Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე =ბს-45-44(კს-16) 04 თებერვალი, 2016 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციული საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს „…“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „…“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 20 დეკემბრის №878 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 08 აპრილის №14364 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 19 აპრილის №318 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 17 ივნისის №27026 ბრძანების და დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.03.2015წ. განჩინებით შპს „…“ სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო.

განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა შპს „…“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.08.15წ. განჩინებით შპს „…“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა

შპს „…“ საკასაციო საჩივარი წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.08.15წ. განჩინებაზე, რომლითაც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.08.15წ. განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „…“ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 391.1 მუხლის შესაბამისად, საკასაციო წესით მხარეებს და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირებს შეუძლიათ გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო წესით გასაჩივრებულია ისეთი სასამართლო აქტი, რომელზეც საკასაციო საჩივრის შეტანა არ არის დაშვებული. კერძოდ, გასაჩივრებულია კერძო საჩივრის თაობაზე მიღებული განჩინება, რომელიც სსკ-ის 419.3 მუხლის შესაბამისად საბოლოოა და არ საჩივრდება. ამასთან, გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით მხარეებს განემარტათ, რომ განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.08.15წ. განჩინება შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად მასზე საკასაციო საჩივრის შეტანა დაუშვებელია. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს „…“ მიერ განჩინება გასაჩივრდა საკასაციო საჩივრით, რაც სსკ-ის 401-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველად, რადგან არ არსებობს მისი დაშვების პროცესუალური წინაპირობა.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის 1 მუხლის მე-2 ნაწილით; სსკ-ის 390-ე, 399-ე, 396-ე, 401-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „…“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი