Facebook Twitter

ბს-589-582(გ-15) 28 იანვარი, 2016 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე–3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოქალაქე გ.გ-ის განცხადებასთან დაკავშირებით დავა განსჯადობის თაობაზე გორის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ.გ-მა განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნით, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ გორის რაიონის სოფ.... მდებარე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწებისათვის (საკადატრო კოდით: ... და ....) ყადაღის დადება.

განმცხადებელმა აღნიშნა, რომ გორის რაიონული სასამართლოს 07.08.2012წ. ბრძანებით დაკმაყოფილდა სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ შუამდგომლობა, რომლითაც კ.ტ-ის საგადასახადო დავალიანების დასაფარად აუქციონის წესით უნდა გაყიდულიყო გორის რაიონის სოფ. ... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები საკადასტრო კოდით: ... და ....

გ.გ-მა 19.07.2013წ და 25.02.2014წ. განცხადებებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა მის ცრუმაგიერ პირებად კ.ტ-ის და თ.ხ-ის ცნობა. განმცხადებელმა მიუთითა, რომ გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების თავიდან არიდების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე 30 ჰა მიწის ნაკვეთი გადააფორმა დეიდაშვილზე-კ.ტ-ზე, ხოლო მაღალი გამავლობის ჯიპის ტიპის ავტომანქანა რავ4 (სახ.№ JCJ-853)-მძახალზე-თ.ხ-ზე, რაც ასევე განცხადებით დაადასტურეს ამ უკანასკნელებმა. გორის რაიონული სასამართლოს 23.09.2014წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ სარჩელი, კ.ტ-ი და თ.ხ-ი აღიარებულ იქნენ გ.გ-ის ცრუმაგიერ პირებად.

განმცხადებელმა აღნიშნა, რომ გორის რაიონის სოფელ ... მდებარე კ.ტ-ის სახელზე რეგისტრირებულ მიწებზე საკადასტო კოდით ... და ... შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტანმენტის 17.06.2015წ. №21473 ბრძანებით გაუქმდა ყადაღა და ეს მიწები დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად.

განმცხადებელი უთითებს, რომ აპირებს სარჩელის აღძვრას შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს წინააღმდეგ,ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რადგან მათ დაარღვიეს კანონი და არ აღასრულეს კანონიერ ძალაში შესული გორის რაიონული სასამართლოს 07.08.2012წ. გადაწყვეტილება.

გორის რაიონული სასამართლოს 06.08.2015წ. განჩინებით გ.გ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. გორის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის -„აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების“ “ მე-2 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი,რომელიც შექმნილია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და ახორციელებს სააღსრულებო საქმიანობას, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს,დებს გარიგებებს და საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ. ტერიტორიულ ორგანოებს საკუთარი სახელით სასამართლოში მოპასუხედ გამოსვლის უფლებამოსილება მოქმედი კანონმდებლობით არ გააჩნიათ. ამდენად, მოცემულ საქმეზე მოპასუხეს წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო,რომლის იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი,აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი, შესაბამისად სახეზე არ არის განსაკუთრებული განსჯადობის შემთხვევა და ტერიტორიული განსჯადობა უნდა გადაწყდეს საერთო განსჯადობის წესების დაცვით ანუ მოპასუხის -სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ადგილსამყოფელის მიხედვით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.08.2015წ. განჩინებით გ.გ-ის განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად, გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი სარგებლობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით რეგლამენტირებული უფლებით და დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად,თვითონ ირჩევს მოპასუხე მხარეს. ამდენად, ვიდრე არ მოხდება საქმის განხილვისას მოსარჩელის თანხმობით მოპასუხეთა წრის დაზუსტება სასამართლო ვერ იმსჯელებს იმაზე არის თუ არა მოსარჩელის მიერ დასახელებული მოპასუხე სათანადო მოპასუხე ანუ წარმოადგენს თუ არა მოცემულ დავაში სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო სათანადო მოპასუხეს. სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების ან/და იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედების განხორციელების შესახებ დავის აღძვრის შემთხვევაში სათანადო მოპასუხედ მხოლოდ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიჩნევა, მისი ტერიტორიული ადგილსამყოფელის გათვალისწინებით (ქ.თბილისი) გამოიწვევს ამ კატეგორიის საქმეთა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიაში თავმოყრას და დავათა განხილვის გაჭიანურებას. სასამართლომ მიუთითა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 5.1. მუხლის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულებას უზრუნველყოფს თავისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების-სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ გ.გ-ის განცხადება,სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, განხილულ უნდა იქნეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს - შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს ადგილსამყოფელის მიხედვით,რომლის იურიდიული მისამართია-გორი,დავით გურამიშვილის ქუჩა №5, რის გამო განსხილველ შემთხვევაში უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს -გორის რაიონული სასამართლო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე გორის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26-ე მუხლის მესამე ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ გ.გ-ის განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება გორის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ შემთხვევაში დავა ეხება არა საგნობრივ, არამედ ტერიტორიულ განსჯადობას, შესაბამისად, უნდა შეფასდეს თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება საქმე განსახილველად. საქართველოს კონსტიტუციის 42.2 მუხლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 31-ე მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობა, ასევე მაგისტრატი მოსამართლის განსჯადობა განისაზღვრება კანონით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლით რეგლამენტირებულია საერთო განსჯადობის შესახებ წესები, რომლის თანახმად განსჯადი საერთო სასამართლო დგინდება ტერიტორიული ნიშნის ანუ მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული პროცესის ინკვიზიციური ხასიათის მიუხედავად თავად სარჩელი დისპოზიციურია. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი სარგებლობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით რეგლამენტირებული უფლებით და დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, თავად ასახელებს მოპასუხე მხარეს. სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ სათანადო მოპასუხე არ დაასახელა, არ ქმნის სარჩელის იმ სასამართლოსათვის განსჯადობით გადაგზავნის საფუძველს, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც მდებარეობს სასამართლოს აზრით სათანადო მოპასუხე. სასამართლო საკუთარი ინიციატივით არასათანადო მხარეს ვერ შეცვლის, თუ სასამართლო თვლის,რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, სსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით და არა თავისი ინიციატივით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით.

მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი გ.გ-ი აპირებს სარჩელის აღძვრას სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, ბიუროს ამ ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელთა მოქმედება/უმოქმედებოთ გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 30.05.2014წ. #634 ბრძანებით დამტკიცებული ,,შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს დებულების“ მიხედვით, ბიუროს ადგილსამყოფელია ქ. გორი, გურამიშვილის ქუჩა №5. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების ან/და იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედების განხორციელების შესახებ დავის ტერიტორიული განსჯადობის მხოლოდ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ადგილმდებარეობის მიხედვით გადაწყვეტა, გამოიწვევს აღნიშნული კატეგორიის საქმეთა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში თავმოყრას, საქალაქო სასამართლოს სააღსრულებო დავებით გადატვირთვას, დავათა განხილვის გაჭიანურებას.

საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა არ იზიარებს, გორის რაიონული სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების ან/და იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედების განხორციელების შესახებ დავის აღძვრის შემთხვევაში, სათანადო მოპასუხედ გამოდის მხოლოდ აღსრულების ეროვნული ბიურო და არა მისი ტერიტორიული ორგანოები. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მომქედ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოებისათვის ხელმძღვანელობისა და ზედამხედველობის გაწევა არ ადასტურებს დავის თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადობას. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულებას უზრუნველყოფს თავისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების-სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით, სააღსრულებო ბიუროების სისტემას განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ აღსასრულებელ გადაწყვეტილებებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით უშუალოდ აღასრულებენ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლები და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე აგრეთვე აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირები.მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელს სურს სარჩელის აღძვრა სწორედ ტერიტორიული ორგანოების- შიდა ქართლისა და მცხეთა - მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს წინააღმდეგ, რადგან გ.გ-ი თვლის, რომ ამ ტერიტორიული ორგანოების ქმედებით მოხდა მისი უფლებების დარღვევა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობა უნდა გადაწყდეს მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა - მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს ადგილმდებარეობის მიხედვით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, რომ განცხადების განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურო, კერძოდ, გორის რაიონული სასამართლოს მიერ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.გ-ის განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უძრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განსჯადობით დაექვემდებაროს გორის რაიონულ სასამართლოს;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი