ბს -106-104(კს-15) 21 იანვარი, 2016 წ.
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე.
კერძო საჩივრის ავტორი( მოპასუხე)- ფ. მ-ი.
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელე) - მ. პ-;
(მოპასუხე) - ქ. ქუთაისის მერია.
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.2014წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მ. პ-მა 12.02.2013წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების ფ. მ-ისა და ქ. ქუთაისის მერიის მიმართ 18.03.1993წ. პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მ. პ-მა მოითხოვა სარჩელის უზრუნველსაყოფად ყადაღის დადება მოპასუხე ფ. მ-ის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ სადავო უძრავ ნივთზე მდებარე ქ. ქუთაისი, ... ქ.N 1-8 N63 (66,40კვ.).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 12.04.2013წ. გადაწყვეტილებით მ. პ-ს სარჩელი პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 21.02.2013წ. განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, რომლითაც ყადაღა დაედო ფ. მ-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ქუთაისი, ... ქN 1-8 N63(66,40კვ.). აღნიშნული გადაწყვეტილება მ. პ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2013წ. გადაწყვეტილებით მ. პ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 12.03.2012წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. პ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს N4 სს უბნის წარმომადგენელსა და ფ. მ-ს შორის 18.03.1993 წ. დადებული ხელშეკრულება ქ. ქუთაისში .N1-8 N63-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის პრივატიზების შესახებ 1/5 ნაწილში, დანარჩენ ნაწილში მ. პ-ს სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ფ. მ-მა და მ. პ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 06.01.2014წ. განჩინებით ფ. მ-ის საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, ხოლო ამავე სასამართლოს 28.01.2014წ. განჩინებით მ. პ-ს საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
ფ. მ-მა 04.11.2014წ. განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მ. პ-სათვის უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი, N 1-8 N63(66,40კვ.), 1/5 წილის მიკუთვნების ნაწილში ქუთაისის სააპელაციო საამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2013წ. გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მის მიერ მოპოვებული იქნა სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ... საჯარო სკოლის 06.10.2014წ. ცნობა, რომლითაც დასდტურდება, რომ მ. პ- 1988-97 წ.წ. სწავლობდა მითითებულ სკოლაში. განმცხადებლის მითითებით აღნიშნული ცნობა ადასტურებს, რომ ბინის პრივატიზაციის დროს - 1993 წელს, მ. პ- ვერ იქნებოდა სადავო ბინის მოსარგებლე. განმცხადებელი ასევე აღნიშნავს, რომ ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ მ. აპ- არის შ. და ნ. პ-ების შვილი, რადგან მ. პ- დაიბადა 29.01.1982 წ., ხოლო შ. და ნ. პ-ები დაქორწინდნენ 20.03.1986 წ.. განმცხადებლის აზრით ზემოთმითითებული გარემოებები ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. ამასთან, აღნიშნავს, რომ ამ ახლად აღმოჩენილი გარემოებებზე მითითება საქმის განხილვის დროს ვერ მოხდა, რადგან მისმა ადვოკატმა ვერ უზრუნველყო მათი მოპოვება და წარდგენა. განმცხადებელმა მითითებული გარემოებების საფუძველზე მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო საამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2013წ. გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 11.12.2014წ. განჩინებით ფ. მ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სოფ. ... საჯარო სკოლის მიერ 06.10.2014წ. გაცემული ცნობა ვერ გამოიწვევდა მოსარჩელისათვის ხელსაყრელი სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, რადგან ცნობაში ასახული გარემოება ვერ აქარწყლებს მ. პ-ს შ. და ნ. პ-ების ოჯახის წევრად მიჩნევის ფაქტს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია მ. პ-ს დაბადების მოწმობის ასლი, რომლითაც დასტურდება რომ ის არის შ. და ნ. პ-ების შვილი. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 423.3, 430.2 მუხლების დანაწესზე და აღნიშნა, რომ გარდა ცნობის არასაკმარისობისა, განმცხადებელმა ვერ დაადასტურა მითითებული ცნობის თავისი ბრალის გარეშე წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზზე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ ჩათვალა, რომ ფ. მ-ის განცხადება, როგორც უსაფუძვლო, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.2014წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ფ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის წარდგენილი იქნა მ. პ-ს სახელზე თავდაპირველად გაცემული დაბადების მოწმობა, სადაც იგი მოხსენიებულია, როგორც მ. კ-ა. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა გამხდარიყო თუ როგორ შეიცვალა მ. კ-ას გვარი პ-თ. ამ გარემოების გამოკვლევის შემდეგ წინასწარ უცნობია რა შედეგი დადგებოდა სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის დროს. მითითებული გარემოების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421 -ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, მხოლოდ მაშინ როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წინამძღვრები, ხოლო 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების და საქმის წარმოების განახლების საფუძველი არსებობს, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებები იურიდიული ფაქტებია, რომლებიც არსებობდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მომენტში და მნიშვნელობა აქვთ ამ საქმის გადასაწყვეტად, თუმცა არა ყოველი ახალი გარემოება თუ მტკიცებულება იძლევა საქმის გადასინჯვის შესაძლებლობას, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლებიც ხელსაყრელი გადაწყვეტილების დადგენას გამოიწვევდა.
ფ. მ-ის მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2013წ. გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძვლად მითითებულია სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ... საჯარო სკოლის დირექტორის მიერ 06.10.2014წ. გაცემული ცნობა, აგრეთვე 18.04.1986წ. გაცემული დაბადების მოწმობა. საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს აღნიშნული დოკუმენტების ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნევის საფუძველი, რადგან მ. პ-ს ნათესაური კავშირი შ. პ-თან და ნ. პ-თან დგინდება საქმეში არსებული, მათ შორის 02.07.2007წ. გაცემული მ. პ-ს განმეორებითი დაბადების მოწმობით (ტ.2, ს. 74). 06.10.14წ. ცნობა, რომლის თანახმად სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ... საჯარო სკოლის დირექცია ადასტურებს მ. პ-ს ბროწეულას სკოლა-ინტერნატში სწავლას არ გამორიცხავს მ. პ-ს შ. პ-ს ოჯახის წევრობას. საქმეში დაცულია 16.06.1988წ. და 27.02.07წ. გაცემული მ. პ-ს დაბადების მოწმობები, რომლებში მშობლებად მითითებული არიან შ. პ- და ნ. პ-, ნათესაური კავშირი სააპელაციო სასამართლოს 02.07.13წ. გადაწყვეტილებით დადგენილია დაბადების მოწმობის საფუძველზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაბადება არის იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ. საქმეზე არ წარმოდგენილა სამოქალაქო აქტის ბათილად გამოცხადების, დაბადების თავდაპირველი მოწმობის ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 423.3 მუხლის თანახმად საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს მისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, ამ გარემოებებზეა დამოკიდებული მხარეთა უფლებების და ვალდებულებების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. ამდენად, განმცხადებელს აკისრია საპროცესო ვალდებულება - ამტკიცოს, რომ მისი ბრალის გარეშე ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები და მისი შეფასება გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმის გადასინჯვას შესაძლოა საფუძვლად დაედოს ისეთი მტკიცებულება, რომლის არსებობა საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე მხარისათვის უცნობი იყო, ახლად აღმოჩენილი გარემოება ობიექტურადაც არ უნდა ყოფილიყო ცნობილი და ამ გარემოების არსებობა არც შეიძლებოდა ცნობილი ყოფილიყო მხარისათვის საქმის განხილვის დროს. ხსენებული დებულება ხაზს უსვამს მხარის მიერ მტკიცების ტვირთის სათანადოდ გაცნობიერებას და პროცესის შეჯიბრობითობის საწყისებზე აგებას. ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მოიპოვოს მტკიცებულებები, არ ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისაგან. მოცემულ შემთხვევაში ფ. მ-მა ვერ დაადასტურა საქმის განხილვის დროს დოკუმენტების წარმოდგენის შეუძლებობა. აღნიშნულს არ ადასტურებს განმცხადებლის მითითება იმაზე, რომ საქმის განხილვის დროს ადვოკატმა წარმომადგენლობის მოვალეობა არასათანადოდ განახორციელა. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.2014წ. განჩინების გაუქმების და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.2013წ. განჩინებით ფ. მ-ს მართებულად ეთქვა უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ფ. მ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.2013წ. განჩინების გაუქმების და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე, 423-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.2014წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი