Facebook Twitter

Nბს-840-832 (კს-15 ) 2 თებერვალი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე - გ. რ-ი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2013 წლის 4 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა გ. რ-მა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, მესამე პირები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და მოითხოვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 19 აგვისტოს №1-1/224 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით, გ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტროს 2013 წლის 19 აგვისტოს №1-1/224 ბრძანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებული შეტყობინების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2015 წლის 14 ივლისს ჩაბარდა (ს.ფ. 191). სააპელაციო საჩივარი კი ფოსტაში წარდგენილი იქნა 2015 წლის 29 ივლისს, ანუ სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი ვადის დარღვევით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტომ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მხარის მითითებით, სააპელაციო საჩივარი ფოსტას არა 29, არამედ 28 ივლისს ჩაბარდა, რასაც კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულებები ადასტურებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორს, რომ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაშია შეტანილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2015 წლის 14 ივლისს ჩაბარდა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა 15 ივლისიდან დაიწყო და 28 ივლისს ამოიწურა.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას 29 ივლისს გადაეცა.

საქმის მასალები ადასტურებს, რომ სააპელაციო საჩივარზე დართულ კონვერტზე დაკრულია შპს „...“ შტრიხ-კოდი გზავნილის ნომრით 040000234928, რომლის „...“ ვებგვერდზე გზავნილის ძიების ველში გადამოწმებისას ნათლად ირკვევა, რომ კორესპონდენცია შპს „...“ კურიერს 2015 წლის 28 ივლისს გადაეცა. გარდა ამისა, კერძო საჩივარს ერთვის საფოსტო გზავნილების რეესტრის ამონაბეჭდი, საიდანაც ასევე დასტურდება, რომ N040000234928 გზავნილი შპს „...“ კურიერს 2015 წლის 28 ივლისს გადაეცა.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო უტყუარად დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გზავნილი ფოსტას საპროცესო ვადის ამოწურვამდე გადაეცა, ამდენად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი არ არსებობდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სხვა წინაპირობებზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექისს 412-ე, 420-ე, მე-60, 61-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინება და საქმე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე