Nბს-604-597(3კ-15) 1 მარტი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - 1. შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო, 2. სსიპ საქართველოს შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი - ნ. გ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. გ-მა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოსთვის, ასევე, სსიპ საქართველოს შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურისათვის მის სასარგებლოდ სოლიდარულად მორალური ზიანის, 30 000 ლარის, და მატერიალური ზიანის, 20 000 ლარის, ანაზღაურების დაკისრებას.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ 2011 წლის 29 სექტემბერს შედგენილი ყალბი პატაკების საფუძველზე, შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარმა სამმართველომ მიმართა სსიპ საქართველოს შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს მოსარჩელის სამედიცინო კომისიაზე გატარების თაობაზე, მისი შემდგომში სამხედრო სამსახურში ვარგისიანობის დადგენის მიზნით. 2011 წლის 18 ნოემბერს სსიპ საქართველოს შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ცენტრალურმა სამხედრო-საექიმო კომისიამ გასცა ყალბი ცნობა, რის საფუძველზეც იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარმა სამმართველომ გამოსცა ბრძანება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-... განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობიდან მისი (ნ. გ-ის) გათავისუფლების შესახებ. მოსარჩელე მიუთითებს, რომ იგი შინაგან საქმეთა სისტემაში მუშაობდა 1998 წლიდან სხვადასხვა თანამდებობებზე, ხოლო 2009 წლის 13 ნოემბრიდან ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-... განყოფილებაში - უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე, საიდანაც გაათავისუფლეს 2011 წლის 5 დეკემბრის ბრძანებით. მოპასუხეთა უკანონო ქმედებით უხეშად შეილახა მოსარჩელის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.
მოპასუხეებმა საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარმა სამმართველომ და სსიპ საქართველოს შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ნ. გ-ს, შს სამინისტროდან დათხოვის პერიოდში, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევდა დაკისრებული სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას, რის გამოც მასთან სამსახურეობრივი ურთიერთობა შეწყდა, ხოლო მისი სახელის, პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა არ მომხდარა. დასკვნას არ გამოუწვევია კოლეგებისა და თანამშრომლების მხრიდან ნ. გ-ის მიმართ რაიმე დამოკიდებულების ან შეფასების შეცვლა, ისინი საერთოდ არ გაცნობიან აღნიშნულ დოკუმენტს. დათხოვნასთან დაკავშირებული პროცედურები განხორციელდა კანონით დადგენილი წესით და საჯაროდ რაიმე ცნობა არ გავრცელებულა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ნ. გ-ის სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზედაკმაყოფილდა ნაწილობრივ - სსიპ საქართველოს შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს ნ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის - 1 000 ლარის ანაზღაურება; ნ. გ-ის სარჩელი საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს მიმართ მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ნ. გ-ის სარჩელთან დაკავშირებით მიღებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდა (გადაწყვეტილების მე-2-მე-4 პუნქტები) და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;. ნ. გ-ის სარჩელი მორალური ზიანის მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-
ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოსა და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს ნ. გ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 3000 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. 2011 წლის 29 სექტემბერს ქუთაისის შს საქალაქო სამმართველოს უფროსს პატაკით მიმართა ამავე სამმართველოს პოლიციის განყოფილების უფროსმა დეტექტივ-გამომძიებელმა და აცნობა, რომ პოლიციის მე-... განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის მაიორი ნ. გ-ი მე-... განყოფილებაში მუშაობის პერიოდში ხასიათდებოდა უარყოფითად, კერძოდ, იყო კონფლიქტური, მისი ქმედებები იყო პოლიციის თანამშრომლისათვის შეუსაბამო და არაადეკვატური. ხშირად საუბრობდა არარეალურ საკითხებზე, რომ მას უკეთებდნენ ჯადოს, შურთ მისი, რომ არის ყველაზე უკეთესი, ებრძვიან მას მაგიური საშუალებებით და უნდათ მისი თავიდან მოშორება, რის გამოც ხშირად უპირისპირდებოდა თანამშრომლებს. იგივე გარემოებების შესახებ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს, მ. დ-ს აცნობა ქუთაისის შს საქალაქო სამმართველოს უფროსმა გ. თ-ემ. მიმართვის თანახმად, არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნ. გ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებდა დამატებით შესწავლას.
2. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა მ. დ-მა მიმართა სსიპ საქართველოს შსს ჯანმრთლობის დაცვის სამსახურს თხოვნით ნ. გ-ი გაეტარებინათ სამედიცინო კომისიაზე სამხედრო სამსახურისთვის მისი ვარგისიანობის დადგენის მიზნით.
3. 2011 წლის 18 ნოემბერს სამხედრო სამედიცინო კომისიის მიერ გაცემული იქნა ცნობა №3534, რომლის შესაბამისად ნ. გ-ი არ აღმოჩნდა ვარგისი ოპერატიულ-საგუშაგო სამსახურისათვის. დიაგნოზი: გუნება განწყობის აფექტური აშლილობა F 38, რეკომენდირებულია ამბულატორიული მკურნალობა და დინამიური დაკვირვება სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში.
4. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 28 ნოემბრის №005379313 სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ნ. გ-ი ფსიქიკურად დაავადებული არ არის. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იგი ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას არ საჭიროებს, ამდენად მისი ფსიქიკური მდგომარეობა ვერ განიხილება ოპერატიული თანამდებობის დაკავებისა თუ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების შემაფერხებელ გარემოებად. საქმეში არსებული სსიპ საქართველოს შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ცენტრალური სამხედრო-საექიმო კომისიის შემოწმების მასალები და სასამართლო სხდომაზე კომისიის წევრთა მიერ ჩვენებებში მითითებული გარემოებები არ იძლეოდა კომისიის მიერ გაცემულ №3534 ცნობაში ასახული დიაგნოზის ერთმნიშვნელოვნად დასმის საფუძველს, რადგან ნ. გ-ის ფსიქიკური მდგომარეობის შესაფასებლად საჭირო იყო სტაციონარული ფსიქიატრიული გამოკვლევა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა შსს იმერეთის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის 2011 წლის 5 დეკემბრის №1515181 ბრძანება. ნ. გ-ი აღდგენილი იქნა მის ყოფილ თანამდებობაზე (ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-... განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად) და იძულებითი განაცდურის სახით აუნაზღაურდა 3 თვის თანამდებობრივი სარგო საშემოსავლო გადასახადის დაქვითვის გათვალისწინებით.
6. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა 2014 წლის 16 აპრილს გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად ბათილად გამოცხადდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის 2011 წლის 5 დეკემბრის №1515181 ბრძანება ქუთაისის შს საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-... განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ნ. გ-ის შს ორგანოებიდან დათხოვის შესახებ. ნ. გ-ი აღდგენილ იქნა შს სამინისტროში შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ -გამომძიებლის თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით საშემოსავლო გადასახადის დაქვითვის გათვალისწინებით.
სააპელაციო სასამართლოს აზრით, მოსარჩელის უკანონოდ სამსახურიდან გათავისუფლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წარმოშობს მორალურ ზიანს, მით უფრო სახეზეა მიზეზობრივი კავშირი, სახელმწიფო ორგანოების უკანონო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სააპელაციო სასამართლომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ ნ. გ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებელად განსაზღვრული თანხა შეუსაბამოდ დაბალი იყო. სასამართლოს განმარტებით, საგულისხმოა, რომ მოსარჩელეს ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მოუხდა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებში ჯანმრთელობის მდგომარეობის (ფსიქიკური მდგომარეობის) გამოკვლევა, მათ შორის სტაციონარული, იმ მიზნით, რომ დაედასტურებინა მისი სამსახურიდან გათავისუფლების უსაფუძვლობა, რაც არ არ არის ჩვეულებრივი, რიგითი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში, არამედ დაკავშირებულია გარკვეულ ნეგატიურ განცდებთან და სტრესთან. მოსარჩელე არ იყო ვალდებული, ეთმინა ასეთი დისკომფორტი, რაც გამოიხატებოდა რიგი უფლებების შეზღუდვაში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარმა სამმართველომ და სსიპ საქართველოს შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის განმარტებით, არასწორია სასამართლოს პოზიცია, რომ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 28 ნოემბრის დასკვნა ცალსახად ადასტურებს, სამხედრო-სამედიცინო კომისიის დასკვნის შეუსაბამებობას ნ. გ-ის ჯანმრთელობის რეალურ მდგომარეობასთან. სწორედ ამის გამო დაეკისრა სსიპ საქართველოს შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში პასუხისმგებლობა. სსიპ საქართველოს შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური წარმოადგენს ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებას და მასში მომუშავე ყველა ექიმ-სპეციალისტს, მათ შორის ცენტრალური სამხედრო-საექიმო კომისიის ფსიქო-ფიზიოლოგიური შერჩევის კაბინეტის ექიმ-სპეციალისტებს გააჩნიათ სათანადო სერთიფიკატი და მათ მოქმედი კანონმდებლობით აქვთ პირველადი ფსიქიატრიული კვლევის ჩატარების უფლებამოსილება.
2011 წლის ნოემბერში სსიპ საქართველოს შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ცენტრალური სამხედრო-საექიმო კომისიის მიერ, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიმართვის საფუძველზე, შემოწმდა ნ. გ-ი. მიმართვას თან ახლდა სამსახურებრივი დახასიათებაც. ნ. გ-ს სამხედრო-საექიმო კომისიის ფარგლებში ჩაუტარდა გამოკვლევა ყველა ექიმ-სპეციალისტის, მათ შორის ფსიქო-ფიზიოლოგიური შერჩევის კაბინეტის ექიმების მიერ. არსებული მონაცემების საფუძველზე, იმ დროისათვის (2011 წლის ნოემბერი) მდგომარეობა შეფასდა, როგორც გუნება-განწყობის აფექტური აშლილობა (F 38), დიაგნოზი დაისვა ICD-10 მოთხოვნების შესაბამისად და აკმაყოფილებდა ამ პათოლოგიისათვის განმსაზღვრელ ძირითად და დამატებით კრიტერიუმებს. რეკომენდირებულ იქნა ამბულატორიული მკურნალობა და დინამიური დაკვირვება სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში ტერიტორიული პრინციპით, შედეგის შეტყობინებით, რაზეც გამოსაკვლევმა პირმა თანხმობა განაცხადა. აღნიშნული დასკვნიდან წელიწადნახევრის შემდეგ, ნ. გ-ს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო -ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა ამბულატორულ-ფსიქიატრიული ფსიქო-ფიზიოლოგიური ექსპერტიზა. გამოკვლევის შედეგები არსებითად არ ეწინააღმდეგებოდა შსს ცსსკ-ს გამოკვლევის შედეგებს, მდგომარეობა შეფასდა როგორც ,,რთული საექსპერტო შემთხვევა". დასკვნა ვერ იქნა გამოტანილი და ჩაითვალა საჭიროდ სტაციონალური სასამართლო-ფსიქიატრიული საექსპერტო გამოკვლევის ჩატარება. 2013 წლის 28 ნოემბერს, ე.ი. პირველი დასკვნის შედგენიდან 2 წლის შემდეგ, უკვე დაიდო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის სტაციონალური სასამართლო -ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც ნ. გ-ი ფსიქიკურად დაავადებული არ არის.
სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სსიპ შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ცენტრალური სამხედრო-საექიმო კომისიის მიერ ცნობის გაცემიდან (2011 წლის 18 ნოემბერი) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის სტაციონალური სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემამდე გავიდა 2 წელი, რაც საკმაოდ დიდი დროა და ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია, პირს ჩაეტარებინა შესაბამისი მკურნალობაც და შედეგი, რა თქმა უნდა, განსხვავებული აღმოჩნდებოდა. დასკვნების შედეგების სხვადასხვაობა სრულად შეიძლება აიხსნას იმითაც, რომ ნოზოლოგია - გუნება-განწყობის (აფექტური) აშლილობანი თავისი მიმდინარეობით, უპირატესად, ატარებს პერიოდულ, რეკურენტულ ხასიათს. ამგვარ შესაძლებლობას და შსს ცენტრალური სამხედრო სამედიცინო კომისიის დიაგნოზის მართლზომიერებას ადასტურებს ა.ზურაბაშვილის სახელობის საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების 2014 წლის 12 აგვისტოს დასკვნა, რაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ გაითვალისწინა სასამართლომ.
სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანრთელობის დაცვის სამსახურის ცენტრალური სამხედრო-სამედიცინო კომისიის 2011 წლის 18 ნოემბრის დასკვნა სრულიად კანონიერია და მისი არაკვალიფიციურობა არასდროს გამხდარა საეჭვო.
შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მტკიცებით, ადმინისტრაციული ორგანო კანონის ფარგლებში მოქმედებდა და არ არსებობს მისი ბრალეული ქმდება, რაც ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას გამორიცხავს. ნ. გ-ს, შს სამინისტროდან დათხოვნის პერიოდში, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევდა მასზე დაკისრებული სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას, რის გამოც, მასთან სამსახურეობრივი ურთიერთობა შეწყდა, მაგრამ ნ. გ-ის სახელის, პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა არ მომხდარა. დათხოვნასთან დაკავშირებული პროცედურები განხორციელდა კანონით დადგენილი წესით. ცნობა მოთავსდა მოსარჩელის პირად საქმეში, რომელიც დაცულია საიდუმლო გრიფით.
ნ. გ-მა შეგებებული საკასაციო საჩივარი წარმოადგინა, რომლითაც ითხოვს საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა, მაგრამ არ გაითვალისწინა მოსარჩელის მიერ გადატანილი განცდების სიმძიმე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის, შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივრები, ასევე ნ. გ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. 2011 წლის 29 სექტემბერს ქუთაისის შს საქალაქო სამმართველოს უფროსს პატაკით მიმართა ამავე სამმართველოს პოლიციის განყოფილების უფროსმა დეტექტივ-გამომძიებელმა და აცნობა, რომ პოლიციის მე-... განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის მაიორი ნ. გ-ი მე-... განყოფილებაში მუშაობის პერიოდში ხასიათდებოდა უარყოფითად, კერძოდ, იყო კონფლიქტური, მისი ქმედებები იყო პოლიციის თანამშრომლისათვის შეუსაბამო და არაადეკვატური. ხშირად საუბრობდა არარეალურ საკითხებზე, რომ მას უკეთებდნენ ჯადოს, შურთ მისი, რომ არის ყველაზე უკეთესი, ებრძვიან მას მაგიური საშუალებებით და უნდათ მისი თავიდან მოშორება, რის გამოც ხშირად უპირისპირდებოდა თანამშრომლებს. იგივე გარემოებების შესახებ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს, მ. დ-ს აცნობა ქუთაისის შს საქალაქო სამმართველოს უფროსმა გ. თ-ემ. მიმართვის თანახმად, არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნ. გ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებდა დამატებით შესწავლას.
2. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა მ. დ-მა მიმართა სსიპ საქართველოს შსს ჯანმრთლობის დაცვის სამსახურს თხოვნით ნ. გ-ი გაეტარებინათ სამედიცინო კომისიაზე სამხედრო სამსახურისთვის მისი ვარგისიანობის დადგენის მიზნით.
3. 2011 წლის 18 ნოემბერს სამხედრო სამედიცინო კომისიის მიერ გაცემული იქნა ცნობა №3534, რომლის შესაბამისად ნ. გ-ი არ აღმოჩნდა ვარგისი ოპერატიულ-საგუშაგო სამსახურისათვის. დიაგნოზი: გუნება განწყობის აფექტური აშლილობა F 38, რეკომენდირებულია ამბულატორიული მკურნალობა და დინამიური დაკვირვება სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში.
4. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 28 ნოემბრის №005379313 სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ნ. გ-ი ფსიქიკურად დაავადებული არ არის. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იგი ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას არ საჭიროებს, ამდენად მისი ფსიქიკური მდგომარეობა ვერ განიხილება ოპერატიული თანამდებობის დაკავებისა თუ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების შემაფერხებელ გარემოებად. საქმეში არსებული სსიპ საქართველოს შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ცენტრალური სამხედრო-საექიმო კომისიის შემოწმების მასალები და სასამართლო სხდომაზე კომისიის წევრთა მიერ ჩვენებებში მითითებული გარემოებები არ იძლეოდა კომისიის მიერ გაცემულ №3534 ცნობაში ასახული დიაგნოზის ერთმნიშვნელოვნად დასმის საფუძველს, რადგან ნ. გ-ის ფსიქიკური მდგომარეობის შესაფასებლად საჭირო იყო სტაციონარული ფსიქიატრიული გამოკვლევა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა შსს იმერეთის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის 2011 წლის 5 დეკემბრის №1515181 ბრძანება. ნ. გ-ი აღდგენილი იქნა მის ყოფილ თანამდებობაზე (ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-... განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად) და იძულებითი განაცდურის სახით აუნაზღაურდა 3 თვის თანამდებობრივი სარგო საშემოსავლო გადასახადის დაქვითვის გათვალისწინებით.
6. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა 2014 წლის 16 აპრილს გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად ბათილად გამოცხადდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის 2011 წლის 5 დეკემბრის №1515181 ბრძანება ქუთაისის შს საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-... განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ნ. გ-ის შს ორგანოებიდან დათხოვის შესახებ. ნ. გ-ი აღდგენილ იქნა შს სამინისტროში შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-... განყოფილების უბნის ინსპექტორ -გამომძიებლის თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით საშემოსავლო გადასახადის დაქვითვის გათვალისწინებით.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორებს ზემომითითებული ფაქტების მიმართ ამგვარი პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.
საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, დადგინდა, რომ ნ. გ-ის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონო იყო. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სსიპ შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ცენტრალური სამხედრო-საექიმო კომისიის შემოწმების აქტი და ამავე კომისიის N3435 ცნობა არ პასუხობდა ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარებისათვის დადგენილ სტანდარტებს, კომისიის წევრთა მიერ ჩვენებებში მითითებული გარემოებები არ იძლეოდა ცნობაში ასახული დიაგნოზის ერთმნიშვნელოვნად დასმის საფუძველს, რადგანაც ნ. გ-ის ფსიქიკური მდგომარეობის შესაფასებლად საჭირო იყო სტაციონარული ფსიქიატრიული გამოკვლევა; შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ. გ-ი სამსახურიდან არასწორად დასმული დიაგნოზის საფუძველზე გათავისუფლდა. ამავე გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. გ-ი ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო პოლიციის ორგანოებში საქმიანობის გასაგრძელებლად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილებაზე, რომელშიც სასამართლომ აღნიშნა, რომ: „სასამართლო, როგორც კონფლიქტის მოგვარების ინსტიტუტი, უტყუარობისა და სანდოობის პრეზუმფციით სარგებლობს, სასამართლო პროცესზე განხილული საკითხი კი საბოლოოდ გადაწყვეტილად და დადგენილად ითვლება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.“
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის სახსრებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოებს მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავით. ადმინისტრაციული ორგანოს ზიანი მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზე, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამოკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში, უფლებამოსილ პირს შეუძლია მოითხოვოს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებაც. ამასთან მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანისაგან დამოუკიდებლად.
ამავე კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
აღნიშნული ნორმის იმპერატიული დანაწესია, რომ მორალური ზიანი შეიძლება ანაზღაურდეს მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ზოგადი წესების შესაბამისად, მორალური ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ პირადი არაქონებრივი უფლებების (სახელის უფლება, საავტორო უფლებები და ა. შ) ან არამატერიალური სიკეთის (სიცოცხლე, ჯანმრთელობა, საქმიანი რეპუტაცია, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და ა. შ.) ხელყოფის შემთხვევაში. მორალური ზიანი არის იმ სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რომლსაც ქონებრივი შესატყვისი არ გააჩნია და განცალკევებულია პირის ეკონომიკური მხარისაგან. იგი მატერიალური ზიანის საპირისპიროა და არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ ზარალთან, შემოსავლების შემცირებასთან ან გამდიდრების არ არსებობასთან. მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელია, არსებობოდეს დელიქტური ვალდებულებებისათვის დამახასიათებელი სქემა: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ზიანსა და ქმედებას შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი (სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახეზეა ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის შემთხვევა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოების არამართლზომიერად მოქმედების ფაქტი. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ მოსარჩელის უკანონოდ სამსახურიდან გათავისუფლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წარმოშობს მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, ილახება მხარის პიროვნული არაქონებრივი უფლებები, შესაბამისად, ზიანი სახეზეა, ასევე დასტურდება მიზეზობრივი კავშირი არამართლზომიერ ქმედებასა და ზიანს შორის.
რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას, საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ, ამ შემთხვევაში, მოსარჩელის სულიერი ტრავმისა და გადატანილი განცდების, ასევე მისი საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტის გათვალისწინებით, 3000 ლარი გონივრული ოდენობაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და სსიპ საქართველოს შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. ნ. გ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე