Facebook Twitter

#ბს-833-825(კს-15) 17 მარტი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) _ ნ. გ-ე

დავის საგანი _ სააღსრულებო ფურცლის გაცემა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2002 წლის 10 დეკემბერს ისანი-სამგორის რაიონის გამგეობამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - ნ. გ-ის მიმართ.

მოსარჩელემ უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა, კერძოდ, ნ. გ-ის ქ. თბილისი, ... I კვ, 23-ე კორპ. ბ. 8 გამოსახლება მოითხოვა.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნ. გ-ე გამოსახლებულ იქნა მის მიერ უსაფუძვლოდ დაკავებული ერთოთახიანი იზოლირებული ბინიდან, მდებარე ქ. თბილისში, ... I კვ, 23-ე კორპ. ბ. 8.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ნ. გ-ემ 2003 წლის 16 მაისს შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას, რომლითაც ქ. თბილისში, მდებარე ... I კვ, 23-ე კორპ. ბინა №8-ის მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; დაკმაყოფილდა ნ. გ-ის შეგებებული სარჩელი; ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობას დაევალა ნ. გ-ისათვის ქ. თბილისში, მდებარე ... I კვ, 23-ე კორპ. №8 ბინის დროებით სარგებლობაში გადაცემა.

ნ. გ-ის განცხადების საფუძველზე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2004 წლის 21 ოქტომბერს ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც მხარეს არ ჩაბარებია.

2015 წლის 6 ოქტომბერს ნ. გ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ნ. გ-ის განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად ხანდაზმულობის საერთო ვადა შადგენს 10 წელს, ასევე ამავე კოდექსის 142-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაც არის 10 წელი, მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2004 წლის 15 ივნისს. შესაბამისად, ათწლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო აღნიშნული თარიღიდან და დასრულდა 2014 წლის 15 ივნისს.

ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2004 წლის 9 ივლისს ნ. გ-ემ მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, სასამართლოს მიერ ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც მხარეს ჩაბარებული არ აქვს და საქმეში წარმოდგენილია დედნის სახით.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ რამდენადაც სააღსრულებო ფურცლის გაცემის მიზანს წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ვადა განცხადების შემოტანის მომენტისათვის, გასულია განმცხადებელს უარი უნდა ეთქვას სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. გ-ემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ 1986 წლიდან დღემდე იმყოფება აღრიცხვაზე ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში, მე-2 ჯგუფის ინვალიდია. ამასთან, მისი საყოფაცხოვრებო პირობები დამოკიდებულია სწორედ იმ სააღსრულებო ფურცლის მიხედვით აღსასრულებელ ქმედებაზე, რომლის თანახმად ქ. თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ... პირველი კვ. 23-ე კორპ. მდებარე №8 ბინა დროებით სარგებლობაში გადაეცა და სურს საკუთრების უფლების მოპოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. გ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი განჩინება, ნ. გ-ის განცხადება ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს; ნ. გ-ეს გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2004 წლის 21 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის დედანი, შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; დაკმაყოფილდა ნ. გ-ის შეგებებული სარჩელი; ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობას დაევალა ნ. გ-ისათვის ქ. თბილისში, ... I კვ, 23-ე კორპ. მდებარე №8-ის ბინის დროებით სარგებლობაში გადაცემა.

ნ. გ-ის განცხადების საფუძველზე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2004 წლის 21 ოქტომბერს ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც მხარეს არ ჩაბარებია.

2015 წლის 6 ოქტომბერს ნ. გ-ემ კვლავ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ნ. გ-ის განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხანდაზმულობის მოტივით.

მოცემულ შემთხვევაში დავის არსს და სასამართლოს მსჯელობის საგანს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა წარმოადგენს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე, თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსით განსაზღვრულია სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადები, სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებითი დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მოთხოვნის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლიანობაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს, ხოლო ამავე კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის საერთო ვადა განისაზღვრება 10 წლით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ხანდაზმულია, მიუხედავად იმისა, პირმა იცოდა თუ არა თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა ასრულებს სადავო სამართლებრივ ურთიერთობას და გამორიცხავს სადავო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს სხვათა უფლების შელახვას.

კანონმდებლობა ხანდაზმულობის ვადას აწესებს ასევე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებულ უფლებაზეც, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 142-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ნ. გ-ის მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებაში, მაგრამ აქვე მიუთითებს, რომ როგორც საქმის მასალებით დასტურდება, 2004 წლის 9 ივლისს ნ. გ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს, რომლითაც თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2004 წლის 21 ოქტომბერს ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც მხარეს არ ჩაბარებია, სააღსრულებო ფურცლის დედანი არის საქმეში.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. გ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი განჩინება; ნ. გ-ეს მიეცეს საქმეში არსებული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 21 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის დედანი, ხოლო ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე ეთქვას უარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი განჩინება;

3. ნ. გ-ეს მიეცეს საქმეში არსებული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 21 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის დედანი, ხოლო ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე ეთქვას უარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი