Facebook Twitter

საქმე ბს-507-500 (გ-15) 12 იანვარი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: ვასილ როინიშვილი (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სსიპ შემოსავლების სამსახურმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა დაყადაღებული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.

შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 26 თებერვლის N081-234 და 2015 წლის 27 აპრილის N13591 ბრძანებების საფუძველზე შპს „...“ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით ფიზიკურ პირ მ. ხ-ის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას დაედო ყადაღა. შპს „...“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 12945804,90 ლარს. საგადასახადო ორგანო იყენებს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლით გათვალისწინებულ ღონისძიებას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ივნისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა, განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2121 მუხლის საფუძველზე, შუამდგომლობა უნდა განეხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, ვინაიდან შპს „...“ რეგისტრირებულია თბილისში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებას და წამოიწყო დავა განსჯადობის შესახებ.

სასამართლოს მოსაზრებით, სსიპ შემოსავლების სამსახური ითხოვს ფიზიკური პირის - მ. ხ-ის კუთვნილი დაყადაღებული უძრავი ქონების იძულებით ღია აუქციონზე რეალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „...“ აღიარებული გადასახადის გადამხდელს წარმოადგენს მ. ხ-ე, რომლის ადგილსამყოფელი და რეგისტრაციის მისამართია ქ. ბათუმი, ... ქ. N..., ბ8.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26-ე მუხლის მესამე ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შპს „...“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 12945804,90 ლარს. ამ დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 26 თებერვლის N081-234 და 2015 წლის 27 აპრილის N13591 ბრძანებების საფუძველზე ფიზიკურ პირ მ. ხ-ის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას დაედო ყადაღა. დაყადაღებული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით სსიპ შემოსავლების სამსახურმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2121 მუხლის თანახმად, ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით, ამდენად, აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს სპეციალურ განსჯადობას და ადგენს, რომ შუამდგომლობა დაყადაღებული ქონების რეალიზაციის თაობაზე შეტანილი უნდა იქნეს გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფელის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ ნორმის მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელის საგადასახადო დავალიანების ამოღების უზრუნველყოფის მიზნითაც ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, მიუხედავად იმისა, თუ ვისი ქონებითაა უზრუნველყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული მისი დავალიანება.

მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა, რომ საგადასახადო დავალიანება გააჩნია შპს „...“, რომელიც უზრუნველყოფილია მ. ხ-ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე დადებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით, ამდენად, შუამდგომლობა ქონების რეალიზაციის თაობაზე შეტანილი უნდა ყოფილიყო შპს „...“ ადგილსამყოფელის მიხედვით. საქმის მასალები ადასტურებს, რომ შპს „...“ იურიდიული მისამართია თბილისი, ... N78, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის განსჯადია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-2 მუხლით, 2121-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაყადაღებული ქონების რეალიზაციის თაობაზე განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე