Facebook Twitter

#ბს-771-763(კ-15) 28 იანვარი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2013 წლის 14 იანვარს რ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 29 ოქტომბრის №882012813120-06 გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 12 დეკემბრის №193279 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 იანვრის განჩინებით რ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.

2013 წლის 12 მარტს რ. მ-მა წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, რომლითაც დამატებით მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 23 იანვრის №882009011358-03 გადაწყვეტილების, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მომზადებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საკადასტრო გეგმის, საჯარო რეესტრის ამონაწერის, 2010 წლის 22 ნოემბრის №882010834918-04 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და კანონის მოთხოვნათა შესაბამისად რეგისტრაციის განხორციელების ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურისთვის დავალება, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 21 აპრილის №882011179947-03 გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ამონაწერის (ს/კ ... წინა ნომრით ...), 2012 წლის 16 ივლისის №882012330951-03 გადაწყვეტილების, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის, მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საკადასტრო გეგმის ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის შესაბამის საკადასტრო ნახაზებში ცვლილებების განხორციელება და რეალურად არსებული მდგომარეობის შესაბამისად სადავო მიწის ნაკვეთების საზღვრებში კორექტირება. ამასთან, მოსარჩელემ ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურისთვის კანონის მოთხოვნათა დაცვით ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც 5 თანამესაკუთრის – რ. მ-ის, ბ. მ-ის, ც. დ-ის, ჟ. მ-ის და თ. ე-ის თანასაკუთრებაში აღირიცხება დაბა ბაკურიანში ... ქ. №...(...)-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ...), კ.ს. „...“ მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ბ. მ-ი, ც. დ-ი, ლ. მ-ი, გ. მ-ი და ლ. ხ-ი.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით რ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

2014 წლის 8 აპრილის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ უარი თქვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 22 ნოემბრის №882010834918-04 გადაწყვეტილებისა და მიწის ნაკვეთების გეგმა ნახაზების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნებზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ჟ. მ-ი და ე. რ-ე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 აპრილის განჩინებით რ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. მ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 აპრილის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი