#ბს-71-70 (კ-16) 22 მარტი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ი. ღ-ე, ნ., ე., დ., ხ. და გ. ნ-ები
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახური; თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო; მ. რ-ე
მესამე პირები - ნ. გ-ე; მ. ც-ე; ი. ლ-ი; ა. რ-ე; გ. რ-ე და ა. კ-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 სექტემბრის განჩინება, ამავე სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის, 1 ივლისისა და 21 სექტემბრის საოქმო განჩინებები
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ღ-ემ, ნ., ე., დ., ხ. და გ. ნ-ებმა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს; თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახურის; თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს; მ. რ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელეებმა შემდეგი მოთხოვნები დააყენეს:
1. ბათილად იქნეს ცნობილი თერჯოლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილების 2006 წლის 16 ივნისის №95 მიმართვა ... შენობისთვის 1574 კვ.მ მიწის ფართის მიმაგრების ნაწილში;
2. ბათილად იქნეს ცნობილი თერჯოლის რაიონის გამგეობის 2006 წლის 16 ივნისის №118 დადგენილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის რაიონული კომისიის 2006 წლის 16 ივნისის №8 საოქმო დადგენილება თერჯოლის რაიკოოპერატივის მიერ სახელმწიფოსთვის გადაცემული ... შენობისთვის 1574 კვ.მ მიწის ფართის დამაგრების ნაწილში;
3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2008 წლის 8 აგვისტოს აუქციონში გამარჯვების დამადასურებელი ოქმი №226; ამავე სამინისტროს მიერ 2008 წლის 17 სექტემბერს მ. რ-ის სახელზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი №737 მოწმობა და საჯარო რეესტრის თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მომზადებული მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის სააღრიცხვო ბარათები და საკადასტრო გეგმები, უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით ...; ... (წინა ნომერი ...);
4. ბათილობის შედეგებიდან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილებები შევიდეს ზემოხსენებულ აქტებში და ამ დოკუმენტებიდან ამოირიცხოს ... და ... ქუჩების დამაკავშირებელი 4 მ. სიგანისა და 48 მ. სიგრძის სამანქანო გასასვლელი გზა, რაც შესაძლებლობას მისცემს ... ქ. №...-ში მცხოვრებ პირებს დაუბრკოლებლად ისარგებლონ ეზომდე მისასვლელებით;
5. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 12 ივნისის №1-1/151 ბრძანება ნ. ნ-ისა და სხვათა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;
6. დაევალოს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უზრუნველყოს შესაბამისი პირობების შექმნა ყოფილი ვეტაფთიაქის შენობისათვის მიმაგრებული და მოსარჩელეთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით მათ საკუთრებაში გადაცემისათვის;
7. გაუქმდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 25 ივნისის №296 ბრძანება №26 მშენებლობის ნებართვა;
8. მ. რ-ეს დაევალოს აშენებული ავტოფარეხის ბოქსების ნაწილობრივი დემონტაჟი საკუთრებაში არსებული შენობაში მისასვლელის და ... და ... ქუჩებს შორის სამანქანო გასასვლელის აღდგენის მიზნით.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის, ე. ნ-ის, დ. ნ-ის, ი. ღ-ის, ხ. ნ-ის და გ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ნ. ნ-ის, ე. ნ-ის, დ. ნ-ის, ი. ღ-ის, ხ. ნ-ის და გ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. კასატორები ასევე ასაჩივრებენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 20 მაისის, 1 ივლისისა და 21 სექტემბრის საოქმო განჩინებებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ნ-ის, ე. ნ-ის, დ. ნ-ის, ი. ღ-ის, ხ. ნ-ის და გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ნ. ნ-ის, ე. ნ-ის, დ. ნ-ის, ი. ღ-ის, ხ. ნ-ის და გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში კასატორებს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი უნდა დაუბრუნდეთ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ნ-ის, ე. ნ-ის, დ. ნ-ის, ი. ღ-ის, ხ. ნ-ის და გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 სექტემბრის განჩინება; კასატორებს დაუბრუნდეთ 23/01/16 წლის N569 საგადახდო დავალებით გ. ნ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
პ. სილაგაძე