Facebook Twitter

Nბს-729-721 (კ-15) 12 იანვარი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ. მ-ე (მოსარჩელე)

მოპასუხე - აჭარის არ მთავრობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. მ-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2014 წლის 28 თებერვლის №ს-89 და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2014 წლის 30 მაისის №148 ბრძანებების ბათილად ცნობა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დავალდებულება გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი თ. მ-ის კუთვნილ, 44 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან გადაფარვის ნაწილში, 2012 წლის 2 ნოემბრის განცხადებით მოთხოვნილი, ზედდების მოხსნის შესახებ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2014 წლის 30 მაისის №148 ბრძანება თ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2014 წლის 28 თებერვლის №ს-89 ბრძანება თ. მ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაევალა, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ. მ-ის 2012 წლის 2 ნოემბრის განცხადების შესაბამისად - გასცეს თანხმობა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ... მდებარე 44 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ 13.58 კვ.მ. შენობა ნაგებობაზე (ს.კ. ...), ზედდების მოხსნის/გაუქმების შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივნისის განჩინებით აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე