155აპ.-09 ქ. თბილისი
22 ივლისი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 დეკემბრის განაჩენზე გ. გ-სა და გ. ხ-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 15 მაისის განაჩენით:
1. გ. გ-ე გამართლდა სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» და მე-3 ნაწილის «ა», «გ» ქვეპუნქტებით (2007 წლის 29 ოქტომბრის 1-ლი ეპიზოდი) _ 4 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» და მე-3 ნაწილის «ა», «გ» ქვეპუნქტებით (2007 წლის 29 ოქტომბრის მე-2 ეპიზოდი) _ 4 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» და მე-3 ნაწილის «ა», «გ» ქვეპუნქტებით (2007 წლის 30 ოქტომბრის ეპიზოდი) _ 4 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 273-ე მუხლით _ ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. გ. გ-ეს განესაზღვრა 12 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
გაუქმდა გ. გ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებული, ნ. წ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების _ 2 000 ლარის წილი, მდებარე თელავის რაიონის სოფელ ---, გადაეცა სახელმწიფოს;
2. გ. ხ-ი გამართლდა სსკ-ის 237-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და მე-3 ნაწილის «ა», «გ» ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 2 წელი, 6 თვე და განესაზღვრა 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულებს სასჯელის ათვლა დაეწყოთ 2007 წლის 31 ოქტომბრიდან.
ამავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და განსასჯელებს _ ი. Mმ-სა და ზ. ხ-ეს შორის: ი. მ-ს სსკ-ის 375-ე მუხლით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც გაუნახევრდა ,,ამნისტიის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. ზ. ხ-ეს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» და მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტებით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, ამავე ვადით. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით.
საბრალდებო დასკვნით გ. გ-ემ ჯგუფურად და საცავში უკანონო შეღწევით ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; მანვე ჯგუფურად და საცავში უკანონო შეღწევით ჩაიდინა ქურდობა; მანვე ჯგუფურად და ბინაში უკანონო შეღწევით ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; მანვე, ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება.
გ. ხ-მა ჯგუფურად და ბინაში უკანონო შეღწევით ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
საბრალდებო დასკვნით, მსჯავრდებულთა ქმედებები კონკრეტულად გამოიხატა შემდეგში:
2007 წლის 29 ოქტომბერს გ. გ-ე დაუკავშირდა ზ. ხ-ეს და შეთანხმდნენ, რომ ლ. კ-ის სახლის ეზოდან ფარულად გაეტაცებინათ ავზის თავსახური. აღნიშნული პირები მივიდნენ ლ. კ-ის მეზობლად მცხოვრები მისი მაზლის _ ი. Kკ-ის სახლთან, გადავიდნენ მავთულბადეზე და შევიდნენ ეზოში, იქიდან კი გადავიდნენ ლ. კ-ის ეზოში, სადაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ავზის 200 ლარად ღირებულ თავსახურს, რითიც დაზარალებულს მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. ბოროტმოქმედებმა აღნიშნული თავსახური ჩააბარეს ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში, საიდანაც იგი ამოიღეს პოლიციელებმა.
ლ. კ-ის სახლის ეზოდან გამოსვლის შემდეგ გ. გ-მ და ზ. ხ-ემ ი. კ-ის ეზოში შენიშნეს ელექტროსაჭრელი, ე.წ. ,,ბალგარკა», რომელსაც ფარულად დაეუფლნენ და მიჰყიდეს ქ. თელავში მცხოვრებ ზ. ნ-ს. ამ უკანასკნელისაგან ნაქურდალი ნივთი ამოღებულ იქნა.
2007 წლის 30 ოქტომბერს გ. გ-ე დაუკავშირდა გ. ხ-სა და ი. მ-ს. ისინი შეთანხმდნენ, გაექურდათ ი. Kკ-ის ბინა. იმავე დღეს, დაახლოებით 23 საათზე აღნიშნული პირები ავტომანქანით მივიდნენ დაზარალებულის სახლთან, სადაც გ. ხ-ი დარჩა ავტომანქანაში, ხოლო გ. გ-ემ და ი. Mმ-მა გატეხეს კარები და შეაღწიეს ბინაში, საიდანაც გაიტაცეს სხვადასხვა ნივთი, მათ შორის _ «კალაშნიკოვის» კონსტრუქციის ავტომატის 1160 და გლუვლულიანი სანადირო თოფის 133 ვაზნა. მათ დაზარალებულს მიაყენეს 2885 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი. ნაქურდალი ნივთები ბოროტმოქმედებმა გადამალეს გ. გ-ის სახლის სარდაფში, საიდანაც ამოიღეს პოლიციელებმა.
გარდა ამისა, 2007 წლის 12 ივლისს, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის გ. გ-ეს შეეფარდა ადმნისტრაციული პატიმრობა 5 დღე-ღამით. იმავე წლის 4 აგვისტოს გ. გ-ე ადმინიტრაციული წესით დააკავეს და გადაიყვანეს ნარკოლოგიურ განყოფილებაში, სადაც დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სახელმწიფო ბრალმდებელმა და მსჯავრდებულმა გ. გ-ემ.
პროკურორმა მოითხოვა გ. გ-ა და გ. ხ-ის დამნაშავედ ცნობა სსკ-ის 237-ე მუხლითაც და მათთვის სასჯელის გამკაცრება, ხოლო გ. გ-ემ _ სასჯელის შემსუბუქება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 4 დეკემბრის განაჩენით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება შეიცვალა და გ. გ-ეს მიესაჯა: სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით (2007 წლის 29 ოქტომბრის 1-ლი ეპიზოდი) _ 4 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით (2007 წლის 29 ოქტომბრის მე-2 ეპიზოდი) _ 4 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა», «გ» ქვეპუნქტებით (2007 წლის 30 ოქტომბრის ეპიზოდი) _ 4 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 273-ე მუხლით _ ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. «ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის შესაბამისად, გ. გ-ეს გაუნახევრდა სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული და გადაუხდელი ჯარიმა. მას საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და გადაუხდელი ჯარიმის ნახევარი.
გ. ხ-ს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა», «გ» ქვეპუნქტებით მიესაჯა 4 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი, 3 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულებს სასჯელის ათვლა დაეწყოთ 2007 წლის 31 ოქტომბრიდან.
გ. გ-ის მიმართ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებული, ნ. წ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების _ 2 000 ლარის წილი, მდებარე თელავის რაიონის სოფელ ---, გადაეცა სახელმწიფოს.
კასატორი _ მსჯავრდებული გ. გ-ე თავის საჩივარში აღნიშნავს, რომ ბრალად შერაცხული ქმედებების ორ ეპიზოდში თავს დამნაშავედ არ ცნობს, რის გამოც მოითხოვს განაჩენის მის სასიკეთოდ შეცვლას და სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივს მისი უდანაშაულობის შესახებ, რადგან გასაჩივრებული განაჩენი ეყრდნობა საქმეში არსებულ არაერთ უტყუარ მტკიცებულებას, მათ შორის დაზარალებულების _ ი. და ლ. კ-ების, მოწმეების _ ზ. Nნ-ის, ლ. Kკ-ს და თავად განსასჯელთა ჩვენებებს, ჩხრეკის, ამოღების, საგნის ამოსაცნობად წარდგენისა და ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმებს, რომელთა შესახებ ამომწურავად იმსჯელა სასამართლომ და გ. გ-ისა და გ. ხ-ის მიმართ დაადგინა დასაბუთებული განაჩენი.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. გ-ის ბრალდების საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებული, ნ. წ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების _ 2 000 ლარის წილის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის ნაწილში განაჩენის დადგენისას დაარღვია სსსკ-ის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, «გირაოს შეტანის წინ შემტანს აფრთხილებენ წერილობით, ვალდებულებებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-7 ნაწილში».
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება ოქმი (ან სხვა დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს გირაოს შემტანი პირის _ ნ. წ-ის გაფრთხილებას სსსკ-ის 168-ე მუხლის მე-7 ნაწილში მითითებული პირობებისა და ვალდებულებების შესახებ, კერძოდ, გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ ბრალდებულ გ. გ-ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფოს გადაეცემა გირაოს სახით შეტანილი, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების _ 2 000 ლარის ოდენობის წილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. წ-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას, მდებარე: თელავის რაიონის სოფელ ---, უნდა მოეხსნას ყადაღა და გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება დაყადაღებული უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ.
სააპელაციო პალატის განაჩენი სხვა ნაწილში კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 დეკემბრის განაჩენიდან გ. გ-სა და გ. ხ-ის მიმართ ამოირიცხოს მითითება დაყადაღებული, ნ. წ-ის კუთვნილი უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ და თელავის რაიონის სოფელ --- მდებარე, ნ. წ-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას მოეხსნას ყადაღა.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.