№ბს-655-647(კ-15) 11 თებერვალი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს მთავრობა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ბ-ა (მოსარჩელე)
მოპასუხე - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2014 წლის 20 ივნისს ნ. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს მთავრობის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მან 2013 წლის 26 ნოემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს და ომში დაღუპული ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. 2013 წლის 12 დეკემბრის #4064/18 წერილით ნ. ბ-ას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებოდნენ მხოლოდ 1998 წლის მაისის მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრები.
მოსარჩელემ მითითებული აქტი გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, რომელმაც 2014 წლის 16 იანვარს ადმინისტრაციული საჩივარი თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად დააბრუნა უკან იმ საფუძვლით, რომ 2014 წლის 1 იანვრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ განისაზღვრა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, რომლის კონტროლსაც ახორციელებდა საქართველოს მთავრობა.
აღნიშნულის შემდეგ მოსარჩელემ 1 თვის ვადაში მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით. 2014 წლის 14 მარტს მან უკან გამოიხმო სარჩელი და ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს მთავრობას, რომელმაც 2014 წლის 9 ივნისს მოსარჩელეს უარი უთხრა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რადგან „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი ადგენდა იმ პირთა წრეს, რომლებიც განეკუთვნებოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს. საქართველოს მთავრობამ ამ ნორმის გათვალისწინებით, ვ. კ-ი არ ჩათვალა ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საბრძოლო მოქმედებების დროს გარდაცვლილ პირად, რადგან იგი გარდაცვლილი იყო საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, ამასთან, ვ. კ-ის გარდაცვალების დრო არ ემთხვეოდა 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოში მომხდარი საბრძოლო მოქმედებების დროს.
მოსარჩელის მითითებით, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 ოქტომბრის #1063 განკარგულების თანახმად, ვ. კ-ი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის, თავდადებისა და თავგანწირვისათვის (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. ამდენად, აღნიშნული აქტით ვ. კ-ი უკვე აღიარებული იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის დროს დაღუპულ პირად. შესაბამისად, მისი მეუღლე ნ. ბ-ა ითვლებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპული პირის ოჯახის წევრად და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სუბიექტად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის 2013 წლის 2 დეკემბრის №36-15 ოქმისა და 2013 წლის 12 დეკემბრის №4064/8 გადაწყვეტილების, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №1030 განკარგულების ბათილად ცნობა და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც ნ. ბ-ა რეგისტრაციაში გატარდება როგორც ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის დროს დაღუპული ვეტერანის ოჯახის წევრი და მასზე გაიცემა შესაბამისი მოწმობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ნ. ბ-ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა აწ გარდაცვლილ ვ. კ-თან. 1998 წლის 29 იანვარს გაცემული №078147 გარდაცვალების მოწმობით დადგენილია, რომ ვ. კ-ი გარდაიცვალა 1998 წლის 14 იანვარს ქალაქ ოჩამჩირეში, საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2014 წლის 13 მაისს გაცემული №01/98496 წერილით დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტების ერთიან, ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება მოქალაქე ვ. კ-ის მიმართ 1998 წლის 02 ივნისს ქ. თბილისის ტყვარჩელის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული გარდაცვალების აქტის ჩანაწერი. აღნიშნულ აქტზე დაყრდნობით, თბილისის სრ სამსახურის მიერ 2013 წლის 21 თებერვალს გაცემულ იქნა გარდაცვალების მოწმობა №011370006026.
საქართველოს შს სამინისტროს შინაგანი ჯარების ... სამხედრო ნაწილის მეთაურის დ. ღ-ას მიერ ხელმოწერილი საბრძოლო მოკვლევის თანახმად, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისას, 1992 წლის აგვისტოდან ვ. კ-ი იარაღით ხელში იცავდა სამშობლოს ტერიტორიულ მთლიანობას. ოჩამჩირეში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 24-ე ბრიგადის ჩამოყალიბებისთანავე ვ. კ-ი ჩარიცხული იყო ... მოტომსროლელ ბატალიონში ... თანამდებობაზე და იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბატალიონის ყველა საბრძოლო ოპერაციებში. 1993 წლის მარტში სეპარატისტთა მიერ განხორციელებული შემოტევის მოგერიებისას ვ. კ-ის საბრძოლო მოქმედება გამოირჩეოდა სამხედრო საქმის მაღალი ცოდნითა და წინდახედულობით, რისთვისაც იგი დაჯილდოვებულ იქნა მედლით „საბრძოლო მამაცობისათვის“. აფხაზეთის დაცემის შემდეგ ვ. კ-ი მსახურობდა სხვადასახვა ძალოვან სტრუქტურებში. 1996 წლის თებერვლიდან ჩარიცხული იყო საქართველოს შს სამინისტროს შინაგანი ჯარების ... სამხედრო ნაწილში ... თანამდებობაზე, შემდეგ კი ... იყო გადაყვანილი. ერთ-ერთი სამხედრო დავალების შესრულებისას 1998 წლის 14 იანვარს ვ. კ-ი გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 ოქტომბრის №1063 განკარგულებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის, თავდადებისა და თავგანწირვისათვის - პოლიციის ლეიტენანტი, აფხაზეთის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების ასეულის პოლიციელი - ვ. კ-ი დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (სიკვდილის შემდეგ).
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის 2013 წლის 02 დეკემბრის №36-15 სხდომის ოქმით დასტურდება, რომ ნ. ბ-ას კომისიის უმრავლესობით უარი ეთქვა ომში დაღუპული ოჯახის წევრის სტატუსზე და დარჩა მხოლოდ მარჩენალდაკარგულის სტატუსი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის 2013 წლის 12 დეკემბრის №4064-18 გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ნ. ბ-ას მის მიერ წარდგენილ განცხადებაზე განემარტა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის უზრუნველყოფას ექვემდებარება 1998 წლის მაისის მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ბ-ას არ მიენიჭა ომში დაღუპული ოჯახის წევრის სტატუსი. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 09 ივნისის №1030 განკარგულებით ნ. ბ-ას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით.
სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება იმ პირთა ოჯახებზე, რომლებიც იყვნენ საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, ფინანსთა სამინისტროების (მათ შორის, ყოფილი სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, საგარეო დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, ფინანსური პოლიციის) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი სამხედრო ან გასამხედროებული ორგანიზაციების მოსამსახურეები და მუშაკები (მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი)), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებებში ჩარიცხული სამოქალაქო პირები – მოხალისეები, რომლებიც: ა) დაიღუპნენ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის; ბ) საბრძოლო მოქმედებების პერიოდში ასრულებენ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას. ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებები ვრცელდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ მებრძოლთა ოჯახების შემდეგ წევრებზე: ა) შრომისუუნარო მეუღლეზე, მშობლებსა და შვილებზე; ბ) არასრულწლოვან შვილებზე 18 წლის ასაკის მიღწევამდე.
სასამართლოს მითითებით, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, აგრეთვე დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის -თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და მტკიცებას არ საჭიროებს, რომ 1998 წლის იანვარში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა არ მიმდინარეობდა, შესაბამისად, შეუძლებელია ვ. კ-ი ასეთი ბრძოლის დროს გარდაცვლილიყო.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ ვ. კ-ი დაჯილდოვებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის, თავდადებისა და თავგანწირვისათვის ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (სიკვდილის შემდეგ), რაც წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ პირად აღიარებას. შესაბამისად, ვ. კ-ი პრეზიდენტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უკვე აღიარებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ პირად, რაც ოჯახის წევრის რეგისტრაციაში გატარებისა და მასზე შესაბამისი მოწმობის გაცემის საფუძველია.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 31 ივლისის დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულების მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ვახტანგ გორგასლის ორდენით ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლებში გამოიჩინეს გმირული თავდადება და მამაცობა, უნარიანი ხელმძღვანელობით უზრუნველყვეს სამხედრო ნაწილებისა და ქვეგანაყოფების წარმატება, შეიმუშავეს და განახორციელეს საბრძოლო ოპერაციები. ვახტანგ გორგასლის ორდენი სამი ხარისხისაა. დაჯილდოება ხდება შემდეგი თანამიმდევრობით: III ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი საბრძოლო მომზადებისათვის. აღნიშნული ნორმების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით ვ. კ-ის დაჯილდოვება ავტომატურად არ გულისხმობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ პირად აღიარებას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ კი, საქართველოს შს სამინისტროს შინაგანი ჯარების ... სამხედრო ნაწილის მეთაურის დ. ღ-ას მიერ გაცემული საბრძოლო მოკვლევით დადასტურდა, რომ აფხაზეთის დაცემის შემდეგ ვ. კ-ი მსახურობდა სხვადასახვა ძალოვან სტრუქტურებში. 1996 წლის თებერვლიდან ჩარიცხული იყო საქართველოს შს სამინისტროს შინაგანი ჯარების ... სამხედრო ნაწილში ... თანამდებობაზე, შემდეგ კი ... იყო გადაყვანილი. ერთ-ერთი სამხედრო დავალების შესრულებისას 1998 წლის 14 იანვარს ვ. კ-ი გმირულად დაიღუპა. ამდენად, სასამართლოს დასკვნით, ვ. კ-ი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა და არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №1030 განკარგულება; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის 2013 წლის 2 დეკემბრის №36-15 ოქმი, აგრეთვე 2013 წლის 12 დეკემბრის №4064/18 გადაწყვეტილება; სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ნ. ბ-ას საქმესთან დაკავშირებული ფაქტების გამორკვევის, დადგენისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; შესაბამისად, ნ. ბ-ას უარი ეთქვა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დავალდებულებაზე გამოეცა კონკრეტული შინაარსის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ. ბ-ას, როგორც ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის დროს დაღუპული ვეტერანის ოჯახის წევრის რეგისტრაციაში გატარებისა და შესაბამისი მოწმობის გაცემის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოცემულ საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველოს შს სამინისტრომ სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა 1998 წლის 3 ივნისის დასკვნა. დასკვნაში მითითებულია, რომ ვ. კ-ი გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, რაც დასტურდებოდა 1998 წლის 02 ივნისს გაცემული №66182 გარდაცვალების მოწმობით. ამდენად, ორი სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოდან - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და საქართველოს შს სამინისტროდან ვ. კ-ის საქმესთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტების შედარებითი ანალიზი ცხადყოფდა, რომ ამ დოკუმენტებში მითითებული ფაქტები და გარემოებები იყო ერთმანეთის გამომრიცხავი, დოკუმენტებში - დაჯილდოვების ფურცელში და 1998 წლის 3 ივნისის დასკვნაში განსხვავებულად იყო აღწერილი ერთი და იმავე პირის - ვ. კ-ის გარდაცვალების ფაქტი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შს გენერალური შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის 2013 წლის 02 დეკემბრის №36-15 ოქმი, აგრეთვე 2013 წლის 12 დეკემბრის №4064/18 გადაწყვეტილება არსებითად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების, ასევე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის დებულებებს, რაც მათი ბათილად ცნობის საფუძველი იყო. ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოურკვევია და არ დაუდგენია საკითხი იმის შესახებ, თუ სად, რა ვითარებაში და რა მიზეზით გარდაიცვალა განმცხადებლის მეუღლე - ვ. კ-ი; საქმის სასამართლო განხილვამ ცხადყო, რომ სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოები ინახავდნენ ვ. კ-ის საქმეზე ერთმანეთის გამომრიცხავი ფაქტებისა და გარემოებების ამსახველ ოფიციალურ დოკუმენტებს ისე, რომ მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეში თავმოყრილი დოკუმენტების ერთობლიობა არ იძლეოდა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის შესაძლებლობას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტზე, რომლითაც დადგენილია, რომ ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება ჰქონდათ: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. ამდენად, დასახელებული ნორმის თანახმად, მხოლოდ იმ პირებს ჰქონდათ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება, რომელთა ოჯახის წევრები გარდაიცვალნენ: 1) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დროს ან ამ ბრძოლის დროს მიღებული ჭრილობების შედეგად, 2) აგრეთვე, 1998 წლის მაისის მოვლენების დროს ან ამ მოვლენების დროს მიღებული ჭრილობების შედეგად, აგრეთვე 3) 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს ან ამ მოვლენების დროს მიღებული ჭრილობების შედეგად. გასაჩივრებული ინდ. აქტების დასაბუთება ცხადყოფს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის წარსულში განხორციელებული ბრძოლის/ბრძოლების იურიდიული ფაქტის არსებობა დაუკავშირეს საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის კონკრეტულ ნაწილებს - მხოლოდ აფხაზეთსა და შიდა ქართლს, ასევე დროის კონკრეტულ მონაკვეთს - 1991 წლიდან 1994 წლამდე პერიოდს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მთელი რიგი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ვ. კ-ი დაიღუპა გალის რაიონის სოფ. ..., ანუ აფხაზეთის ტერიტორიაზე, თუმცა ვ. კ-ის გარდაცვალების სხვა ფაქტორები - გარდაცვალების ვითარება და გარდაცვალების დრო მოპასუხეებს აძლევს იმის მტკიცების საფუძველს, რომ ვ. კ-ი არ გარდაცვლილა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის წარსულში განხორციელებული ბრძოლის დროს. თუმცა, თუკი მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შედეგად ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად დადგინდება, რომ ვ. კ-ი ნამდვილად გარდაიცვალა გალის რაიონის სოფ. ... და თანაც იმ ვითარებაში, რა ვითარებაც აღწერილი არის დაჯილდოების ფურცელში, მოპასუხეებმა სათანადო სამართლებრივი შეფასება უნდა მისცენ საქართველოს ტერიტორიის ოკუპირებულ ნაწილში(გალის რაიონი სოფ. ...) აფხაზეთის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის ათეულის (რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ვ. კ-ი) შეყვანის ფაქტს, აგრეთვე, იმ ფაქტს, რომ ათეულის ამგვარი გადაადგილება მოხდა აფხაზეთის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებით, აგრეთვე იმ ფაქტს, რომ გალის რაიონის სოფ. ... ყოფნის დროს აფხაზ სეპარატისტებსა და აფხაზეთის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის ათეულს შორის მოხდა საომარი შეტაკება.
ამასთან, მე-3 ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოების სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 31 ივლისის დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულების“ ნორმებზე მოპასუხეებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის არარელევანტურად მიიჩნია, რადგან ვ. კ-ი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა 2000 წლის 04 ოქტომბერს, ხოლო დადგენილება მიღებულია 2009 წელს. 2000 წლის მდგომარეობით მოქმედებდა სამართლებრივი აქტი „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულება“ რომელიც დამტკიცებული იყო „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1992 წლის 24 დეკემბრის კანონით. დებულების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მე-3 ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოების შესაძლებლობა უკავშირდებოდა პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ფაქტს, ორდენით (როგორც მე-3 ხარისხის, ისე - მე-2 და 1-ლი ხარისხის ორდენებით) დაჯილდოების უმთავრესი და გადამწყვეტი წინაპირობა იყო პირის მიერ სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირული თავდადება, მამაცობა, მაღალი საბრძოლო მზადყოფნა.
რაც შეეხება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 09 ივნისის №1030 განკარგულებას, იგი წარმოადგენს ნ. ბ-ას ადმინისტრაციული საჩივრის გამო მიღებულ გადაწყვეტილებას - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, მისი გამოცემისას საქართველოს მთავრობას უნდა შეემოწმებინა გასაჩივრებული ინდივიდუალური აქტის კანონიერება როგორც ფაქტების, ისე სამართლებრივი ნორმების ჭრილში. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 09 ივნისის №1030 განკარგულება არსებითად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების, ასევე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის დებულებებს, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველი იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავრობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სასამართლოს წარუდგინა ყველა ის მტკიცებულება, რომლებიც საფუძვლად დაედო საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 ოქტომბრის #1063 განკარგულების გამოცემას, მათ შორის, დაჯილდოების ფურცელი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ვ. კ-ი გარდაიცვალა სეპარატისტთა ჯგუფთან შეტაკებისას გალის რაიონის სოფ. .... საქართველოს შს სამინისტრომ სასამართლოს წარუდგინა ასევე 1998 წლის 3 ივნისის დასკვა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტებისა და დოკუმენტების ერთობლიობა არ იძლეოდა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის შესაძლებლობას, სასამართლომ მაინც ნაწილობრივ დააკმაყოფილა ნ. ბ-ას სარჩელი.
ამასთან, სასამართლომ გამოიკვლია რა ყველა ფაქტობრივი გარემოება, იგი უფლებამოსილი იყო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, თავად მიეღო ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილება.
კასატორის მოსაზრებით, ვ. კ-ი ვერ ჩაითვლება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ პირად. ის ფაქტი, რომ ვ. კ-ი მონაწილეობას იღებდა 1991-1994 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში, რისი გათვალისწინებითაც იგი წარმოადგენდა ომის ვეტერანს, საქართველოს მთავრობის მიერ სადავოდ გამხდარი არც ყოფილა. თუმცა აღნიშნული ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ ვ. კ-ი ჩაითვალოს ტერიტორიული მთლინაობისათვის, წარმოებული საბრძოლო მოქმდებების დროს გარდაცვლილ პირად, რადგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობდა 1998 წლის იანვარში. კანონმდებელი კი კომპენსაციის დანიშვნის უპირობო საფუძვლად უთითებს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში პირის გარდაცვალების ან ამავე საბრძოლო მოქმედებებში მიყენებული ჭრილობების შედეგად მოგვიანებით გარდაცვალების ფაქტს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 3 დეკემბრის განჩინებით საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელე ნ. ბ-ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა აწ გარდაცვლილ ვ. კ-თან. 1998 წლის 29 იანვარს გაცემული №078147 გარდაცვალების მოწმობით დადგენილია, რომ ვ. კ-ი გარდაიცვალა 1998 წლის 14 იანვარს ქალაქ ოჩამჩირეში, საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2014 წლის 13 მაისს გაცემული №01/98496 წერილით დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტების ერთიან, ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ფიქსირდება მოქალაქე ვ. კ-ის მიმართ 1998 წლის 02 ივნისს ქ. თბილისის ტყვარჩელის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული გარდაცვალების აქტის ჩანაწერი. აღნიშნულ აქტზე დაყრდნობით, თბილისის სრ სამსახურის მიერ 2013 წლის 21 თებერვალს გაცემულ იქნა გარდაცვალების მოწმობა №011370006026.
საქართველოს შს სამინისტროს შინაგანი ჯარების ... სამხედრო ნაწილის მეთაურის დ. ღ-ას მიერ ხელმოწერილი საბრძოლო მოკვლევის თანახმად, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისას, 1992 წლის აგვისტოდან ვ. კ-ი იარაღით ხელში იცავდა სამშობლოს ტერიტორიულ მთლიანობას. ოჩამჩირეში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 24-ე ბრიგადის ჩამოყალიბებისთანავე იგი ჩარიცხულ იქნა ... მოტომსროლელ ბატალიონში ... თანამდებობაზე და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბატალიონის ყველა საბრძოლო ოპერაციაში. 1993 წლის მარტში სეპარატისტთა მიერ განხორციელებული შემოტევის მოგერიებისას, ვ. კ-ის საბრძოლო მოქმედება გამოირჩეოდა სამხედრო საქმის მაღალი ცოდნითა და წინდახედულობით, რისთვისაც იგი დაჯილდოვდა მედლით - „საბრძოლო მამაცობისათვის“. აფხაზეთის დაცემის შემდეგ, ვ. კ-ი მსახურობდა სხვადასახვა ძალოვან სტრუქტურებში. 1996 წლის თებერვლიდან ჩაირიცხა საქართველოს შს სამინისტროს შინაგანი ჯარების ... სამხედრო ნაწილში და გამწესდა ... თანამდებობაზე, შემდეგ კი ... იქნა გადაყვანილი. ერთ-ერთი სამხედრო დავალების შესრულებისას 1998 წლის 14 იანვარს ვ. კ-ი გმირულად დაიღუპა.
საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის 2013 წლის 02 დეკემბრის №36-15 სხდომის ოქმით დასტურდება, რომ ნ. ბ-ას კომისიის უმრავლესობით უარი ეთქვა ომში დაღუპული ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებაზე და დარჩა მხოლოდ მარჩენალდაკარგულის სტატუსი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის 2013 წლის 12 დეკემბრის №4064-18 გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ნ. ბ-ას მის მიერ წარდგენილ განცხადებაზე განემარტა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარება 1998 წლის მაისის მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ბ-ას არ მიენიჭა ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსი. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 09 ივნისის №1030 გარკარგულებით ნ. ბ-ას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს შს სამინისტრომ სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა 1998 წლის 3 ივნისის დასკვნა, რომელიც შეეხებოდა ვ. ჭ. ძე კ-ის დაღუპვის შემთხვევას. დასკვნაში მითითებულია, რომ ვ. კ-ი გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, რაც დადასტურებულია 1998 წლის 02 ივნისს გაცემული №66182 გარდაცვალების მოწმობით. ამასთან, განსხვავებულად არის აღწერილი მისი გარდაცვალების ფაქტი.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 ოქტომბრის №1063 განკარგულებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის, თავდადებისა და თავგანწირვისათვის - პოლიციის ლეიტენანტი, აფხაზეთის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების ასეულის პოლიციელი - ვ. კ-ი დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (სიკვდილის შემდეგ).
განსახილველი დავის საგანს სწორედ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის 2013 წლის 2 დეკემბრის #36-15 ოქმის, ამავე დეპარტამენტის 2013 წლის 12 დეკემბრის #4064/18 გადაწყვეტილებისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის #1030 განკარგულების კანონიერების დადგენა წარმოადგენს, რომლებითაც ნ. ბ-ას უარი ეთქვა ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებაზე.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველი სამართალურთიერთობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოების დადგენას, ნ. ბ-ა ითვლება თუ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპული პირის ოჯახის წევრად, შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს წარმოადგენს თუ არა იგი „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სუბიექტს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ საქართველოს შს გენერალური შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის 2013 წლის 02 დეკემბრის №36-15 ოქმი და 2013 წლის 12 დეკემბრის №4064/18 გადაწყვეტილება არსებითად ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების, ასევე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის დებულებებს, რაც მათი ბათილად ცნობის საფუძველია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა შეფასებისა და გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია ნ. ბ-ას საქმის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და ფაქტების გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე. კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია ვ. კ-ის გარდაცვალების შესახებ არსებული ურთიერთგამომრიცხავი ფაქტებისა და გარემოებების ამსახველი დოკუმენტები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიაკუთვნებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეებს: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეებსა და მუშაკებს, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილებს საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხულ სამოქალაქო პირებს, მოხალისეებს. აღნიშნული ნორმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს მიაკუთვნებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხოლოდ იმ მოსამსახურეებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასაციის მოტივს იმასთან დაკავშირებით, რომ ვ. კ-ი ვერ ჩაითვლება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ პირად, რადგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობდა 1998 წლის იანვარში, კანონმდებელი კი კომპენსაციის დანიშვნის უპირობო საფუძვლად უთითებს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში პირის გარდაცვალების ან ამავე საბრძოლო მოქმედებებში მიყენებული ჭრილობების შედეგად მოგვიანებით გარდაცვალების ფაქტს.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ ამ კანონის შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. ამდენად, მითითებული ნორმის თანახმად, მხოლოდ იმ პირებს აქვთ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება, რომელთა ოჯახის წევრები გარდაიცვალნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დროს ან ამ ბრძოლის დროს მიღებული ჭრილობების შედეგად. ამასთან, კანონმა გააფართოვა ნორმის მოქმედების არეალი და მიიჩნია, რომ 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს და ამ მოვლენების დროს მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებზეც გავრცელებულიყო მოცემული ნორმის მოქმედება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტის და გარემოების სათანადოდ და საფუძვლიანად გამორკვევის შედეგად უნდა განმარტონ, ხომ არ უტოლდება 1998 წლის იანვრის თვეში გალის რაიონის სოფ. ... განვითარებული მოვლენები, მიუხედავად მცირე მასშტაბისა და სათანადო, ოფიციალური სტატუსის არქონისა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის განხორციელებული ბრძოლის აქტს იმ ინტერესის გათვალისწინებით, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს ნ. ბ-ას შემთხვევაშიც. მოპასუხე მხარემ ასევე უნდა გააანალიზოს საკითხი იმის შესახებ, 1998 წლის იანვრის მოვლენები (თუკი ასეთ მოვლენებს ნამდვილად ჰქონდა ადგილი) რამდენად ჰგავს თავისი შინაარსით, მიზნებით და შედეგებით 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს პერიოდის მოვლენებს, რომლებზეც კანონში პირდაპირ არის მითითებული.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 ოქტომბრის #1063 განკარგულებაზე, რომლის თანახმად, ვ. კ-ი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის, თავდადებისა და თავგანწირვისათვის (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. ამდენად, იგი აღიარებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის დროს დაღუპულ პირად და საომარი მოქმედების დროს გამოჩენილი მამაცობის, თავდადებისა და თავგანწირვისათვის სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით; ძალაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტის ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტით ვ. კ-ი უკვე აღიარებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის დროს დაღუპულ პირად. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნული განკარგულების გათვალისწინებით, ყველა ზემოაღნიშნული ფაქტისა და გარემოების და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, ითვლება თუ არა ნ. ბ-ა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპული პირის ოჯახის წევრად და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სუბიექტად.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე (საქმე #ბს-83-80(კ-06); 25.07.2006წ. გადაწყვეტილება), სადაც განიმარტა, რომ „საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 22 დეკემბრის¹1657 განკარგულებით გ. უ აღიარებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის დროს დაღუპულად დასაომარი მოქმედების დროს გამოჩენილი მამაცობისა და თავგანწირვისათვის სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვებულია მედლით „მხედრული მამაცობისათვის“. ამდენად, ძალაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გ.უ-ი უკვე აღიარებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის დროს დაღუპულ პირად. შესაბამისად, გ.უ-ის დედა ნ. უ-ი ითვლება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპული პირის ოჯახის წევრად და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სუბიექტად“.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორს - საქართველოს მთავრობას ზემოაღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გააბათილებდა სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი და იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი