№030310014583188
№ბს-598-591(კ-15) 25 თებერვალი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
სხდომის მდივანი _ ანა ვარდიძე
კასატორი _ ბ. ი-ა
წარმომადგენელი – ლ. ა-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 2. ფოთის სარეგისტრაციო სამსახური; წარმომადგენლები - ე. გ-ა და კ. ს-ე; 3. ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია; 4. ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანო; წარმომადგენელი – მ. თ-ე; 5. გ. რ-ე; წარმომადგენელი - მ. რ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 29 აგვისტოს ბ. ი-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანოსა და გ. რ-ის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მას ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის #12/447 გადაწყვეტილების საფუძველზე, ჯერ კიდევ 1986 წელს გამოეყო ტერიტორია, საერთო ფართით - 150კვ.მ., რისთვისაც გადაიხადა 350 მანეთი. 2014 წლის 7 მაისს ბ. ი-ამ განცხადებით მიმართა ქ. ფოთის მალთაყვის უბნის ტერიტორიულ ორგანოს და წარმოდგენილი დოკუმენტაციის (ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის #12/447 გადაწყვეტილება, ქვითარი, ნახაზი, მოწმეების დასტური) საფუძველზე ცნობის გაცემა მოითხოვა, რომლითაც ქ. ფოთში, მალთაყვის გზატკეცილზე მდებარე უძრავ ქონებას დაირეგისტრირებდა საჯარო რეესტრში.
თვითმმართველი ქ. ფოთის მალთაყვის უბნის ტერიტორიულმა ორგანომ ბ. ი-ას უარი უთხრა ცნობის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ ტერიტორიული ორგანო არ იყო ვალდებული, თანახმად საკრებულოს 2011 წლის 30 მაისის #10/50 დადგენილებისა, გაეცა ცნობა. მითითებული უარი მოსარჩელე ბ. ი-ამ ქ. ფოთის მერიაში გაასაჩივრა. ამასთან, მიმართა ქ. ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ინფორმაცია აღნიშნულ ქონებაზე, საიდანაც გაირკვა, რომ ქ. ფოთში, მალთაყვის გზატკეცილზე მდებარე 525 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი - ..., უფლების რეგისტრაციის #..., თვითმმართველი ქ. ფოთის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, რეგისტრირებული იყო გ. რ-ის საკუთრების უფლება.
მოსარჩელის მითითებით, მან კვლავ მიმართა ქ. ფოთის მალთაყვის უბნის ტერიტორიულ ორგანოს და მათი სამსახურის მიერ 2013 წლის 21 თებერვალს გაცემული #115 ცნობის ბათილად ცნობა მოითხოვა. აღნიშნული ცნობის საფუძველზე, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სხვისი ქონება დარეგისტრირებული აქვს გ. რ-ეს. ამის შემდეგ მოსარჩელემ კვლავ მიმართა ქ. ფოთის მერიას და მოითხოვა ჩაეტარებინათ ადმინისტრაციული წარმოება და შეესწავლათ, თუ როგორ დაარეგისტრირა გ. რ-ემ მისი საკუთრება და მოითხოვა, დაევალდებულებინათ მალთაყვის მუნიციპალიტეტი, ბათილად ეცნო #115 ცნობა. მოსარჩელემ პარალელურად მიმართა საჯარო რეესტრის ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს და წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულიყო ბ. ი-ას საკუთრება, მაგრამ წარმოება შეჩერდა. ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის აღნიშნული გადაწყვეტილება ბ. ი-ამ გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ფოთის მერიაში ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და მალთაყვის მუნიციპალიტეტს დაევალა, არარად ეღიარებინა მათ მიერ გ. რ-ის სახელზე გაცემული #115 ცნობა, მაგრამ მალთაყვის მუნიციპალიტეტმა მერიის მითითება არ შეასრულა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 20 ივნისის #... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 21 ივლისის #... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 14 აგვისტოს #168943 გადაწყვეტილების, ფოთის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანოს 2013 წლის 21 თებერვლის №115 ცნობის, 2013 წლის 20 თებერვალს შპს „...“ მიერ მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის, უძრავი ქონების გ. რ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის (საკადასტრო კოდი: ...) ბათილად ცნობა და ქ. ფოთში, მალთაყვის დასახლებაში მდებარე უძრავი ქონების ბ. ი-ას საკუთრებად დარეგისტრირება მოითხოვა.
მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და თავდაპირველ მოთხოვნებთან ერთად ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 8 აგვისტოს №895 ცნობის ბათილად ცნობა და ფოთის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანოს 2013 წლის 21 თებერვლის №115 ცნობის არარა აქტად ცნობა მოითხოვა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბ. ი-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი: სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 20 ივნისის #... გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 21 ივლისის #... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 14 აგვისტოს #168943 გადაწყვეტილება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სასამართლომ მიუთითა სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, „მცურავ საშუალებათა სადგომის კოოპერატივის ტერიტორიის გამოყოფის შესახებ“ ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 17 დეკემბრის №25/980 გადაწყვეტილებით, კოოპერატივის გამგეობას დაევალა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 18 ივნისის №12/447 გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად გაეტარებინა საჭირო ღონისძიებები, რისთვისაც: ა) ნავსადგომის ტერიტორიის მისასვლელი გზისა და ღობეების მოწყობის სამუშაოების ჩასატარებლად, თანახმად შედგენილი ხარჯთაღრიცხვისა, დადგინდა თანხის შესატანი მოცულობა თითოეულ წევრზე 350 მანეთის ოდენობით, ნავმისადგომის გასხვისების უფლებით. ბ) კოოპერატივის თითოეულ წევრს ნავმისადგომის ტერიტორია დაუდგინდა სიგანით 5,2 მეტრი, დაკვალვა და სქემატური გეგმის შედგენა დაევალა არქიტექტურულ დაგეგმარებასა და ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს. №13 საგზაო-საექსპლოატაციო უბანს დაევალა ნავმისადგომის მისასვლელი გზის მოწყობასთან დაკავშირებით უზრუნველეყო მათ ბალანსზე რიცხული ამორტიზებული საცხოვრებელი ბანაკის აღება. საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავჯდომარის მოადგილეს დაევალა №133 საგზაო-საექსპლოატაციო უბნის საცხოვრებელი ბანაკის აღებასთან დაკავშირებით გამოენახა საშუალება აღნიშნულ ბანაკში მცხოვრებ მოქალაქეთა ბინით დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად.
მოქალაქეების - გ. გ-ისა და ო. გ-ის დასტურით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ი-ა 1986 წლიდან ფლობდა 150 კვ.მ. მიწის ნაკვეთს მდებარე ქ. ფოთში, მალთაყვის გზატკეცილის მიმდებარედ, თანდართული ნახაზის შესაბამისად. დაინტერესებული პირის - ბ. ი-ას დაკვეთით, შპს ,,ა...” მიერ შესრულებული იქნა ქ. ფოთში, მალთაყვის დასახლებაში მდებარე 150 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანოს 2014 წლის 23 მაისის №549 ცნობით, ბ. ი-ას წარმომადგენელს ლ. ა-ეს 07.05.2014 წლის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ თვითმმართველი ქალაქ ფოთის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანო მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ფოთის საკრებულოს 2011 წლის 30 მაისის №10/50 დადგენილების თანახმად, არაუფლებამოსილი იყო მოქალაქე ბ. ი-აზე გაეცა ცნობა მალთაყვის გზატკეცილზე მდებარე 150 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. ბ. ი-ას წარმომადგენელმა ლ. ა-ემ საჩივრით მიმართა თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის მოვალეობის შემსრულებელს თვითმმართველი ქალაქი ფოთის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ცნობის გაცემის დავალების მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 20 მაისის №104220 წერილის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქ. ე-ეს აცნობა, რომ ვერ გასცემდა დაზუსტებულ ინფორმაციას მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის შესახებ, რადგან მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის დროს არ არსებობდა სათანადო ტექნიკური და პროგრამული საშუალებები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული საკადასტრო რუკის მიხედვით, წარმოდგენილი უძრავი ნივთის ნაწილი გადაფარვაში მოდიოდა ამ ბაზაში რეგისტრირებულ ერთ უძრავ ნივთთან. წერილს დაერთო 2014 წლის 20 მაისს მომზადებული ორთოფოტო. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 17 ივნისის №125569 ცნობის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, უძრავ ნივთზე მდებარე: ქალაქი ფოთი, მალთაყვის გზატკეცილზე 525კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით ..., უფლების რეგისტრაციის №...; თარიღი 28.02.2013, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ცნობა №115, დამოწმების თარიღი: 21/03/2013, თვითმმართველი ქალაქის ფოთის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანო, რეგისტრირებულია გ. რ-ის საკუთრების უფლება.
თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანოს 2013 წლის 21 თებერვლის №115 ცნობით, გ. რ-ე 1982 წლიდან უვლის და მართლზომიერად სარგებლობს ქ. ფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე მდებარე 525 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ ერთსართულიან ფიცრულ შენობას. დაინტერესებული პირის გ. რ-ის დავალებით შპს ,,...” მიერ შესრულებული იქნა ქალაქ ფოთის მალთაყვის დასახლებაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 525.5კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. სანოტარო წესით დამოწმებული ა. ა-ისა და რ. ხ-ას დასტურით სასამართლომ დაადგინა, რომ გ. რ-ე ფაქტობრივად ცხოვრობს ფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე, სადაც ის ნამდვილად 1982 წლიდან ფლობს 600 კვ.მ- მდე მიწის ნაკვეთს მასზე აღმართული 35კვ.მ. ფიცრული ნაგებობით.
2013 წლის 05 მარტის საჯარო რეესტრის ამონაწერით, ქალაქ ფოთში, მალთაყვის დასახლებაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების №... საკადასტრო კოდის მქონე 525 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არის გ. რ-ე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ცნობა №115, დამოწმების თარიღი 21.02.2013, თვითმმართველი ქალაქის ფოთის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანო. ზემოაღნიშნული უძრავი ნივთი უფლებრივად არ არის დატვირთული.
ბ. ი-ას მინდობილმა პირმა, ადვოკატმა ლ. ა-ემ საჩივარი წარადგინა თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანოს უფროსის 2013 წლის 21 თებერვლის №115 ცნობის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, რომელმაც 2014 წლის 30 ივნისის №768 წერილით განმარტა, რომ საკრებულოს 2011 წლის 30 მაისის №10/50 დადგენილების თანახმად ტერიტორიული ორგანო არ იყო უფლებამოსილი ბათილად ეცნო 2013 წლის 21 თებერვალს გაცემული №115 ცნობა.
ბ. ი-ას წარმომადგენლის ლ. ა-ის მიერ ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ იქნა თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის მოვალეობის შემსრულებლის სახელზე ადმინისტრაციული წარმოების ჩასატარებლად იმ საკითხებთან დაკავშირებით, თუ რა საფუძველზე და როგორ დაარეგისტრირა გ. რ-ემ სხვისი ქონება ერთ დღეში. აგრეთვე საჩივარი შეიცავდა მოთხოვნას ქალაქ ფოთის მალთაყვის უბნის ტერიტორიულ ორგანოს დავალებოდა ბათილად ეცნო მათი სამსახურის მიერ 2013 წლის 21 თებერვლის №115 ცნობა და წარდგენილი დოკუმენტაციების საფუძველზე გაეცა ცნობა ბ. ი-ას სახელზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველს წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების შეუსაბამობა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან. აღნიშნული საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად განისაზღვრა ვადა 30 დღე.
ბ. ი-ას წარმომადგენელმა ლ. ა-ემ ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების, გ. რ-ის საკუთრების რეგისტრაციის გაუქმებისა და სადავო ფართის ბ. ი-ას სახელზე რეგისტრაციაში გატარების მოთხოვნით.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 23 ივლისის წერილის თანახმად, თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მალთაყვის უბნის ტერიტორიულ ორგანოს, ბ. ი-ას, გ. რ-ეს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს ეცნობათ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 23 ივლისის №301 ბრძანებით, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანოს 2013 წლის 21 თებერვლის №115 ცნობისა და ასევე, თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანოს მიერ ბ. ი-აზე ცნობის არგაცემის კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანოს 2014 წლის 08 აგვისტოს №895 წერილით, ბ. ი-ას წარმომადგენელს ლ. ა-ეს ეცნობა იმის თაობაზე, რომ თვითმმართველი ქ. ფოთის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას არარად ეღიარებინა ამავე ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული 2013 წლის 21 თებერვლის №115 ცნობა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 14 აგვისტოს №168943 გადაწყვეტილებით, ბ. ი-ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
1987 წლის 19 იანვარს გადახდილია ნავმისადგომის კაპიტალური კეთილმოწყობის საფასური 350 (სამასორმოცდაათი) მანეთი, რაც დგინდება ნოტარიულად დამოწმებული გადახდის ქვითრით. საქართველოს ეროვნული არქივის 2014 წლის 28 ივლისის №57/12131 წერილით, ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1980-1982 წლების დოკუმენტებში დაცული არ არის გ. რ-ეზე მიწის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება და საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ აქტი.
ბ. ი-ას წარმომადგენლის ქ. ე-ის მიერ 2014 წლის 26 აგვისტოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს სადავო ფაქტის შესწავლასთან დაკავშირებით წარედგინა განცხადება. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 14 ნოემბრის № 1-08/3075 წერილით, ქ. ე-ის მოთხოვნის თანახმად მომზადებული იქნა მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის მდებარეობის ამსახველი ნახაზები და რუკები.
სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი იქნა მცურავ საშუალებათა სხდომის კოოპერატივისათვის გამოსაყოფი ტერიტორიის გეგმა, შეთანხმებული ქ. ფოთის მთავარ არქიტექტორთან.
სასამართლოს განმარტებით, „საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, გარდა ამ მუხლის მე–4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას რეგისტრირებული უფლებების, ვალდებულებებისა და შეზღუდვების, მათი სუბიექტებისა და ობიექტების, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მათი საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავი ნივთი არის მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზობრივი ნაგებობა. „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ 2005 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თავდაპირველი რედაქციით („ს“ ქვეპუნქტი) უძრავი ნივთი განისაზღვრებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის მიხედვით. ამ ნორმის თანახმად კი უძრავ ნივთებს მიეკუთვნებოდა მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე.
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიუთითა სზაკ-ის მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო-სამართლის უფლებამოსილებას. სასამართლოს შეფასებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს საგნობრივად და ტერიტორიულად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საგნობრივი უფლებამოსილება უკავშირდება მოწესრიგების საგანს. ტერიტორიული უფლებამოსილება გულისხმობს საგნობრივად უფლებამოსილი ორგანოს სამოქმედო ტერიტორიას. სასამართლოს განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ამკვიდრებს პრინციპს, რომელიც ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მარტივი ადმინისტრაციული წესით, თუ კანონი კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენების აუცილებლობას. სზაკ-ის მე-6 თავი მოქმედებს ყველა სახის ადმინისტრაციული წარმოებისათვის. ასეთი წესით არის განმტკიცებული ადმინისტრაციული წარმოება – ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულებისაკენ. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული. სასამართლოს განმარტებით, აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, კერძოდ, მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ისე, რომ არ შეაჯეროს და არ შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, რამაც შესაძლებელია,გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლოს მოსაზრებით, გადაწყვეტილების მიღება საჭიროებს გარკვეული გარემოებების გამოკვლევას, რომელიც ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადაწყვეტილების მიღებისათვის. სასამართლოს მტკიცებით, დასადგენია თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანოს №115 ცნობა მოიცავს თუ არა ცნობა-დახასიათების მონაცემებს და ხომ არ არის ეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დავალებით განხორციელებული დახმარება, ქ. ფოთში ტექბიუროს ხანძრის შედეგად დამწვარი დოკუმენტების სანაცვლოდ ტექ. სამსახურის დახმარების გაწევის თვალსაზრისით.
სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ გასარკვევი იყო 1986 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მითითებული 5 მ. სიგანის მიწის ნაკვეთზე, 1997 წლიდან დღემდე, ხსენებულ ტერიტორიაზე, დარეგისტრირების საკითხზე განცხადების მიღებისას ხომ არ იყო გამოყენებული გენ-გეგმა, განაშენიანების პროექტები, სიტუაციური გეგმა ან ტექბიუროს არქივის დარჩენილი (ხანძარს გადარჩენილი) დოკუმენტები, რათა მომხდარიყო კონკრეტული ადგილმდებარეობების განსაზღვრა, ასევე ზედდების განსაზღვრის დროს ხომ არა ჰქონდა ადგილი ისეთ გარემოებას, როდესაც ზედდების ფარგლები შესაძლოა იყოს ნახაზის არასწორად შედგენა, ადგილი რელიეფისა და სასაზღვრო მიჯნის არარსებობის გამო გადაწეულია დასაშვებ ზომაზე მეტად, ასეთ შემთხვევაში ნახაზის შედგენით დაინტერესებულ პირს უნდა ეცნობოს, რათა მოახდინოს კორექტირება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნაკვეთის სასაზღვრო ზოლის დადგენის შემთხვევაში, სრული ნაკვეთის დაფიქსირებისას უნდა მომხდარიყო მეზობელ ნაკვეთებთან მათი ნაკვეთების ფარგლების ურთიერთშეჯერება, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა დადგენილიყო თავისუფალი მიწის ნაკვეთის ოდენობა და კონფიგურაცია ან გადაფარვის ზუსტი პარამეტრები და კონფიგურაცია. სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნული პუნქტების შესრულებით მიღებული მონაცემების ურთიერთ შედარებით შესაძლებელი იქნებოდა სადავო ტერიტორიის, სასაზღვრო ზოლისა და ნაკვეთის კონფიგურაციის დადგენა, ხოლო მის გარშემო თვალსაჩინოებისათვის პირობითად წყვეტილი ხაზებით სამეზობლო ნაკვეთების ზომისა და კონფიგურაციის შედგენა. სასამართლოს მსჯელობით, იმ ვითარებაში თუ დადგინდებოდა, რომ 1987 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე არ დგინდებოდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის კონკრეტული ადგილი, მაშინ დასადგენი იყო საერთოდ არსებობდა თუ არა ზედდების საფუძვლები.
სასამართლოს მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს უნდა გაერკვია მცურავ საშუალებათა სადგომისათვის მიწის გამოყოფის თაობაზე არსებობდა თუ არა რაიმე ადმინისტრაციული აქტი, თუ ქმედებები, რომლის შედეგად მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება და ნაკვეთის გადაცემა იყო თუ არა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების აღიარების შესახებ“ კანონის მოთხოვნათა შესრულებიდან გამომდინარე, ანუ ცალკე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული იყო თუ არა კონკრეტული მიწის ნაკვეთის გამოყოფის აქტი ან რა ფორმით, რა დოკუმენტით განხორციელდა აღნიშნული მოქმედება; ამასთან, სასამართლოს მტკიცებით გასარკვევი იყო, ხომ არ ჰქონდა ადგილი გ. რ-ისათვის მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის რეგისტრაციას ფიქტიური ხასიათი, ანუ მხოლოდ შედგენილი დოკუმენტების საფუძველზე.
სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული წარმოების დროს უნდა გამოკვლეულიყო ზემოაღნიშნული საკითხები, აღმოფხვრილიყო წინააღმდეგობები და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისას, რაც აუცილებელი იქნებოდა ამ დავის სწორად გადაწყვეტისათვის, მიღებულიყო ობიექტური, დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომელმაც ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 20 ივნისის #... გადაწყვეტილების; სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 21 ივლისის #... გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 14 აგვისტოს #168943 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბ. ი-ას სარჩელი მითითებული აქტების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში არამართებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენება, ვინაიდან მითითებული ნორმით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებდა იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდებოდა ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდებოდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო სასამართლომ მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სრული პროცესუალური უფლებამოსილება ჰქონდა თავად გადაეწყვიტა დავა და არ გამოეყენებინა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის 32.4 მუხლის დანაწესი, ვინაიდან, გასაჩივრებული აქტის მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იყო დარღვეული აქტის გამოცემის ის პროცედურები, რაც უპირობოდ შექმნიდა საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნების წინაპირობას. უპირველეს ყოვლისა პალატამ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის დანაწესზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ამ ნორმების შინაარსიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის აუცილებელია მას გააჩნდეს ამ ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის.
სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. დასახელებული მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაა 30 კალენდარული დღე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს ვადა აითვლება დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნების შემთხვევაში – გამოქვეყნებიდან. აღნიშნული ვადის გაგრძელება დაუშვებელია. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, მართებულად შეაჩერა და შეწყვიტა სარეგისტრაციო საქმის წარმოება, ვინაიდან მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები ზედდებაში მოდიოდა გ. რ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ქ. ფოთში, მალთაყვის დასახლებაში მდებარე 525 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გ. რ-ის საკუთრების უფლების კანონიერების ან სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ამავე სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები შესაბამისობაში იყო ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნებთან და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლიდან გამომდინარე არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ი-ამ, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“, რომლის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებზე, რომელთა შინაარსიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის აუცილებელია მას გააჩნდეს ამ ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატას აღნიშნული ნორმა საერთოდ არ უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან ტექ. ბიურო დამწვარია, მონაცემები განადგურებულია და მოქალაქეები რეგისტრაციას ახორციელებენ მათ ხელთ არსებული დოკუმენტების მიხედვით. აღნიშნული კი არ უნდა გახდეს სხვისთვის საკუთრების დარეგისტრირების საფუძველი. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ ქ. ფოთის პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით, სადაც ჩვენება მისცა გ. რ-ემ და მთლიანად უარყო სადავო მიწასთან მისი შეხება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბ. ი-ას საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ბ. ი-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2016 წლის 21 იანვარს, 12:00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ი-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. ი-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ „მცურავ საშუალებათა სადგომის კოოპერატივის ტერიტორიის გამოყოფის შესახებ“ ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 17 დეკემბრის №25/980 გადაწყვეტილებით, კოოპერატივის გამგეობას დაევალა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1986 წლის 18 ივნისის №12/447 გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად გაეტარებინა საჭირო ღონისძიებები, რისთვისაც ნავსადგომის ტერიტორიის მისასვლელი გზისა და ღობეების მოწყობის სამუშაოების ჩასატარებლად დადგინდა თანხის შესატანი მოცულობა თითოეულ წევრზე 350 მანეთის ოდენობით, ნავმისადგომის გასხვისების უფლებით. კოოპერატივის თითოეულ წევრს ნავმისადგომის ტერიტორია დაუდგინდა სიგანით 5,2 მეტრი, დაკვალვა და სქემატური გეგმის შედგენა დაევალა არქიტექტურულ დაგეგმარებასა და ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს. მოქალაქეების - გ. გ-ისა და ო. გ-ის დასტურით დადგენილია, რომ ბ. ი-ა 1986 წლიდან ფლობდა 150 კვ.მ. მიწის ნაკვეთს მდებარე ქ. ფოთში, მალთაყვის გზატკეცილის მიმდებარედ. დაინტერესებული პირის - ბ. ი-ას დაკვეთით, შპს ,,ა...” მიერ შესრულებული იქნა ქ. ფოთში, მალთაყვის დასახლებაში მდებარე 150 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანოს 2013 წლის 21 თებერვლის №115 ცნობით გ. რ-ე 1982 წლიდან უვლიდა და მართლზომიერად სარგებლობდა ქ. ფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე მდებარე 525 კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთითა და მასზე განთავსებული ერთსართულიანი ფიცრული შენობით. დაინტერესებული პირის გ. რ-ის დავალებით შპს ,,...” მიერ შესრულებული იქნა ქალაქ ფოთის მალთაყვის დასახლებაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 525.5კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. მოქალაქეების - ა. ა-ისა და რ. ხ-ას სანოტარო წესით დამოწმებული დასტურით დადგენილია, რომ გ. რ-ე ფაქტობრივად ცხოვრობდა ქ. ფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე, სადაც ის 1982 წლიდან ნამდვილად ფლობდა 600 კვ.მ-მდე მიწის ნაკვეთს მასზე აღმართული 35კვ.მ. ფიცრული ნაგებობით.
2013 წლის 05 მარტის საჯარო რეესტრიდან ამონაწერით, ქალაქ ფოთში, მალთაყვის დასახლებაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების №... საკადასტრო კოდის მქონე 525 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არის გ. რ-ე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ცნობა №115. ზემოაღნიშნული უძრავი ნივთი უფლებრივად არ არის დატვირთული.
ასევე დადგენილია, რომ ბ. ი-ამ საჩივარი წარადგინა თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანოს უფროსის 2013 წლის 21 თებერვლის №115 ცნობის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, რომელმაც 2014 წლის 30 ივნისის №768 წერილით განმარტა, რომ საკრებულოს 2011 წლის 30 მაისის №10/50 დადგენილების თანახმად, ტერიტორიული ორგანო არ იყო უფლებამოსილი ბათილად ეცნო 2013 წლის 21 თებერვალს გაცემული №115 ცნობა.
ბ. ი-ას წარმომადგენლის ლ. ა-ის მიერ ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ იქნა თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის მოვალეობის შემსრულებლის სახელზე ადმინისტრაციული წარმოების ჩასატარებლად იმ საკითხებთან დაკავშირებით, თუ რა საფუძველზე და როგორ დაარეგისტრირა გ. რ-ემ სხვისი ქონება ერთ დღეში. აგრეთვე საჩივარი შეიცავდა მოთხოვნას ქალაქ ფოთის მალთაყვის უბნის ტერიტორიულ ორგანოს დავალებოდა ბათილად ეცნო მათი სამსახურის მიერ 2013 წლის 21 თებერვლის №115 ცნობა და წარდგენილი დოკუმენტაციების საფუძველზე გაეცა ცნობა ბ. ი-ას სახელზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველს წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების შეუსაბამობა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან.
ბ. ი-ას წარმომადგენელმა ლ. ა-ემ ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების, გ. რ-ის საკუთრების რეგისტრაციის გაუქმებისა და სადავო ფართის ბ. ი-ას სახელზე რეგისტრაციაში გატარების მოთხოვნით.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 23 ივლისის №301 ბრძანებით, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანოს 2013 წლის 21 თებერვლის №115 ცნობისა და ასევე, თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანოს მიერ ბ. ი-აზე ცნობის არგაცემის კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანოს 2014 წლის 08 აგვისტოს №895 წერილით, ბ. ი-ას წარმომადგენელს ლ. ა-ეს ეცნობა იმის თაობაზე, რომ თვითმმართველი ქ. ფოთის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას არარად ეღიარებინა ამავე ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული 2013 წლის 21 თებერვლის №115 ცნობა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 14 აგვისტოს №168943 გადაწყვეტილებით, ბ. ი-ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ბ. ი-ას წარმომადგენლის ქ. ე-ის მიერ 2014 წლის 26 აგვისტოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს სადავო ფაქტის შესწავლასთან დაკავშირებით წარედგინა განცხადება. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 14 ნოემბრის № 1-08/3075 წერილით, ქ. ე-ის მოთხოვნის თანახმად მომზადებული იქნა მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის მდებარეობის ამსახველი ნახაზები და რუკები.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის არსს და სასამართლოს მსჯელობის ძირითად საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შეფასება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი, კერძოდ, მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ისე, რომ არ შეაჯეროს და არ შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს უნდა გამოეკვლიათ და შეეფასებინათ მხარეთა მიერ წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი მთელი რიგი დოკუმენტები. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, ერთი მხრივ, კასატორის - ბ. ი-ას მიერ წარმოდგენილი ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის #12/447 გადაწყვეტილება, რომლითაც მას ჯერ კიდევ 1986 წელს ქ. ფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე გამოეყო მიწის ნაკვეთი, საერთო ფართით - 150კვ.მ., რისთვისაც გადაიხადა 350 მანეთი, ხოლო მეორე მხრივ, მოწინააღმდეგე მხარის - გ. რ-ის სახელზე გაცემული ქ. ფოთის, მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანოს 2013 წლის 21 თებერვალს №115 ცნობა, რის საფუძველზეც მან საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა სადავო მიწის ნაკვეთი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, საქალაქო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის არამართებულად გამოყენებასთან დაკავშირებით იმ მოტივით, რომ მითითებული ნორმით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებდა იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდებოდა ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდებოდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სწორედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მხულის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობა, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც ადმინისტრაციულ ორგანოს, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. ფოთის სარეგისტრაციო სამსახურმა უნდა შეაფასოს მხარეთა მიერ წარმოდგენილი და საქმეში არსებული ორი ძირითადი მატერიალური საფუძველი - ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის #12/447 გადაწყვეტილება და ქ. ფოთის, მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანოს 2013 წლის 21 თებერვლის №115 ცნობა და დაადგინოს თუ რომელ დოკუმენტს გააჩნია უპირატესი იურიდიული ძალა საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მაშინ, როცა მითითებული აღმასკომის გადაწყვეტილება (გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ყველა რეკვიზიტის მითითებით) მიღებულია თვითთმართველი ორგანოს მიერ, ხოლო #115 ცნობა გეცემულია მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანოს მიერ, სადაც აღნიშნულია, რომ გ. რ-ე მართლზომიერად ფლობდა სადავო მიწის ნაკვეთს, თუმცა მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი სახეზე არ არის. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ - ფოთის სარეგისტრაციო სამსახურმა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა დაადგინოს წარმოდგენილ დოკუმენტთაგან საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის უპირატესი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასაციის მოტივს იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას არ უნდა გამოყენებინა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები, რომელთა შინაარსიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის აუცილებელია მას გააჩნდეს ამ ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, ვინაიდან ქ. ფოთში დამწვარია ტექ. ბიურო, მონაცემები განადგურებულია და მოქალაქეები რეგისტრაციას ახორციელებენ მათ ხელთ არსებული დოკუმენტებით. ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საკითხზე საქართველოს უზენაეს სასამართლოს არა ერთხელ აქვს გადაწყვეტილება მიღებული.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის არსს და სასამართლოს მსჯელობის საგანს ასევე იმ გარემოების შეფასება წარმოადგენს, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესის არსებობის პირობებში, რამდენად გააჩნდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს - მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის უფლებამოსილება და თუ გააჩნდა, რა შემთხვევაში.
მოცემულ შემთხვევაში არსებობს ისეთი ვითარება, რომ მოსარჩელე ბ. ი-ა ადმინისტრაციული საჩივრით ითხოვდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2014 წლის 20 ივნისის #... გადაწყვეტილებისა და მიწის რეგისტრაციის შესახებ 2013 წლის 5 მარტის #... გადაწყვეტილების გაუქმებას, ასევე ფოთის სარეგისტრაციო სამსახურისათვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალებას, რაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 14 აგვისტოს #168943 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის აუცილებელია, რომ ერთ შემთხვევაში (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ აქტის ბათილად ცნობა) სახეზე გვქონდეს ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივა შეამოწმოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, მეორე შემთხვევაში კი (ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა) დაინტერესებული პირის საჩივარი უკვე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობის შემოწმების, გაბათილების მოთხოვნით, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის №ბს-1695-1651(კ-10) გადაწყვეტილებაზე, რომელშიც სასამართლოს მიერ განიმარტა - „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.3 მუხლზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს უშუალოდ ან თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების და ავტორიზირებული პირების მეშვეობით. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ მუხლში საუბარია სააგენტოზე, როგორც ერთიან ადმინისტრაციულ ორგანოზე, თუმცა საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის სტრუქტურული წყობა არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ მას არა აქვს უფლება ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე გადაამოწმოს მის მიერვე მიღებული აქტის კანონიერება. გასაჩივრების ადმინისტრაციული წესი იძლევა ადმინისტრაციულ სფეროში პრევენციული ზომების მიღების, ადმინისტრაციული ორგანოს სისტემის თვითკონტროლის საშუალებას, იძლევა შესაძლებლობას ადმინისტრაციულმა ორგანომ თავადვე გამოასწოროს საკუთარი შეცდომა, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების მთავარ მახასიათებელს, საერთოა მმართველობითი საქმიანობის ყველა სფეროსთვის და აძლევს დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობას, მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების გადასინჯვა. სწორედ ამ გარემოებითაა განპირობებული სზაკ-ის 178-ე მუხლში განხორციელებული ჩანაწერი, რომლის შესაბამისადაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოსა და პირებს შორის არსებობს უფლებამოსილებათა დისბალანსი, მათ შორის, ურთიერთობა საჭიროებს ეფექტურ კონტროლს, რაც გამოვლენას ჰპოვებს ერთი მხრივ, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაში საკუთარ გადაწყვეტილებებსა თუ მოქმედებებზე განახორციელოს თვითკონტროლი და მეორე მხრივ, იძლევა შესაძლებლობას ამ მოქმედებათა სრული ციკლი მოექცეს სასამართლო კონტროლქვეშ.
აღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გამორიცხავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებას კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით უზრუნველყოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლი“.
ამდენად, ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში გაკეთებული განმარტებისა და დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობას.
ამდენად, საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 20 ივნისის #... გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 21 ივლისის #... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 14 აგვისტოს #168943 გადაწყვეტილება და ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. ი-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. ი-ას სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ბ. ი-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ბ. ი-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 20 ივნისის №... გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 21 ივლისის №... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 14 აგვისტოს №168943 გადაწყვეტილება და ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს ბ. ი-ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 420 ლარის (120+300) ანაზღაურება;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი