Facebook Twitter

ბს-282-278(2კ-15) 04 თებერვალი, 2016 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ.ქუთაისის მერიისა და ქ.ქუთაისის საკრებულოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.2015წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს ,,…" 14.03.2014წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების ქ.ქუთაისის მერიის და ქ.ქუთაისის საკრებულოს მიმართ ქ.ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 06.03.2014წ. #251 ბრძანებისა და ქ.ქუთაისის მერის 07.03.2014წ. #117 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 17.03.2014წ. განჩინებით შპს ,,..." შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შეჩერდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების: ქ.ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 06.03.2014წ. #251 ბრძანების და ქ.ქუთაისის მერის 07.03.2014წ. #117 ბრძანების მოქმედება მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ქ.ქუთაისის საკრებულოს და ქ.ქუთაისის მერიის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 17.04.2014წ. განჩინებით ქ.ქუთაისის მერიისა და ქ.ქუთაისის საკრებულოს კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 17.03.2014წ. განჩინება გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეჩერების შესახებ, ქ.ქუთაისის მერიისა და ქ.ქუთაისის საკრებულოს კერძო საჩივრები იმ ნაწილში, სადაც მითითებული იყო ახლადაღმოჩენილი გარემოებების გამო გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლებზე განსჯადობით გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 13.05.2014წ. განჩინებით ქ.ქუთაისის მერიისა და ქ.ქუთაისის საკრებულოს შუამდგომლობები ახლად აღმოჩენილ გარემოებების არსებობის გამო, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების შესახებ განჩინების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ქ.ქუთაისის მერიის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 08.07.2014წ. განჩინებით ქ.ქუთაისის მერიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 13.05.2014წ. განჩინება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 15.08.2014წ. გადაწყვეტილებით შპს ,,..." სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 06.03.2014წ. #251 ბრძანება, ქ.ქუთაისის მერიის 17.03.2014წ. #117 ბრძანება და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს დაევალათ საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს ,,...", ქ.ქუთაისის მერიამ და ქ.ქუთაისის საკრებულომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.2015წ. განჩინებით შპს ,,...", ქ.ქუთაისის მერიისა და ქ.ქუთაისის საკრებულოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ.ქუთაისის მერიისა და ქ.ქუთაისის საკრებულოს მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ.ქუთაისის მერიისა და ქ.ქუთაისის საკრებულოს საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ.ქუთაისის მერიისა და ქ.ქუთაისის საკრებულოს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.ქუთაისის მერიისა და ქ.ქუთაისის საკრებულოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.2015წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი