#ბს-703-695(კ-15) 14 იანვარი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 29 აგვისტოს გ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 20 მარტის №543750 ბრძანების, შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ივლისის №1391035 ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის გ. გ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა (კადრების განკარგულებაში გადაყვანიდან პირველი ორი თვის (მარტი, აპრილი) მანძილზე ყოველთვიურად 218 ლარის (წელთა ნამსახურების სარგო), ჯამში 436 ლარის ოდენობით და კადრების განკარგულებაში გადაყვანიდან მომდევნო თვეების (მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო) მანძილზე სრული თანამდებობრივი სარგო წოდებისა და წელთა ნამსახურების ჩათვლით 1306.4 ლარის, ჯამში 5225.6 ლარის ოდენობით, აგრეთვე გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1306.4 ლარის) და საპროცესო ხარჯების – სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის, ხოლო ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 3000 ლარის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამრთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი გ. გ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 20 მარტის №543750 ბრძანება და გ. გ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ივლისის №1391035 ბრძანება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ... თანამდებობაზე გ. გ-ის აღდგენა, გ. გ-ისათვის 3 თვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურება და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 600 ლარის გადახდა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკამყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2015 წლის 11 მარტს გ. გ-ემ წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გ. გ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება ნაწილობრივ, კერძოდ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნები და დავის ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელის - გ. გ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის (იძულებითი განაცდურის), კერძოდ, ორი თვის წელთა ნამსახურობის დანამიტის, ჯამში - 436 ლარის, ამასთან, ყოველთვიური ხელფასის თანხის 1 310 ლარის ანაზღაურება 2014 წლის აგვისტოს თვიდან გ. გ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის დღემდე; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ. გ-ის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 2 400 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილბის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი