Facebook Twitter

#ბს-851-843(გ-15) 25 თებერვალი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრი

მოპასუხეები _ ი. ქ-ი, ვ. დ-ი, რ. გ-ი

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 15 ოქტომბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ი. ქ-ის, ვ. დ-ისა და რ. გ-ის მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, რ. გ-ი იყო ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრში სოციალური პაკეტის ,,საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები“, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის 30 აპრილის №818235 ბრძანებით გახდა ცნობილი, მოპასუხე - რ. გ-ი დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რაც გულისხმობს, იმას, რომ სუბსიდიის მიღების პერიოდში ეწეოდა საჯარო საქმიანობას, რაც საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის დადგენილების №279 თანახმად, სოციალური პაკეტის ,,სახელმწიფო სუბსიდიის“ მიღების შეწყვეტის საფუძველია. მოსარჩელის განმარტებით, ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2014 წლის 12 ივნისის №04-01/3832 წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ ნებაყოფლობით დაებრუნებინა 2014 წლის მაისისა და ივნისის თვეების უკანონოდ მიღებული საყოფაცხოვრებო სუბსიდია 66 ლარის ოდენობით, რაც მას არ განუხორციელებია.

ვ. დ-ი იყო ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრში სოციალური პაკეტის ,,საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები“, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 15 მაისს გაცემული NMIA15 01042766 წერილით გახდა ცნობილი, მოპასუხე - ვ. დ-ი დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რაც გულისხმობს, იმას, რომ სუბსიდიის მიღების პერიოდში ეწეოდა საჯარო საქმიანობას, რაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სოციალური პაკეტის - ,,სახელმწიფო სუბსიდიის“ მიღების შეწყვეტის საფუძველია. მოსარჩელის განმარტებით, ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2014 წლის 12 ივნისის №04-01/3851 წერილით მოპასუხეს ეცნობა, ნებაყოფლობით დაებრუნებინა 2014 წლის მაისისა და ივნისის თვეების უკანონოდ მიღებული საყოფაცხოვრებო სუბსიდია 44 ლარის ოდენობით, რაზედაც მას დღემდე რეაგირება არ მოუხდენია.

ასევე ი. ქ-ი იყო ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრში სოციალური პაკეტის ,,საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები“, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს 2015 წლის 13 მაისს №MIA91501021202 წერილით გახდა ცნობილი, მოპასუხე ი. ქ-ი 2014 წლის თებერვალში დაინიშნა ... რაიონული სამმართველოს ... განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად, ხოლო ამჟამად მუშაობს ... რაიონული სამმართველოს ... განყოფილების უფროს-გამომძიებლად, რაც გულისხმობს იმას, რომ სუბსიდიის მიღების პერიოდში ეწეოდა საჯარო საქმიანობას და რაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სოციალური პაკეტის - ,,სახელმწიფო სუბსიდიის“ მიღების შეწყვეტის საფუძველია. მოსარჩელის განმარტებით, ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 9 ივნისის №04-01/3754 წერილით მოპასუხეს ეცნობა, ნებაყოფლობით დაებრუნებინა 2014 წლის 1 მარტიდან 2014 წლის 31 მაისის ჩათვლით უკანონოდ მიღებული საყოფაცხოვრებო სუბსიდია 66 ლარის ოდენობით, რაზედაც მას დღემდე რეაგირება არ მოუხდენია.

მოსარჩელემ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ უკანონოდ მიღებული სოციალური პაკეტის - ,,საყოფაცხოვრებო სუბსიდიის“ რ. გ-ისათვის - 66 ლარის, ვ. დ-ისათვის - 44 ლარისა და ი. ქ-ისათვის - 66 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრება მოითხოვა.

2015 წლის 4 ნოემბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა შემდეგნაირად: ი. ქ-სა და რ. გ-ს დაევალოთ უკანონოდ მიღებული სოციალური პაკეტის - ,,საყოფაცხოვრებო სუბსიდიის“ 66 – 66 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება, ხოლო ვ. დ-ის მიმართ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი გაიხმო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის სარჩელი მოპასუხეების - ი. ქ-ის, ვ. დ-ისა და რ. გ-ის მიმართ სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 11.1 ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ: ა) სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.1 მუხლის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული გაჩინებით.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა და დავის საგანია მოსარჩელე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ, მოპასუხე ფიზიკური პირების (ი. ქ-ის, ვ. დ-ისა და რ. გ-ის) მხრიდან სახელმწიფოსათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317.1 მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 1008-ე მუხლის შესაბამისად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ განმარტა, რომ კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. ამასთანავე, ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი დავის შემთხვევაში სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან. მოთხოვნა დაფუძნებულია სამოქალაქო სამართლის ნორმებზე. კერძოდ, სასამართლოში დავის საგანია არა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით იმპერატიულად დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არამედ ფიზიკური პირის ვალდებულება სახელმწიფოსათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე და შესაბამისად, წინამდებარე სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კანონმდებლობით მოწესრიგებული ურთიერთობანი, კერძოდ, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების სამოქალაქო სამართლის ნორმები.

ამდენად, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მოთხოვნის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე განმარტა, რომ წინამდებარე სადავო სამართლურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან, სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს ადმინისტრაციულ ორგანოსა და კერძო სამართლის სუბიექტებს შორის არსებული კერძო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავას, რის გამოც მოცემული საქმე არ განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 დეკემბრის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას გადმოეგზავნა.

საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ არ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობა განსჯადობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

აღნიშნული სარჩელის სამოქალაქო-სამართალწარმოების წესით განხილვა განპირობებულია სასარჩელო მოთხოვნის შინაარსით, რომელიც ერთი შეხედვით, დაფუძნებულია უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივ საფუძველებზე. სამართალში დამკვიდრებული პრინციპის თანახმად, არავინ არ შეიძლება გამდიდრდეს შესაბამისი საფუძვლის გარეშე. უსაფუძვლო გამდიდრების იურიდიული ფუნქციაა, უზრუნველყოს სამართლებრივი მექანიზმების არსებობა, რომელიც განსაზღვრავს დაზარალებულის შესაძლებლობას, ამოიღოს გამდიდრებული პირისაგან (ვითომ კრედიტორი) ვალდებულების გარეშე გადაცემული ქონებრივი აქტივები. ამდენად, სასამართლოს შეფასების ამოსავალი საკითხია შესრულების სამართლებრივი საფუძვლის არსებობა, რაც განსახილველი დავის ფარგლებში ადმინისტრაციულ კანონმდებლობას ეფუძნება.

სასამართლოს განმარტებით, იმისთვის, რომ შეფასდეს გადახდილი თანხა ქმნის თუ არა უსაფუძვლო გამდიდრების წინაპირობებს, პირველ რიგში, შესამოწმებელია, არსებობდა თუ არა სამართლებრივი საფუძველი გადახდის განხორციელებისათვის. ეს საფუძველი კი შესაძლოა, გამომდინარეობდეს მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. სასამართლომ უნდა შეაფასოს გადახდა განხორციელდა თუ არა ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის - ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №27 დადგენილების შესაბამისად.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიაჩნია, რომ აღძრული დავა მიუხედავად უსაფუძვლო გამდიდრებისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი კომპონენტების არსებობისა, თავსდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ წინაპირობებში და ექვემდებარება ადმინისტრაციულ იუსტიციას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ ქვემდებარეობას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსნებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.

მოცემულ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრი სარჩელით ითხოვდა მოპასუხეებისათვის თანხის სახელმწიფო ბიჯეტის სასარგებლოდ დაკისრებას, იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეები უკანონოდ იღებდნენ სოციალური პაკეტის - ,,საყოფაცხოვრებო სუბსიდიას“, ვინაიდან, დასაქმებულიები იყვნენ საჯარო სამსახურებში და შესაბამისად, ეწეოდნენ საჯარო საქმიანობას. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილება. შესაბამისად, შინაარსობრივად დავის მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რამდენად კანონიერად იღებდნენ მოპასუხეები - ი. ქ-ი, ვ. დ-ი, რ. გ-ი სოცილაური პაკეტს ,,სახელმწიფო სუბსიდიას“ და არსებობდა თუ არა მათთვის სოციალურ პაკეტის შეწყვეტის საფუძლები.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით მოქალაქეთა სოციალური დახმარების, მოსახელობისათვის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფას, სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს საქართველოს კანონი ,,სოციალური დახმარების შესახებ“. ამავე კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, სოციალური დახმარების სახეებია: ა) საარსებო შემწეობა; ბ) რეინტეგრაციის შემწეობა; გ) მინდობით აღზრდის ანაზღაურება; დ) სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურება; ე) არაფულადი სოციალური დახმარება; ვ) სოციალური პაკეტი. ამავე კანონის მე-121 მუხლის თანახმად, სოციალური პაკეტი არის ყოველთვიური ფულადი სარგებელი ან/და სარგებლების (ფულადი და არაფულადი სარგებლები) ერთობლიობა, რომლის მოცულობა, მიმღებ პირთა წრე, გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილება ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ არეგულირებს სოციალური პაკეტის გაცემის წესსა და პირობებს, განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური პაკეტის მხოლოდ ფულადი გასაცემლის მოცულობას, მიმღებ პირთა წრეს, დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს სოციალური პაკეტის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს ადმინისტრირების ორგანოს, არეგულირებს სოციალური პაკეტის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეთა ქმედების კანონშესაბამისობის თაობაზე მსჯელობა შეუძლებელია ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილების შესაბამისობაზე მსჯელობის, სამართლებრივი შეფასებისა და დასკვნის გარეშე, რის გარეშეც მოთხოვნის იურიდიული საფუძვლიანობა ვერ შემოწმდება.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, აღძრული სარჩელის განხილვისას ადმინისტრაციულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით უნდა გადაწყდეს რამდენად არსებობდა მოპასუხეებისათვის სოციალური პაკეტის ,,სახელმწიფო სუბსიდიის“ თანხის მიღების შეწყვეტის საფუძვლები და მას შემდეგ თუ დადგინდება, რომ ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილების საფუძველზე აღარ არსებობდა ი. ქ-ისათვის, ვ. დ-ისათვის და რ. გ-ისათვის სოციალური პაკეტის ,,სახელმწიფო სუბსიდიის“ მიღების საფუძველი, მხოლოდ მას შემდეგ უნდა გაირკვეს თანხის დაბრუნების საკითხი.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დავა სწორედ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავაა, რამდენადაც ერთ-ერთ განმსაზღვრელ ელემენტს დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის სწორედ ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობა წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქმე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის სარჩელისა გამო, ი. ქ-ის, ვ. დ-ისა და რ. გ-ი მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი