საქმე N 010310014545413
Nბს-608-601 (2კ-15) 11 თებერვალი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუგზარ სხირტლაძე, მაია ვაჩაძე
სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე
კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახური, შპს ,,ქ...”
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ბ ...”
მოპასუხე - შპს ,, ...+”
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 11 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს
„ბ...“ დირექტორმა ჯ. ს-მა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის, შპს ”... +”-ის და შპს „ქ...“ მიმართ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 7 მაისის N… გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანის გზით სადავო ქონების მესაკუთრედ შპს ,, ... +“ის აღრიცხვის მოთხოვნით.
სარჩელის მიხედვით, 2012 წლის 5 დეკემბერს შპს ,,ბ ...“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,, ... +“-ის მიმართ და მოითხოვა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეზე თანხის დაკისრება. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მან მოითხოვა ქ. ქობულეთში, ... გამზირი N... ,,ა“-ში მდებარე 1853,79 კვ.მ შენობა-ნაგებობების და 3468 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N...) ყადაღის დადება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებას, რომელიც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 17 იანვარს მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს ,,ბ ...“ სასარჩელო მოთხოვნა. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ 2014 წლის 13 მაისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, თუმცა აღსრულება ვერ განხორციელდა, რადგან აღმოჩნდა, რომ ყადაღადადებული ქონება საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 7 მაისის N…4 გადაწყვეტილებით რეგისტრირებული იყო შპს ,,ქ ...“.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ბ...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ბ...” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „ბ...” სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 7 მაისის №… გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით აღრიცხოს შპს „... +”-ის სახელზე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 იანვრის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს ,, ... +“-ს შპს ,,ბ ...“ სასარგებლოდ დაეკისრა 14 520 აშშ დოლარის და სარჩელის შეტანის დღიდან, ანუ 2013 წლის 4 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს - 12000 აშშ დოლარის 0,1 %-ის გადახდა. გადაწყვეტილების აღსრულება უზრუნველყოფილი იყო მოპასუხის საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული ყადაღით.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანი მართლმსაჯულების რეალურ განხორციელებას ემსახურება და სასამართლოს მიერ მიღებული რეალური გადაწყვეტილებით დადგენილი სიკეთით კრედიტორის სარგებლობის ხელშეწყობაა, რათა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დროისათვის მისი ინტერესი მოვალის არაკეთილსინდისიერების გამო არ შეილახოს, ხოლო მართლმსაჯულებას ფორმალური ხასიათი არ მიეცეს. სარჩელის აღძვრის პირობებში მოსარჩელე სარგებლობს ეფექტური დაცვის უფლებით და პრევენციული დაცვის უფლებით. ეფექტური დაცვა თავად სარჩელით მოთხოვნილი უფლების მოპოვებას გულისხმობს, ხოლო პრევენციული დაცვისას მოსარჩელე უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ სანამ უფლება აღუდგება, უნდა არსებობდეს პრევენცია, რომ ეს უფლება არ გაუქმდება. შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც შპს ”...+”-ს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა პირზე საკუთრების უფლებით რეგისტირებული ქონების გარდა არ გააჩნდა სხვა ქონება, ამ ქმედებით ადმინისტრაციულმა ორგანომ ფაქტობრივად პრევენციული დაცვის გარეშე დატოვა შპს „ბ...”, რითაც არსებითი საფრთხე შეუქმნა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის უფლების ანუ შპს „ბ...” საკუთრების უფლების რეალიზაციას.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში არსებობს სასამართლოს მიერ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მიღებული და კანონიერ ძალაში შესული ორი გადაწყვეტილება, რომელთა შესრულება საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, კერძოდ, როგორც უკვე აღინიშნა, შპს ,,ბ ...“ სასარგებლოდ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის შესრულების უზრუნველყოფა ასევე გარანტირებული იყო ისევ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით გამოყენებული ყადაღით და ასევე - შპს ,,ქ ...“ სასარგებლოდ 2014 წლის 4 მარტს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც გადაწყდა ამ უკანასკნელის მიერ შპს ,, ...+“-ის საწესდებო კაპიტალში შეტანილი №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების შპს ,,ქ ...“ დაბრუნება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება, უტყუარობისა და სანდოობის პრეზუმფციის მიუხედავად, ვერ აღსრულდება პირის მიმართ, რომელიც დავაში არ მონაწილეობს. ეს კი ნიშნავს, რომ სამოქალაქო საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას სავალდებულო, ანუ აღსასრულებელი ძალა გააჩნია უშუალოდ მოდავე მხარეთათვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის დანაწესი, რომლის შესაბამისად სააღსრულებო ფურცლის რეკვიზიტები სხვა მონაცემებთან ერთად შეიცავს მხოლოდ კრედიტორისა და მოვალის დასახელებებს. აქედან გამომდინარე ცხადია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და შესაბამისად გადაწყვეტილების დასკვნითი, სარეზოლუციო ნაწილი, რომელშიც საბოლოო სახით არის წარმოდგენილი სასამართლო განხილვის შედეგები, შესაბამისად, იგი ლოგიკურად გამომდინარეობს გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შეფასებიდან, შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონედ მხოლოდ მოდავე მხარეთათვის მიიჩნევა. ამდენად ცალსახაა, რომ იმ პირებს, რომლებიც სამართალწარმოებაში არ მონაწილეობდნენ, გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტების შეცილების უფლება შენარჩუნებული აქვთ და ეს ლოგიკურიცაა, რადგან სამოქალაქო სამართალწარმოება, პრაქტიკულად, სრულად შეჯიბრებითობის პრინციპზეა აგებული. ეს კი ნიშნავს, რომ სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, თითქმის მთლიანად, მოდავე მხარეთა მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე ეყრდნობა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანების მე-14 მუხლის მე-19 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასამართლო/საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონეა მხოლოდ ამავე სამართალწარმოებაში მონაწილე მხარეების მიმართ და მისი აღსრულებით არ შეიძლება შეიზღუდოს სხვა პირის კანონით დაცული უფლება. მოცემულ შემთხვევაში კი, ადმინისტრაციული ორგანო დასახელებული ნორმის სიტყვასიტყივთი განმარტებიდან გამომდინარე ფორმალურად მიუდგა სადავო საკითხს და გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით შპს „ქ...” სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისას, რომელშიც აპელანტი მხარედ დაფიქსირებული არც ყოფილა, ისე, რომ არც კი შეატყობინა ამ უკანასკნელს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, დაარღვია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის უფლების მქონე პირთა უფლებების სამართლიანი ბალანსი.
აღნიშნული გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურმა და შპს ,,ქ ...” საკასაციო წესით გაასაჩივრეს მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
შპს „ქ...“ საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანების მე-14 მუხლის მე-19 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ავალდებულებდა საჯარო რეესტრს დაერეგისტრირებინა საკუთრების უფლების გადასვა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლო ვერ მიუთითებს საჯარო რეესტრს სხვა რომელი ნორმატიული აქტით უნდა ეხელმძღვანელა. შპს „ბ...“ ყადაღა გაუქმდა სასამართლო განჩინებით, რომელიც მას არ გაუსაჩივრებია. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საკანონმდებლო ხარვეზზე, თუმცა ასეთი ხარვეზი არ არსებოს. საჯარო რეესტრის სადავო აქტი მიღებულია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტისა და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი შემდეგ საფუძვლებს ემყარება: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. სასამართლომ არ გაითვალისწინა „საჯარო რეესტრის“ შესახებ კანონის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანების მე-14 მუხლის მე-19 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და შპს ,,ქ...” საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე: ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 იანვრის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს ,, ... +“-ს შპს ,,ბ ...“ სასარგებლოდ დაეკისრა 14 520 აშშ დოლარის და სარჩელის შეტანის დღიდან, ანუ 2013 წლის 4 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს - 12000 აშშ დოლარის 0,1 %-ის გადახდა. გადაწყვეტილების აღსრულება უზრუნველყოფილი იყო მოპასუხის საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული ყადაღით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 7 მაისის N… გადაწყვეტილებით ეს უძრავი ქონება დარეგისტრირდა შპს ,,ქ ...“ სახელზე, ვინაიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ქ...“ მიერ შპს ,, ...+“-ის საწესდებო კაპიტალში შეტანილი უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით ..., შპს ,,ქ ...“ დაუბრუნდა.
განსახილველი დავის ფარგლებში უნდა გადაწყდეს, უფლებამოსილი იყო თუ არა საჯარო რეესტრი, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დაერეგისტრირებინა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა, ისეთ პირობებში, როდესაც ამ ქონებაზე სხვა დავის ფარგლებში გამოყენებული იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა.
თავდაპირველად სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 631 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მესაკუთრისათვის მისი განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების – აკრძალვის გამოცხადებას.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული უფლებები და ვალდებულებებია: ა) საკუთრება; ბ) აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა; გ) უზუფრუქტი; დ) სერვიტუტი; ე) იპოთეკა; ვ) ქირავნობა, ქვექირავნობა; ზ) იჯარა, ქვეიჯარა; თ) თხოვება; ი) ლიზინგი; კ) საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები; ლ) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
„საჯარო რეესტრის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანების მე-14 მუხლის მე-19 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნივთზე რეგისტრირებული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა (მისი შინაარსის გათვალისწინებით) გამორიცხავს ამ ნივთზე სხვა რაიმე უფლების/ვალდებულების რეგისტრაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტს წარმოადგებს სასამართლო/საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავი.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ზოგად განმარტებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების დანიშნულების თაობაზე, ამასთან, დამატებით აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზანია მოსარჩელის დაცვა მეორე მხარის არაკეთილსინდისიერი მოქმედებებისგან, რათა მოპასუხემ მოჩვენებითი ან რეალური გარიგებების დადების გზით არ აიცილოს სასამართლოს გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის აღსრულება. სარჩელის უზრუნველყოფა იცავს მხარის მიერ გამოვლენილი ნების ფარგლებში ქონების განკარგვისაგან, რაც არ გამორიცხავს მესაკუთრის ცვლილების რეგისტრაციას, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო წესით დადგინდება, რომ ქონების მესაკუთრე სხვა პირია და არა უზრუნველყოფილი სარჩელის მოპასუხე. უფრო მეტიც, ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის მიზანია, საბოლოოდ, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა, იგი მიმართულია მხოლოდ კონკრეტულ დავაში მოპასუხედ ჩაბმული პირების მიმართ და არ შეიძლება მესამე პირებზე გავრცელდეს. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის საფუძველზე, აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებიდან, თუ აღსრულების პროცესში შესაძლებელია ზუსტად დადგენა, ვის ეკუთვნის ქონება რეალურად.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ არის უზრუნველყოფილი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებელი ამ ნორმის მიხედვით ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უფლებებში მოიაზრებს მხოლოდ სანივთო უფლებებს და იგი არ ეხება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გამოყენებულ ყადაღას, რადგან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება − ყადაღა არ წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას და იგი მხოლოდ ყადაღადადებული ქონების მესაკუთრის მხრიდან განკარგვის აკრძალვას ემსახურება, შესაბამისად მას მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავებით არ გააჩნია აქცესორული (მიმდევნებითი) ბუნება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ფუნქციას მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა წარმოადგენს, ხოლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების, ანუ სანივთო უფლების ფუნქცია კი შეუსრულებელი ვალდებულების შესრულებაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოვალისათვის ვალდებულების შესრულების დაკისრება უზრუნველყოფის საშუალებით ხორციელდება, ანუ მოვალის შესასრულებელ ვალდებულებას მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ანაცვლებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააღსრულებო სამართალი საჯარო სამართალს მიეკუთვნება, ვინაიდან მისი საგანია სასამართლო გადაწყვეტილებების და კანონით გათვალისწინებული სხვა აქტების ,,იძულების ძალით’’ განხორციელება, რაც ლეგიტიმირებულია არა კრედიტორის კერძოსამართლებრივი მოთხოვნით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილებით. შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულებაა სააღსრულებო სამართლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას მოვალის უფლებებსა და თავისუფლებებში კანონისმიერი ჩარევის გზით აღასრულოს კრედიტორის მოთხოვნა – სახელმწიფოს დახმარებით განახორციელოს სასამართლო ხელისუფლების მიერ (გადაწყვეტილებით) ტიტულირებული, დადასტურებული მოთხოვნა, რაც წარმოადგენს სახელმწიფოს სააღსრულებო კომპეტენციის გამოვლინებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „საჯარო რეესტრის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანების ზემოაღნიშნული მუხლი არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ საჯარო რეესტრს შეუძლია, დაარეგისტრიროს მხოლოს იმ სასამართლო/არბიტრაჟის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი, რომელიც მიღებულია იმავე საქმეზე, რაზეც გამოყენებული იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ამგვარ შეზღუდვას ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს.
საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ სასამართლო აქტებს შორის იერარქია არ არსებობს და კანონიერ ძალაში შესული ნებისმიერ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ან განჩინება თანაბრად სავალდებულოა შესასრულებლად, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება პრაქტიკულად სრულად შეჯიბრებითობის პრინციპზეა აგებული. ეს კი ნიშნავს, რომ სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, თითქმის მთლიანად, მოდავე მხარეთა მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზეა დაყრდნობილი, ეს ფაქტები და მტკიცებულებები კი შეიძლება, სრული და ობიექტური არც იყოს, ყოველგვარ აზრს მოკლებულია. გადაწყვეტილების სავალდებულო ძალის თვალსაზრისით არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სამოქალაქო სამართალწარმოების თავისებურებებს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრისათვის სავალდებულო ძალის მქონე იყო. საკასაციო სასამართლო ასევე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ გადაწყვეტილების (შემდგომი მსჯელობიდან გამომდინარე, უნდა იგულისხმებოდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება) სარეზოლუციო ნაწილი შესასრულებლად სავალდებულოა მხოლოდ მოდავე მხარებისათვის. ნებისმიერი პირი თუ ორგანიზაცია ან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, შეასრულოს ის მოქმედება, რაც საჭიროა სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღრვული სამართლებრივი შედეგების აღსრულებისათვის. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც სამოქალაქო, ისე ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით რაიმე ვალდებულება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იმ პირს, რომელიც საქმის განხილვაში ჩაბმული იყო. თუ გადაწყვეტილება შეეხება იმ პირის ინტერესებს, რომელიც არ მონაწილეობდა საქმეში, ეს გარემოება, შეიძლება, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი გახდეს, თუმცა საკასაციო სასამართლო, სააპელაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ამგვარი მოცემულობა არ გვაქვს სახეზე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ბ...“ მიმართ არავითარი სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა. რეალურად, დადგინდა, რომ შპს ,, ...+“ არ არის იმ ქონების მესაკუთრე, რომელზეც შპს „ბ...“ აღსრულების მიქცევას იმედოვნებდა. ეს გარემოება კი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას ვერ დააბრკოლებს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისიწინა ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ივლისის განჩინებით (საქმე №73 ყ/მ-2014), ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა და სადავო უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით N...) ყადაღისაგან გათავისუფლდა, ანუ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის შენარჩუნების საკითხიც სადავო იყო მოცემული დავის ფარგლებში, აღარ არსებობს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად არასწორად შეაფასა, რის შედეგადაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე-412-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 7 მაისის N… გადაწყვეტილება კანონიერია.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანების მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძლები. მოცემულ შემთხვევაში, რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობდა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ გადაწყვეტილებაში ასახული სამართლებრივი შეფასებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, ამდენად, შპს „ბ...“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, შპს „ბ...“ კასატორებს უნდა აუნაზღაუროს საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი თითოეულს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექისის 411-ე, 53-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და შპს ,,ქ ...” საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:
3. შპს „ბ...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „ბ...“ დაეკისროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ანაზღაურება;
5. შპს „ბ...“ დაეკისროს შპს ,,ქ ...” სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ანაზღაურება;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ნ. სხირტლაძე
მ. ვაჩაძე