.15წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ მიერ. აპელანტმა აღნიშნა, რომ რ.გ-ი სარჩელით ითხოვდა 03.04.15წ. =5938 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. სასამართლომ არ დააზუსტებინა მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნა, სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვდა 03.04.15წ. =5938 ოქმით მღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. გადაწყვეტილება გამოტანილია სსკ-ის 248-ე და 249.3 მუხლების მოთხოვნების დარღვევით. აღნიშნულის საფუძველზე აპელანტმა მოითხოვა საქალაქო სასამართლოს 28.04.15წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.07.2015წ. განჩინებით სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.15წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ გაანალიზა რა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მთლიანობაში და მისი შემადგენელი ნაწილები ცალ-ცალკე, მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუშვა ტექნიკური ხასიათის უსწორობები, რაც არ შეიძლება გახდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ასოციაციის 03.04.15წ. =5938 წერილზე, რომელიც შეიცავს ამონაწერს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 24.03.15წ. სხდომის ოქმიდან, თავად ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 24.03.15წ. საოქმო გადაწყვეტილებაზე და მიუთითა, რომ აღნიშნული დოკუმენტები შინაარსობრივად იდენტურია. ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონის 23.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის, 26.7 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ პირის გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერი ვალდებულება გააჩნია მხოლოდ ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს. სამართლებრივი შედეგი დადგა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 24.03.15წ. საოქმო გადაწყვეტილებით, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა ასოციაციაში გაწევრიანებაზე. პალატის მოსაზრებით, მოცემულ დავაში ცხადი და ნათელია მოთხოვნის შინაარსი, რის გამოც უსაფუძვლოა აპელანტის მოსაზრება სსკ-ის 248-ე მუხლის დარღვევის შესახებ. მხარისათვის დადგა ზუსტად ის შედეგი, რასაც ის მოითხოვდა. პალატამ მიიჩნია, რომ მიუხედავად ტექნიკური ხარვეზით ფორმულირებული სასარჩელო მოთხოვნისა, გონივრული დაკვირვების და შეფასების გზით მოსარჩელის მოთხოვნის დადგენა სასამართლოს მიერ სრულიად შესაძლებელი იყო, ხოლო ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის ფარგლებში არ გამოიყენა სსკ-ის 83-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება და არ დააზუსტებინა მოსარჩელეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები, არ არის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. პალატამ მიუთითა, რომ ტექნიკური ხასიათის შეუსაბამობა დაფიქსირებული გადაწყვეტილების სარეზოლიუციო ნაწილის გამოცხადების ეტაპზე, უკავშირდება ტექნიკური ხარვეზით ფორმულირებულ სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულ იქნა გასაჩივრებული აქტის სწორი რეკვიზიტები. მითითებული უსწორობანი წარმოადგენდა სსკ-ის 260-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად განჩნების გამოტანის გზით გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საფუძველს. თუმცა აღნიშნული პალატის აზრით არ ქმნის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

უსაფუძვლობის გამო არ იქნა გაზიარებული აგრეთვე აპელანტის მოსაზრება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია თანასწორობის პრინციპი, გამოავლინა მიკერძოებული და დისკრიმინაციული მიდგომა ასოციაციის მიმართ. პალატამ აღნიშნა, რომ ადგილი არ ჰქონდა სასარჩელო მოთხოვნის შინაარსისა და დავის საგნის ფაქტობრივი საფუძვლების შეცვლას, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის დადგა ზუსტად ის შედეგი, რასაც ის მოითხოვდა. პალატამ აპელანტის ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნა გასაჩივრებული აქტის უკანონობაზე, მას სადავოდ არ გაუხდია და ობიექტური შეფასებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად დასაბუთებული და საფუძვლიანია, რაც კიდევ უფრო აზრს მოკლებულს ხდის მის კრიტიკას ფორმალური უსწორობის მიზეზით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.07.2015წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მხოლოდ აღმასრულებელი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ასოციაციაში გაწევრიანებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში დადგენილ ვადაში. აღნიშნულის მიუხედავად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკითხი ეხება ტექნიკური ხარვეზით ფორმულირებულ სასარჩელო მოთხოვნას. პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ტექნიკური ხასიათის შეუსაბამობაა დაფიქსირებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების ეტაპზე, რაც უკავშირდება ტექნიკური ხარვეზით ფორმულირებულ სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულ იქნა გასაჩივრებული აქტის სწორი რეკვიზიტები. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ ვერ მოახდინა გადაწყვეტილების შემოწმება, მხედველობაში არ მიიღო საქმის როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი გარემოებები. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მიეთითა, რომ რ.გ-ის მიერ გასაჩივრდა ასოციაციის 03.04.2015წ. =5938 წერილი, რომელიც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას ბათილად იქნა ცნობილი. სააპელაციო სასამართლოს ლოგიკის მიხედვით 03.04.15წ. =5938 წერილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, ისევე როგორც ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 24.03.15წ. საოქმო გადაწყვეტილება. კასატორი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ე.წ. ტექნიკური შეცდომა არ შემოიფარგლება მხოლოდ სხვადასხვა რეკვიზიტების მითითებით. საინფორმაციო წერილის ბათილად ცნობასა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას შორის არსებითი სხვაობაა, ვინაიდან ერთ-ერთის ბათილად ცნობის შემთხვევაში სულ სხვა სამართლებრივი შედეგი დგება. ამ გარემოების გათვალისწინებით კასატორი თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უგულებელჰყო საკუთარი გამოცხადებული გადაწყვეტილება და დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში სულ სხვა რამ მიუთითა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქცია. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო საამართლომ უგულებელჰყო თანასწორობის უმნიშნელოვანესი პრინციპი. რ.გ-ი ითხოვდა 03.04.15წ. წერილის ბათილად ცნობას, მოთხოვნა არ იქნა დაზუსტებული არც მოსარჩელისა და არც სასამართლოს მიერ, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას სასამართლომ ბათილად ცნო 03.04.15წ. გადაწყვეტილება, ამის საწინააღმდეგოდ მხარისათვის ჩაბარებული დასაბუთებული გადაწყვეტილებაში ბათილად იქნა ცნობილი სრულიად სხვა გადაწყვეტილება, რომელზეც დავა საერთოდ არ მიმდინარეობდა. სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ მიკერძოებული და დისკრიმინაციული გადაწყვეტილების გამოტანით დაარღვია სსკ-ის 248-ე და 249-ე მუხლების მოთხოვნები. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილებაში დაშვებული ფორმალური, ტექნიკური ხასიათის უსწორობები არ წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ საფუძველს, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის ფარგლებში არ გამოიყენა სსკ-ის 83-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება. კასატორი აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს 28.04.15წ. გადაწყვეტილებაში შეტანილი ცვლილება არ არის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების ეტაპზე ტექნიკური ხასიათის უსწორობა, სასამართლოს მიერ დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში შეტანილი ცვლილება სცილდება სსკ-ის 260-ე მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება ნიშნავს სასამართლოს მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომის გასწორებას და არა გადაწყვეტილებაში არსებითი სახის ცვლილების შეტანას (სუს განჩინება =ას-636-597-2011, 24.06.11წ.). მოცემულ შემთხვევაში სახეზეა გადაწყვეტილებაში არსებითი სახის ცვლილების შეტანა, ვინაიდან დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში იმავე გადაწყვეტილების ასახვის შემთხვევაში, რაც სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას დაფიქსირდა, მხარეებისათვის დადგებოდა სხვაგვარი სამართლებრივი შედეგი, რაც ადასტურებს პირელი ინსტანციის სასამართლოს მიერ უფლებამოსილების ფარგლების გაცდენას. მოსამართლე ვალდებული იყო დასაბუთებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოეყალიბებინა მანამდე გამოცხადებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად. ორი განსხვავებული სარეზოლუციო ნაწილებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის განმარტება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას არასწორია, სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა მოსარჩელის მოთხოვნის ირგვლივ. საქმის მასალების მიხედვით დღის წესრიგში არ დამდგარა უსწორობათა და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორების ან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი. სასამართლომ თვითნებურად შეცვალა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ისე, რომ არ მიიღო განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს 08.07.15წ. განჩინების გაუქმებას და რ.გ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

20.11.15წ. განცხადებით კასატორმა სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ მოითხოვა საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების მიხედვით რ.გ-ი სასარჩელო განცხადებაში, ასევე სასამართლო სხდომებზე ასაბუთებდა მის ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობას და მოითხოვდა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ასოციაციაში გაწევრიანების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. მოსარჩელის მიერ არასწორად იქნა მითითებული გასაჩივრებული აქტის რეკვიზიტები, სარჩელში აღინიშნა, რომ რ.გ-ი ითხოვს ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს 03.04.2015წ. =5938 საოქმო გადაწყვეტილების (რ.გ-ის გაწევრიანებაზე უარის თქმის ნაწილში) ბათილად ცნობას მაშინ, როდესაც გადაწყვეტილება აღმასრულებელი საბჭოს მიერ 24.03.2015წ. იქნა მიღებული, 03.04.2015წ. =5938 წერილით რ.გ-ს ეცნობა 24.03.2015 წ. გადაწყვეტილების შესახებ. 03.04.2015წ. წერილი იყო საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტი, კოლეგიური ორგანოს - ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს საოქმო გადაწყვეტილება რ.გ-ს ცალკე დოკუმენტის სახით არ ჩაბარებია, რ.გ-ის სახელზე გაგზავნილ 03.04.15წ. წერილში სრულად იყო გადატანილი რ.გ-ის ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს 24.03.2015წ. საოქმო გადაწყვეტილება.

საქალაქო სასამართლოს 28.04.15წ. სხდომაზე სსკ-ის 257.1 მუხლით დადგენილი წესით რ.გ-ის სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოცხადდა სათათბირო ოთახში გაუსვლელად, გამოცხადებული გადაწყვეტილებით რ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ 03.04.15წ. =5938 საოქმო გადაწყვეტილება რ.გ-ის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ ადვოკატთა ასოციაციას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ.გ-ის ასოციაციაში გაწევრიანების შესახებ. ამდენად, მოსარჩელემაც და სასამართლომაც არასწორად მიუთითეს სადავო აქტის რეკვიზიტები (24.03.15წ. გადაწყვეტილების ნაცვლად გამოცხადდა 03.04.15წ. =5938 გადაწყვეტილება). ვინაიდან რ. გ-ისათვის სამართლებრივი შედეგი დადგა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 24.03.2015წ. საოქმო გადაწყვეტილებით და არა წერილით, საჭირო იყო დავის საგნის დაზუსტება (სსკ-ის 83-ე მუხ.). გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ, ვინაიდან ტექნიკური ხასიათის შეუსაბამობა დაფიქსირებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების ეტაპზე, სასამართლოს უნდა მოეხდინა სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული მექანიკური შეცდომის გასწორების თაობაზე განჩინების მიღება (სსკ-ის 260-ე მუხ.), რადგან სახეზე იყო ხარვეზი, რომლის უსწორობის გასწორება შესაძლებელი იყო გადაწყვეტილების შინაარსის შეუცვლელად. ამასთანავე ადგილი არ აქვს სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევას, რომლის მიხედვით სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. სასკ-ის 281 მუხლის თანახმად სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე შინაარსობრივად მოითხოვდა სახელდობრ აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც მას უარი ეთქვა ასოციაციაში გაწევრიანებაზე, გადაწყვეტილებით დადგა ის შედეგი, რომელსაც მოსარჩელე ითხოვდა, კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს ერთი თვის ვადაში დაევალა მოსარჩელის ასოციაციაში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

სასამართლოს მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად გამოცხადდა მოსარჩელის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, ასოციაციას დაევალა ახალი აქტის გამოცემა. ამდენად, აქტის რეკვიზიტის არასწორი დასახელების მიუხედავად, დავის საგანს შეადგენდა გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, გაწევრიანების შესახებ აქტის გამოცემის დავალება და შესაბამისად სახეზეა მექანიკური, რედაქციული და არა არსებითი უსწორობა. სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ პირის გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს, მხოლოდ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონით განსაზღვრულ ერთთვიან ვადაში (,,ადვოკატთა შესახებ“ კანონის 21-ე მუხ.). რ.გ-ის ასოციაციაში გაწევრიანების საკითხზე არსებობს მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება - ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 24.03.15წ. გადაწყვეტილება, შესაბამისად სხვა აქტი ვერ გასაჩივრდებოდა მოსარჩელის მიერ. დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი სრულიად სხვა გადაწყვეტილება, რომელზეც დავა საერთოდ არ მიმდინარეობდა. ის გარემოება, რომ სარჩელი სასკ-ის 26-ე მუხლის საფუძველზე ცნობილ იქნა დასაშვებად და არსებითად იქნა განხილული, თავისთავად ადასტურებს იმას, რომ დავის საგანი იყო ასოციაციაში გაწევრიანების შესახებ ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება და არა წერილი, რომლითაც რ.გ-ს ეცნობა ამ გადაწყვეტილების შესახებ. საფუძველს არის მოკლებული კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ წერილის ბათილად ცნობის შემთხვევაში დადგებოდა სხვა სამართლებრივი შედეგი. წერილი ინფორმაციული ხასიათის დოკუმენტია, ის არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს, არ იკვეთება რაიმე უფლება ან კანონიერი ინტერესი, რომლის შელახვასაც იწვევდა წერილი, შესაბამისად წერილი ვერ იქნებოდა სასამართლო განხილვის საგანი, არ არსებობს მისი სასამართლოში გასაჩივრების რაიმე ინტერესი, წერილის სასამართლოში გასაჩივრება გამოიწვევდა არა მის ბათილად ცნობას, არამედ სარჩელის დაუშვებლად ცნობას.

სასარჩელო განცხადების ტექსტით დასტურდება, რომ მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა აღმასრულებელი საბჭოს საოქმო გადაწყვეტილების მის ნაწილში ბათილად ცნობა, რ.გ-ის მიმართ საბჭოს მიღებული აქვს მხოლოდ ერთი - 24.03.15წ. გადაწყვეტილება, რომლითაც რ.გ-ის განცხადება ასოციაციაში გაწევრიანების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღმასრულებელი საბჭოს გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების უფლებამოსილების გათვალისწინებით, არაზუსტი რეკვიზიტის მითითების მიუხედავად, სავსებით ნათელია, რომ მოსარჩელე მოითხოვდა გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, ამასთნავე, მოსარჩელის მოთხოვნა ამით არ შემოიფარგლებოდა, ის მოითხოვდა აგრეთვე ასოციაციაში გაწევრიანების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას, რაც დაკმაყოფილდა. მოსარჩელის გაწევრიანების თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალება თავისთავად გულისხმობდა გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ აქტის და არა წერილის ბათილად ცნობას. ის, რომ დავის საგანს შეადგენდა სახელდობრ გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება და არა ინფორმაციული წერილი ცხადად დასტურება სასარჩელო განცხადების შინაარსით. სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელე მართალია არასწორად აღნიშნავს გადაწყვეტილების რეკვიზიტს, მაგრამ ცხადად უთითებს, რომ დავის საგანი არის სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება, მოსარჩელე აზუსტებს აგრეთვე, რომ ასაჩივრებს ოქმის იმ ნაწილს, რომლითაც მას უარი უთხრეს ასოციაციაში გაწევრიანებაზე. მოსარჩელე სარჩელში არ ეთანხმებოდა ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილების დაფუძნებას ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მე-11 პუნქტზე და აღნიშნავდა, რომ მას წარდგენილი ჰქონდა ასოციაციაში გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა საბუთი, რის გამო აღმასრულებელი საბჭოს ოქმით მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელის აზრით არ შეესაბამება ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის დანაწესს. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასარჩელო განცხადების ტექსტიდან სავსებით ნათელია, რომ მოსარჩელის სამართლებრივი მოთხოვნა ეხება გაწევრიანებაზე უარის თქმას, მისი ასოციაციაში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილების მიუღებლობას. იმ მოსაზრების გაზიარება, რომ მოსარჩელე გააზრებულად მოითხოვდა არა ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, არამედ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შესახებ საინფორმაციო წერილის ბათილად ცნობას, გამოიწვევს სარჩელის შინაარსის, მასში მოყვანილი არგუმენტაციის სრულ იგნორირებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა მოსარჩელის უფლებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით ითვალისწინებს სხვადასხვა პროცესუალურ საშუალებებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი სარჩელის სახეების გამოყენება დამოკიდებულია იმ მიზანზე, რომელსაც ისახავს მოსარჩელე. სასკ-ის 23-ე მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელის დასაშვებობის, ხოლო 33-ე მუხლი მავალდებულებელი სარჩელის საფუძვლიანობის პირობებს. სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების თაობაზე (შეცილებითი სარჩელი, სასკ-ის 22-ე მუხ.) და სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით (მავალდებელი სარჩელი, სასკ-ის 23-ე მუხ.) განსხვავებულ მიზანს ისახავენ. სარჩელის ეს ორი სახეობა არის უფლების დაცვის ალტერნატიული საშუალებები. სარჩელის სახეობის შერჩევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მიზანს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების მოთხოვნის მიზანია აღმოფხვრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დამდგარი მდგომარეობა ანუ აღდგეს აქტის გამოცემამდე არსებული მდგომარეობა (სასკ-ის 22-ე მუხ.), მოსარჩელეს მოცემულ შემთხვევაში ასეთი მიზანი არ ჰქონდა. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელის მიზანია არსებული მდგომარეობის შეცვლა და მისთვის ხელსაყრელი მდგომარეობის მიღწევა სარჩელის დასაშვები სახეობაა – სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე (სასკ-ის 23-ე მუხ.). ასეთი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის შემთხვევაშიც სარჩელის მიზანი არის არა აქტის გამოცემაზე უარის გაუქმება, არამედ აქტის გამოცემა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიზანს შეადგენდა სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ გაწევრიანება, რაც მან არაერთგზის დაადასტურა საქმის განხილვის პროცესში. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ რ.გ-ი სასარჩელო განცხადებით მოითხოვდა არა მხოლოდ მის გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, არამედ აგრეთვე რ.გ-ის ასოციაციაში გაწევრიანების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას. ამდენად, სახეზეა სასკ-ის 23-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის სახეობა (სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე). მოთხოვნილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმისას, აქტის გამოცემის სასარჩელო მოთხოვნა უმეტესად იმავდროულად მოიცავს უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასაც, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს აღმჭურველი აქტის გამოცემის დავალებას, ორგანოს მოვალეობის შესრულების დავალებას. სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე უფრო მეტად დაკავშირებულია ნებართვის მოპოვებასთან, ამდენად აქტის გამოცემაზე უარის კანონიერების დასადგენად მოწმდება არა იმდენად უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი, არამედ აქტის გამოცემაზე მოსარჩელის უფლების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან აქტის გამოცემაზე უარი არის უკანონო, როდესაც მოსარჩელეს აქვს აქტის გამოცემაზე კანონიერი უფლება. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე კანონიერი უფლების ან ინტერესის დადგენის შემთხვევაში ფაქტობრივად დგინდება მოსარჩელის უფლების ხელყოფის ფაქტი. აღნიშნულის მიუხედავად ასოციაცია არც სააპელაციო და არც საკასაციო საჩივრებში არ ეხება დავის მატერიალურ-სამართლებრივ ასპექტებს, მოსარჩელის მიერ საადვოკატო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობების სამართლებრივი პირობების, ასოციაციაში მისი გაწევრიანების უფლების არსებობის საკითხებს. ამდენად, სასამართლოს მიერ ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს საოქმო გადაწყვეტილების რეკვიზიტების უსწორო მითითება არ ცვლის მიღებული გადაწყვეტილების არსს, სასამართლოს მიერ აქტის გამოცემის დავალებას. ამდენად, ადგილი არ აქვს გადაწყვეტილების გაყალბებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული ხარვეზი, მექანიკური შეცდომა აღმოფხვრილი იქნა არა ცალკე განჩინებით (სსკ-ის 260-ე მუხ.), არამედ მოტივირებული გადაწყვეტილების გამოტანით. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტის არასწორი დასახელება არ ქმნის მოსარჩელის უფლების და კანონიერი ინტერესების დაცვაზე უარის თქმის საფუძველს.

სსკ-ის 393.3 მუხლის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებული პროცესუალური დარღვევა არ ქმნიდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, რადგან პროცესუალურ დარღვევას შედეგად არ მოჰყოლია გადაწყვეტილების უსწორობა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახული იყო შინაარსობრივი მსჯელობა რ.გ-ის ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლბრივი აქტის რეკვიზიტის შესწორება მოხდა საამისოდ დადგენილი პროცესუალური წესის დაუცველად, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში გამოცხადებული გადაწყვეტილების რეკვიზიტი შესაბამისობაში იქნა მოყვანილი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილთან. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური ხარვეზი ვერ გახდება მოსარჩელის უფლების დაცვაზე უარის თქმის საფუძველი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამაახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადგილი აქვს სახელდობრ ტექნიკური და არა არსებითი ხასიათის შეცდომას, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმე განხილულია არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

რაც შეეხება საკითხის მატერიალურ-სამართლებრივ მხარეს, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული საკითხის მიმართ ჩამოყალიბებულია ერთიანი სასამართლო პრაქტიკა. საკასაციო სასამართლო არაერთი განჩინებით (მაგ. სუს 16.05.2013წ. ბს-211-203(კ-13), 16.05.2013წ. ¹ბს-199-191(კ-13), 16.05.2013წ. ¹ბს-251-243(კ-13), 16.05.2013წ. ბს-174-167(კ-13), 27.05.2013წ. ბს-198-190(კ-13), 16.05.2013წ. ბს-189-182(კ-13), 27.06.2013წ. ბს-225-217(კ-13), 15.10.2015წ. ბს-443-436 (კ-15) განჩინებები) დაეთანხმა სასამართლო გადაწყვეტილებებს, რომლითაც უქმდებოდა გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის გადაწყვეტილებები, ამ საკითხის ირგვლივ არ არსებობს სასამართლოს ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები, კოლიზიები გადაწყვეტილებებს შორის, დავები ერთგვაროვნად არის გადაწყვეტილი, არ არის დივერგენციის, ამ კატეგორიის საქმეებზე ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევები. შესაბამისად, საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისთვის, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაშვების, სასამართლო პრაქტიკის კორექტირების საფუძველი. აღსანიშნავია, რომ კასატორი ამ მიმართებით არ იყენებს რაიმე არგუმენტს, რაც დამატებით ადასტურებს საკასაციო საჩივრის დაშვების საფუძვლების არ არსებობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

რაც შეეხება საქმის განსახივლელად დიდი პალატისათვის გადაცემას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 3911.1 მუხლის თანახმად, საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ: საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას), საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმისადმი დიდი ინტერესის, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების საჭიროების, იშვიათი სამართლებრივი პრობლემის არსებობის საფუძვლით საქმის დიდი პალატისათვის განხილვისათვის გადაცემის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა განეკუთვნება საქმის განმხილველი საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებულ, დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის მიხედვით სასამართლო თავისი შეხედულებით განსაზღვრავს საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემის საკითხს. საკასაციო პალატა დიდი პალატისათვის საქმის განსახილველად გადაცემის საჭიროებას წყვეტს არა მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, არამედ დამოუკიდებლად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3911 მუხლის მოთხოვნებს და საქმე განსახილველად არ უნდა გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 3911 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შუამდგომლობა საქმის დიდი პალატისთვის გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.07.2015წ. განჩინება;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი