Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

187აპ-09 ქ. თბილისი

23 ივნისი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ჟ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 იანვრის განაჩენზე.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 ნოემბრის განაჩენით ბ. ჟ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «დ» ქვეპუნქტით _ 4 წლით, ხოლო 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ე» ქვეპუნქტით _ 5 წლით და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. გარდა ამისა, ბ. ჟ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ბრალდების ორი ეპიზოდი) და ამ მუხლით დანიშნული სასჯელებისგან გათავისუფლდა «ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის შესაბამისად. სსკ-ის 88-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულს ერთი მეოთხედით შეუმცირდა 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «დ» ქვეპუნქტითა და 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ე» ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ბ. ჟ-ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა საქმის წინასწარი გამოძიებისას დაკავების დრო და სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 24 ივნისიდან.

ამავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და განსასჯელებს _ კ. ს-სა და რ. გ-ს შორის.

პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული განაჩენი ბ. ჟ-ს მიმართ უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 იანვრის განაჩენით.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ბ. ჟ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 იანვრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.