Facebook Twitter

საქმე №ბს-151-149 (კ-15) 17.03.2016 წელი

ქ. თბილისი ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

სხდომის მდივანი – ანა ვარდიძე

კასატორი (მოსარჩელე) – შ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო,

ფოთის სოციალური მომსახურების ცენტრი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.14წ. განჩინება.

დავის საგანი: კომპენსაციის შეწყვეტა, საფუძვლის არასწორი მითითება, კომპენსაციის გაანგარიშება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

05.05.14წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა შ. ბ-ემ, მოპასუხეების საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ფოთის სოციალური მოსახურების ცენტრის მიმართ და მოითხოვა: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის სოციალური მომსახურების ცენტრის 29.04.2010წ. გადაწყვეტილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 23.10.2013წ. გადაწყვეტილების და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 11.04.14წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ასევე მოპასუხისათვის 08.10.04წ. დანიშნული (539.20 ლარის ოდენობით) კომპენსაციის აღდგენა და მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურება, შეწყვეტის დღიდან, შესაბამისი გადაანგარიშების საფუძველზე საბანკო-საკრედიტო პროცენტის დარიცხვით.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 09.12.2009წ. განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით. 27.08.13წ. პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდა და მოეხსნა ნასამართლობა. 08.10.2004წ. დანიშნული ჰქონდა პენსია 539 ლარის ოდენობით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის სოციალური მომსახურების ცენტრის 29.04.2010წ. გადაწყვეტილებით გარდაცვალების საფუძვლით შეუწყდა დანიშნული სახელმწიფო კომპენსაცია 2010 წლის 01 მაისიდან. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ კომპენსაციის შეწყვეტის საფუძველი გახდა გაურკვეველი ყალბი წერილი. პენსიის შეწყვეტით გაუარესდა მისი სოციალური მდგომარეობა, გასაჩივრებული აქტები მიაჩნია დისკრიმინაციულად და ითხოვს მათ ბათილად ცნობას, 2004 წლის 08 ოქტომბრიდან დანიშნული (539.20 ლარის ოდენობით) კომპენსაციის აღდგენას და მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურებას საბანკო-საკრედიტო 14%-იანი დარიცხვით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ პენსიის გადაანგარიშება და 360 ლარის დანიშვნა უკანონოა, სააგენტო ახალ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს ვინაიდან იგი აცდენილი იქნება დროში, ხოლო მოსარჩელეს სადღეისოდ ნასამართლობა მოხსნილი აქვს საქართველოს პრეზიდენტის 02.10.13წ. №02/10/01 განკარგულებით. გარდა ამისა „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის 53-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიის გაცემის შეწყვეტა დასაშვებია თუ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდება მინიჭებული სამხედრო წოდების ჩამორთმევა, პენსიის შეწყვეტა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე უკანონოა. კონსტიტუციის 42.5 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 10.1 მუხლის თანახმად თუ კანონი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, მას არ აქვს უკუძალა, რის გამო მოსარჩელე თვლის, რომ მის მიმართ 10.02.06წ. მინისტრის ბრძანებით პენსიის გადაანგარიშება და 360 ლარის დანიშვნა უკანონოა და ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

სააგენტომ სადავო აქტში მიუთითა, რომ პენსიის შეწყვეტა მოხდა სამოქალაქო რეესტრიდან მოწოდებული არასწორი ინფორმაციის საფუძველზე, თუმცა იგი ვერ შეცვლიდა პენსიის შეწყვეტაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რადგან 09.12.09წ. გამოტანილი იყო გამამტყუნებელი განაჩენი. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტომ სადავო აქტში ფაქტობრივად აღიარა პენსიის შეწყვეტის უკანონობა (არასწორი ინფორმაციის საფუძველზე პენსიის შეწყვეტა), მოსარჩელე აღნიშნავს, რომ არ მოხდა ქვემდგომი ორგანოს უკანონო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, გაუგებარია სააგენტომ სზაკ-ის 201 მუხლით გათვალისწინებული რომელი გადაწყვეტილება მიიღო. მოსარჩელე თვლის, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 36.2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიის გადაანგარიშება არ უნდა მომხდარიყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 10.07.2014 წ. გადაწყვეტილებით შ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 11.04.2014წ., №04/30215 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელესთან მიმართებაში, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 01 თვის ვადაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძვლად მიუთითა „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.06წ. №46/ნ ბრძანება, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი, ასევე სასკ-ის 22, 32.4, სზაკ-ის 53.5, 6011 მუხლები და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს განიხილოს შ. ბ-ის საჩივარი, გამოიკვლიოს რამდენად შესაძლებელი იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის სოციალური მომსახურების ცენტრს 29.04.10წ. მიეღო გადაწყვეტილება შ. ბ-ისათვის გარდაცვალების საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის შესახებ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შ. ბ-ე არ იყო გარდაცვლილი, რამდენად კანონიერია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის სოციალური მომსახურების ცენტრის გადაწყვეტილება, არსებობდა თუ არა შ. ბ-ისათვის კომპენსაციის შეწყვეტის კანონიერი საფუძველი და ასეთის არსებობის შემთხვევაში უნდა გაირკვეს ფოთის სოციალური მომსახურების ცენტრის გადაწყვეტილების შესაბამისობა კომპენსაციის დანიშვნის საფუძველთან. აღნიშნული საკითხების სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, შ. ბ-ის საჩივრის მოთხოვნებთან მიმართებაში სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 01 (ერთი) თვის ვადაში.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ბ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 04.12.14წ. განჩინებით შ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.07.2014წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 390.3 მუხლის შესაბამისად სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება კომპენსაციის არასწორი შეწყვეტის თაობაზე და ცალსახად დადგენილად მიიჩნია, რომ ფოთის სოციალური მომსახურების ცენტრის 29.04.10წ. გადაწყვეტილებაში კომპენსაციის შეწყვეტის საფუძველი მითითებულია არასწორად. სზაკ-ის 53.5 მუხლზე, 96-ე მუხლზე მითითებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული ორგანო უნდა იღებდეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შ. ბ-ის საჩივრის განხილვა მოხდა ზემოაღნიშნული ნორმების დარღვევით, სააგენტოს საჩივრის განხილვისას არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არ დაუდგენია კომპენსაციის შეწყვეტის საფუძველი და ადმინისტრაციული საჩივრის უარყოფა მოახდინა შესაბამისი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი მონაცემების გადამოწმების გარეშე, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით იძლევა სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 11.04.14წ. №04/30215 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის შ. ბ-ის საჩივრის ხელახალი განხილვის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაბრუნების საფუძველს.

განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. ბ-ემ, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 04.12.14წ. განჩინების გაუქმების გზით ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება.

კასატორი აღნიშნავს, რომ მისი ერთ-ერთი მოთხოვნა ეხება ფოთის სოციალური მომსახურების ცენტრის 29.04.10 წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. აღნიშნული გადაწყვეტილებით შეწყდა სახელმწიფო კომპენსაცია გარდაცვალების გამო. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა მიუთითეს, რომ შეწყვეტის საფუძველი იყო უკანონო. სზაკ-ის 601 მუხლის თანახმად აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. სახეზეა არსებითი დარღვევა, მოპასუხემ დაადგინა, რომ კომპენსაციის გაცემა უნდა შეწყვეტილიყო კომპენსაციის შეწყვეტის გამო. ყოველთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს გარდაიცვალა თუ არა ადამიანი, ვინაიდან ეს საკითხი განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს. ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ კანონის არსებითი დარღვევის დადასტურების მიუხედავად, სადავო აქტი მაინც დარჩა ძალაში. სასამართლოს უნდა ეცნო ბათილად ფოთის სოციალური მომსახურების ცენტრის სადავო გადაწყვეტილება, ვინაიდან მისი კანონიერების დასადგენად აშკარად არ იყო საჭირო დამატებითი გამოკვლევა ზემდგომი ორგანოს - სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააგენტომ უნდა გამოარკვიოს გარდაცვლილია თუ არა მოსარჩელე, რაც ნონსენსია.

კომპენსაციიის შეწყვეტის კანონიერებასთან ერთად სააგენტოს დაევალა აღნიშნული კომპენსაციის ოდენობის გარკვევა. ვინაიდან უცვლელად დარჩა კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით გამოცემული 23.10.13 წ. აქტი, გაუგებარია რა უნდა გამოარკვიოს სააგენტომ. შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში აღდგენა პირვანდელი კომპენსაცია, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა 23.10.13 წ. აქტით განსაზღვრულ ოდენობასთან. კასატორი თვლის, რომ კომპენსაცია მას უკანონოდ შეუწყვიტეს, ხოლო შემდეგ უკანონოდ დაუნიშნეს უფრო დაბალი ოდენობის კომპენსაცია.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ არ არსებობს აქტი, რომლითაც განაჩენის გამოტანის გამო მას შეუწყვიტეს კომპენსაცია, შესაბამისად არ არსებობს ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“კანონის 31.1 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, ხოლო ძველი საფუძვლით ახალი გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 02.10.13 წ. ბრძანებით ის გაათავისუფლეს სასჯელის მოხდისაგან.

კასატორი არ ეთანხმება მისთვის კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრას ახალი კანონმდებლობის მიხედვით და თვლის , რომ გამოყენებული უნდა იქნეს პენსიაში გასვლის მომენტში მოქმედი კანონი ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“. ახალი კანონის, კერძოდ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონის მის მიმართ გავრცელების შემთხვევაში, 36.2 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად კომპენსაციის ოდენობა არ ექვემდებარებოდა გადაანგარიშებას.

საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფლება. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნეს და მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩიბება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ შ. ბ-ეს 08.10.04წ. დაენიშნა პენსია 539.20 ლარის ოდენობით. სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის შემდეგ, შ. ბ-ეს დაენიშნა კომპენსაცია 360 ლარის ოდენობით. მსჯავრის დადებისა და პენსიის შეწყვეტის მომენტში მოქმედი „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის 53-ე მუხლი პენსიის შეწყვეტის საფუძვლად ითვალისწინებდა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე პენსიონერისათვის მინიჭებული სამხედრო (სპეციალური) წოდების ჩამორთმევას. ხსენებული კანონის 53-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნტი გაუქმდა 23.12.05წ. კანონით შეტანილი ცვლილებების შედეგად. ვინაიდან მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამ ნორმაზე აყალიბებს, სასამართლოს უნდა ემსჯელა ხსენებული ნორმის გამოყენების შესაძლებლობაზე სადავო სამართალურთიერთობის მიმართ, რომელიც წარმოიშვა ამ ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადების შემდეგ. სააპელაციო პალატის შეფასების მიღმა დარჩა მოსარჩელის მოსაზრებები კანონის უკუქცევითი ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით. შ. ბ-ე მოითხოვს „წელთა ნამსახურობის საფუძვლით დანიშნული კომპენსაციის შეწყვეტის შესახებ“ ფოთის სოციალური მომსახურების ცენტრის 29.04.10წ. გადაწყვეტილების, აგრეთვე „წელთა ნამსახურობის საფუძვლით კომპენსაციის დანიშვნის შესახებ“ დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის 23.10.13წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და საქართველოს კონსტიტუციის 42.5 მუხლზე და „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 10 მუხლზე მითითებით დაუშვებლად თვლის ახალი აქტის გამოცემას, რის გამოც მოითხოვს შეწყვეტის პერიოდის განმავლობაში კომპენსაციის გაცემას. აღნიშნული საჭიროს ხდის კანონის უკუქცევითი ძალის გამოყენების შესაძლებლობაზე მსჯელობას. საქართველოს კონსტიტუციის 42.5 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 10 მუხლის მიხედვით, კანონს თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში გადასაწყვეტია არა პასუხისმგებლობის, არამედ განგრძობადი სოციალური უზრუნველყოფის საკითხი, დავის გადაჭრა საჭიროებს დავის გადაწყვეტისათვის გამოსაყენებელი კანონმდებლობის დადგენას. კანონის არაპირდაპირი უკუქცევითი ძალის დაშვების გადაწყვეტა საჭიროებს კომპენსაციის მოპოვების უფლების ბუნების, კომპენსაციის სოციალური ხასიათის (კომპენსაციის გაცემაზე სახსრების ფორმირება ხდება არა ხელფასიდან უშუალო შენატანების საფუძველზე, არამედ სახელმწიფოს საბიუჯეტო შესაძლებლობიდან გამომდინარე), აქამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის (სუს დიდი პალატის 21.06.07წ. №ბს-21-21 (კ-07) განჩინება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 19.06.12წ. გადაწყვეტილება „ა.ხონიაკინა საქართველოს წინააღმდეგ“) გათვალისწინებას.

ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლად გარდაცვალების მითითება არასწორია. დავას არ იწვევს აგრეთვე ის, რომ შ. ბ-ის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი იყო გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც მას შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა. ორივე ეს გარემოება დადგენილად არის მიჩნეული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ. აღნიშნულის მიუხედავად სასამართლომ საკითხის ხელახალი განხილვა დაავალა სააგენტოს და არა იმ აქტის გამომცემ ორგანოს - ფოთის სოციალური მომსახურების ცენტრს, რომლის აქტშიც აღნიშნულია კომპენსაციის შეწყვეტის მცდარი საფუძველი. სასამართლო არ უთითებს სხვა რაიმე დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც არ იქნა შესწავლილი სააგენტოს მიერ. სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით სასამართლო დავის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობს აქტს იმ შემთხვევაში თუ აშკარაა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, ამასთანავე, ამ გარემოების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადაწყვეტილების მიღებისათვის. ხსენებული ნორმა არ ითვალისწინებს სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის საკითხის ხელახალი განხილვის დავალებას სამართლებრივი მოსაზრებებიდან გამომდინარე. ამდენად, საფუძველს არის მოკლებული სააპელაციო პალატის მითითება იმაზე, რომ შ. ბ-ის საჩივრის განხილვა მოხდა სზაკ-ის 53.5 და 96.1 მუხლების დარღვევით, საჩივის განხილვისას არ გამოკვლეულა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები დავას არ იწვევს, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის საქმის დაბრუნება საკითხის ხელახალი განხილვისათვის, გაურკვეველია თუ რა უნდა დაადგინოს სააგენტომ საკითხის ხელახალი განხილვისათვის. ის გარემოება, რომ ფოთის სოციალური მომსახურების ცენტრის სადავო აქტში არასწორად იქნა მითითებული სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის საფუძველი ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ორგანოს მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სადავო აქტით დადგენილად არის მიჩნეული, სააგენტოს სადავო 11.04.14წ. აქტში აღნიშნულის შესახებ პირდაპირ არის მითითებული, სააგენტოს მიერ შ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა არა შეწყვეტის საფუძვლის სისწორის, არამედ სხვა საფუძვლით კომპენსაციის შეწყვეტის არსებობის გამო. სზაკ-ის 201-ე მუხლის თანახმად ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას: საჩივრის დაკმაყოფილების, ნაწილობრივი დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სააგენტომ სადავო აქტში პენსიის შეწყვეტის საფუძვლის არასწორი მითითების დადასტურების მიუხედავად, არ ცნო ბათილად სადავო აქტი თუნდაც ნაწილობრივ, კერძოდ, საფუძვლის (გარდაცვალება) ნაწილში, სააგენტოს არც შესწორება შეუტანია (სზაკ-ის 59-ე მუხ.) გასაჩივრებულ აქტში. სააგენტოს სადავო აქტით სააგენტომ ერთის მხრივ დაადასტურა შეწყვეტის საფუძვლის არასწორი მითითება, ხოლო მეორეს მხრივ უარი თქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად არსებობდა სააგენტოს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, თუმცა გაურკვეველია ხელახალი განხილვისათვის სააგენტოსათვის საკითხის დაბრუნების მოსაზრებები. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა გაიზიარეს სააგენტოს მოსაზრება სხვა საფუძვლით სახელმწიფო კომენსაციის შეწყვეტის არსებობის შესახებ, უდავოა აგრეთვე სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის - ფოთის სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებაში კომპენსაციის შეწყვეტის მცდარი საფუძვლის მითითება, მიუხედავად ამისა სასამართლოს გადაწყვეტილებით ფოთის სოციალური მომსახურების ცენტრის სადავო აქტი უცვლელად დარჩა, ხოლო სააგენტოს საკითხის ხელახალი განხილვა დაევალა. სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად არ არის ცნობილი საკუთრივ ის აქტი, რომელშიც შეცდომით არის მითითებული კომპენსაციის შეწყვეტის საფუძველი. უფრო მეტიც, ფოთის სოციალური მომსახურების ცენტრის სადავო 29.04.10წ. გადაწყვეტილება, რომელშიც კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლად შეცდომით მითითებულია გარდაცვალება, ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებით ძალაში დარჩა, შ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა ფოთის სოციალური მომსახურების ცენტრის 29.04.10წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის მიხედვით არ დაკმაყოფილდა, არ დაკმაყოფილდა აგრეთვე კომპენსაციის ოდენობის განმსაზღვრელი სადავო აქტის 23.10.13წ. ბათილად ცნობის მოთხოვნა. 23.10.13წ. გადაწყვეტილებით დანიშნული კომპენსაციის ოდენობამ 360 ლარი შეადგინა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გარკვევას საჭიროებს გასაცემი კომპენსაციის თანხის ოდენობის საკითხი, თუმცა კომპენსაციის ოდენობის დამდგენი 23.10.13წ. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, მოსარჩელის მოთხოვნის ეს ნაწილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა სააპელაციო პალატის განჩინებით. ასეთ პირობებში, აზრს კარგავს სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძვლებზე ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ორგანოსთვის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის საკითხის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება, გაურკვეველია რა უნდა განიხილოს ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველმა ორგანომ უკეთუ სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარჩელეს სასამართლოს

გადაწყვეტილებით უკვე უარი აქვს ნათქვამი ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებული აქტების (ფოთის სოციალური მომსახურების 23.04.10წ. გადაწყვეტილების, აგრეთვე დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის 23.10.13წ. გადაწყვეტილების) ბათილად ცნობაზე და აღნიშნული აქტები სასამართლოს მიერ უცვლელად იქნა დატოვებული. სზაკ-ის 182-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს დავაზე სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, განჩინება წინააღმედგობრივია და არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს. იმის გათვალისწინებით, რომ არცერთი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია საქმის სამართლებრივ ასპექტებზე, კერძოდ, იმაზე არსებობდა თუ არა მსჯავრის დადების გამო პენსიის შეწყვეტის, აქტში ცვლილების შეტანის საფუძველი, იყო თუ არა შესაძლებელი ახალი წესის თანახმად გადაანგარიშება და სხვ., საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს დავის სამართლებრივი ასპექტების გადაწყვეტის კანონიერება.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ შ. ბ-ე სარჩელით მოითხოვდა სააგენტოს აქტების ბათილად ცნობას, 08.10.04წ. დანიშნული კომპენსაციის შეწყვეტის დღიდან აღდგენას, გასული პერიოდის თანხაზე საბანკო-საკრედიტო პროცენტის (14%) დარიცხვას. თბილისის საქალაქო სასამართლოს 13.05.14წ. განჩინებით შ. ბ-ეს განესაზღვრა ხარვეზის გამოსწორება, კერძოდ, მოპასუხე პირთა წრის დაზუსტება, 29.04.10წ. სადავო აქტთან დაკავშირებით სააგენტოს ფოთის სოციალური მომსახურების ცენტრის დასახელება. ხარვეზის გამოსასწორებლად წარდგენილი განცხადებით შ. ბ-ემ მოპასუხედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდა დაასახელა აგრეთვე სააგენტოს ფოთის სოციალური მომსახურების ცენტრი. ზემოაღნიშნულთან ერთად საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი 23.10.13წ. გადაწყვეტილება კომპენსაციის (360ლ.) დანიშვნის შესახებ მიღებულია არა სააგენტოს, არამედ სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ. საქმის მასალებში არ მოიპოვება ამ თარიღით სააგენტოს მიერ გამოცემული აქტი, საქმეში დაცულია სააგენტოს არა 23.10.13წ. აქტი, არამედ სააგენტოს 22.10.13წ. №04/4614 წერილი დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსის მიმართ, რომელიც უშუალო სამართლებრივ შედეგს არ იწვევს. ხელახალი გაანგარიშების მიხედვით კომპენსაცია (360 ლ.) დაინიშნა სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის ცენტრის 23.10.13წ. აქტით, აღნიშნულის მიუხედავად სააგენტოს და ფოთის რეგიონალურ ცენტრთან ერთად, საქმეში არც მოპასუხედ და არც მესამე პირად (სასკ-ის 16.2 მუხ.) არ იქნა ჩაბმული დიდუბე-ჩუღურეთის ცენტრი, რომლის გადაწყვეტილებითაც განისაზღვრა შეწყვეტის შემდეგ ახლად დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა. ცენტრი კონკრეტულ სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით სააგენტოზე დაკისრებულ უფლებამოსილებებს, კერძოდ სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირებას, მათ შორის დანიშვნას და შეწყვეტას, ახორციელებს წარმომადგენლობას სასამართლოში (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 31.12.09წ. №101/474-ო ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ტიპიური დებულების“ 2.2 მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტი, 3.1 მუხლის „ე.ა“ ქვეპუნქტი, 2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი). შესაბამისად სადავო აქტის – დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის „წელთა ნამსახურობის საფუძვლით კომპენსაციის დანიშვნის შესახებ“ 23.10.13წ. გადაწყვეტილების კანონიერების საკითხთან დაკავშირებით საქმეში უნდა ჩაებას დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრი. სააპელაციო პალატამ უნდა იქონიოს მსჯელობა 23.10.13წ. გადაწყვეტილებით განსაზღვრული კომპენსაციის თანხის ოდენობის მართებულობაზე, კომპენსაციის გამოანგარიშებისათვის გამოსაყენებელ კანონმდებლობაზე. სასამართლოს 27.05.14წ. განჩინებით გამოთხოვილ იქნა სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამოცემული სადავო 29.04.10წ. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არსებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები ფოთის სოციალური მომსახურების ცენტრიდან. ამასთანავე მეორე სადავო აქტის – 23.10.13წ. დიდუბე-ჩუღურეთის ცენტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მასალები გამოთხოვილი არ ყოფილა, სასამართლოს არ უმსჯელია სახელმწიფო კომპენსაციის გამოანგარიშებული თანხის ოდენობის სისწორეზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზეა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვალიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად არის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა შეაფასოს შეკრებილი მტკიცებულებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.2014წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი