Nბს-761-753 (2კ-15) 12 იანვარი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი -ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე), გ. ყ-ე (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ქ-ა (მოსარჩელე)
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ქ-ამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის წინააღმდეგ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 17 ოქტომბრის №2338 განკარგულების იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ლ. ქ-ას ადმინისტრაციული საჩივარი, ასევე ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 26 აგვისტოს №866521 ბრძანების ნაწილობრივ(ღიობების მოწყობის ნაწილში) ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ქ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 26.08.13წ. №866521 ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც შეთანხმდა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის (საცხოვრებელი, საოფისე) არქიტექტურული პროექტი №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მხარეს შენობაზე 7.5 მ. სიმაღლის ზემოთ კედელში ღიობების მოწყობის ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 17.10.13წ. №2338 განკარგულება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ლ. ქ-ას ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 26.08.13წ. №866521 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და გ. ყ-ემ კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მარტის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და გ. ყ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
აღნიშნული განჩინება მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და გ. ყ-ის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და გ. ყ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და გ. ყ-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორ გ. ყ-ეს უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და გ. ყ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მარტის განჩინება;
3. გ. ყ-ეს დაუბრუნდეს 05/10/2015 წლის საგადახდო დავალებით მ. ჭ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე