Facebook Twitter

#ბს-830-822(კს-15) 17 მარტი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაცია - „...“

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აბაშის სარეგისტრაციო სამსახური

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 სექტემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2013 წლის 19 დეკემბერს საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაცია - „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აბაშის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აბაშის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 11 ოქტომბრის №882013486881-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების (სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების) საფუძველზე „...“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის განხორცილების დავალება მოითხოვა. დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 14 ნოემბრის №211051 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 დეკემბრის განჩინებით საქართველოს მობინადრეთა და მეთევზეთა ასოციაცია - „...“ სარჩელი მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აბაშის სარეგისტრაციო სამსახურისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ სასამართლოს - სენაკის რაიონულ სასამართლოს.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაციის - „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაცია - „...“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 სექტემბრის განჩინებით საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაცია - „...“ სააპელაციო საჩივარი, სენაკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაცია „...“ გაეგზავნა და ჩაჰბარდა 2015 წლის 22 ივნისს - ორგანიზაციის წარმომადგენელს ე. კ-ეს (ს.ფ. 237). მხარეს სააპელაციო გასაჩივრების ვადის ათვლა დაეწყო 2015 წლის 22 ივნისიდან და ამოეწურა 2015 წლის 6 ივლისს, სააპელაციო საჩივარი კი ... წარდგენილ იქნა მხოლოდ 2015 წლის 13 ივლისს (ს.ფ. 250). სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ გაშვებული იყო სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, რომლის გაგრძელება (აღდგენა) კანონის თანახმად არ დაიშვება, რის გამოც საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაცია „...“ სააპელაციო საჩივარი სენაკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაცია „...“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარი სენაკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაზე შეტანილ იქნა კანონით დადგენილ ვადაში, ე. კ-ე გზავნილის ჩაბარებაზე არაუფლებამოსილი პირი იყო.

კერძო საჩივრის ავტორი დამატებით განმარტავს, რომ სსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ფოსტის ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დაცული არ არის და სასამართლოს გზავნილი ჩაჰბარდა ვინმე ე. კ-ეს, რომელიც არც კანცელარიის, არც ორგანიზაციის თანამშრომელი და არც უფლებამოსილი პირი არ არის. ასეთი წარმომადგენელი ორგანიზაციას არასდროს ჰყოლია, რაც დასტურდება საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაცია „...“ 2016 წლის 19 თებერვლის №9 ცნობით.

ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადა დაცულია, რის გამოც, კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 იანვრის განჩინებით საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაცია „...“ კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაცია „...“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში; ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამასთან, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, სენაკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების შემცველი გზავნილი საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაცია „...“ და 2015 წლის 22 ივნისს ჩაჰბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს ე. კ-ეს, რასაც იგი ჩაბარების დასტურზე ხელმოწერით ადასტურებს. ჩაბარების დასტურის კომენტარში კი, სადაც, როგორც წესი ხელმომწერის შესახებ ინფორმაცია და ადრესატთან მისი დამოკიდებულება მიეთითება, ჩანაწერია გაკეთებული - „ორგანიზაცია ... მოლარემ ე. კ-ე“ (ს.ფ. 237).

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ გახადა კერძო საჩივრის ავტორმა, რომლის მტკიცებით გზავნილის მიმღები პირი - ე. კ-ე არ წარმოადგენდა გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაცია „...“ წარმომადგენლის - ე. კ-ისათვის სასამართლოს გზავნილის გაგზავნა და ჩაბარება მოხდა საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაცია „...“ მიერ მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ..., ბინა 11. ამასთან, საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაცია „...“ სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ 2014 წლის 17 მარტს გაგზავნილი 2014 წლის 18 იანვრის განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე, მისამართზე: ქ. თბილისი, ..., ბინა 11, ასევე ჩაიბარა ე. კ-ემ (იხ. ს.ფ. 59). აქვე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაცია - „...“ ალტერნატიულ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, .... პირველი შესახვევი №31, ბინა 11 გაგზავნილი გზავნილიც ასევე ჩაჰბარდა ე. კ-ეს (იხ. ს.ფ. 58), თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეს პრეტენზია არ გამოუთქვამს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ე. კ-ემ გზავნილი ჩაიბარა როგორც საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაცია „...“ ორგანიზაციის მოლარემ, გზავნილის ჩაბარებაზე მისი არაუფლებამოსილების ფაქტი კი საქმეზე არ დადასტურებულა. აქვე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივარზე დართული საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაცია „...“ 2016 წლის 19 თებერვლის №9 ცნობა (რომლის შესაბამისად, კორესპონდენციის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირია კანცელარიის ხელმძღვანელი - რ. ვ-ა და არა ე. კ-ე, რომელიც კანცელარიის თანამშრომელი არასდროს ყოფილა) ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან, თავის მხრივ, ე. კ-ე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებული იყო დაუყოვნებლივ გადაეცა გზავნილი ადრესატისათვის.

შესაბამისად, საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაცია „...“ სენაკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების შემცველი გზავნილი ჩაჰბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნათა დაცვით, მის მიერ მითითებულ მისამართზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ამდენად, იქიდან გამომდინარე, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების ასლი საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაცია „...“ მოლარეს - ე. კ-ეს საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაცია „...“ მიერ მითითებულ მისამართზე 2015 წლის 22 ივნისს ჩაჰბარდა, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის ათვლა 2015 წლის 23 ივნისიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, სენაკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაზე საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაცია „...“ სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლება 2015 წლის 6 ივლისის (ორშაბათის) ჩათვლით ენიჭებოდა.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაცია „...“ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2015 წლის 13 ივლისს კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (ს.ფ. 250).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაცია „...“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაცია „...“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 1 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი