Facebook Twitter

Nბს-818-810 (კ-15) 23 თებერვალი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ჟ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები - ქ. ბათუმის მერია; ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური; თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულო; მესამე პირი - თვითმმართველი ქ. ბათუმის ტერიტორიაზე განლაგებული ობიექტების დემონტაჟის შემთხვევაში გასაცემი საკომპენსაციო თანხის ოდენობის დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 ნოემბრის #92 განკარგულების საფუძველზე შექმნილი კომისია

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჟ. გ-მა 15.04.13წ. სარჩელი აღძრა ქ. ბათუმის მერიისა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურისათვის საკომპენსაციო თანხის გაცემის დავალება კვ.მ-ზე 250 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს 11900 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. მოსარჩელემ 20.06.13წ. დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა საკომპენსაციო თანხის ოდენობის განმსაზღვრელი კომისიის 13.10.10წ. N4 ოქმის საოქმო გადაწყვეტილების ჟ. გ-ის ნაწილში ბათილად ცნობა, კერძოდ იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლითაც დემონტაჟირებული ფართის ღირებულება 1 კვ.მ -ზე 100 ლარით, ხოლო მთლიანი საკომპენსაციო თანხა -4760 ლარით განისაზღვრა. მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე მერიისათვის აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მოსარჩელეს საკომპენსაციო თანხა განისზღვრება 1კვ.მ-ზე 250 აშშ დოლარით, ხოლო მთლიანი თანხა - 11.900 აშშ დოლარით. ]

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.09.13წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა ჟ. გ-ის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 07.03.13წ. გადაწყვეტილებით ჟ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საკრებულოს 13.10.10წ. N02/90 ბრძანება და ამ ბრძანებით დამტკიცებული საკომპენსაციო თანხის განმსაზღვრელი კომისიის სხდომის N4 ოქმი ჟ. გ-ზე თანხის გაცემის ნაწილში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათუმის მერიას დაეკისრა ჟ. გ-ზე ქ. ბათუმში, ... ქ. N11-ში (ამჟამად ... ქ. N20-ში) მდებარე უძრავი ქონების (47.6 კვ.მ.) დემონტაჟის სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის გადახდა 1კვ.მ-ზე 250 ლარის ოდენობით.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ბათუმის მერიის მიერ და მერიის საზედამხედველო სამსახურის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 მარტის განჩინებით ქ.ბათუმის მერიისა და ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.03.2013წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ჟ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჟ. გ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჟ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ჟ. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჟ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის განჩინება;

3. კასატორს დაუბრუნდეს 09.11.15 წლის N8423069 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 200 ლარის და 9.01.16 წლის N8975893 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 100 ლარის, სულ 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე