საქმე ბს-1-1 (გ-16) 22 მარტი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: ვასილ როინიშვილი (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა ე. შ-ას განცხადებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოსა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2015 წლის 15 ოქტომბერს ე. შ-ამ გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა, რომლითაც მამის, ნ. შ-ას პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებული ყოფილი განსაკუთრებული სამეულის 1937 წლის 19 ნოემბრის დადგენილებით, სისხლის სამართლოს კოდექსის 58-7, 58-10 მუხლების საფუძველზე ნ. შ-ას მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 16 იანვრის ბრძანებულების პირველი მუხლის თანახმად ნ. შ-ა რეაბილიტირებულია.
გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 1 დეკემბრის განჩინებით განცხადება განსჯადობით განსახილველად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.
განჩინების თანახმად, მოცემულ განცხადებაზე ვრცელდება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2126 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური განსჯადობის წესები, ამდენად, განცხადება წარდგენილი უნდა ყოფილიყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლო არ დაეთანხმა გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს აღნიშნულ განჩინებას და წამოიწყო დავა განსჯადობის შესახებ.
სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2126 მუხლი და „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა მსხვერპლთა სოციალური დაცვის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-7 მუხლი ადგენს ალტერნატიულ განსჯადობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს არჩევის უფლება მოსარჩელეს ეკუთვნის. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ განსჯად სასამართლოდ გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლო მიიჩნია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოსა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26-ე მუხლის მესამე ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ე. შ-ას განცხადება განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები.
მოცემულ შემთხვევაში, სადავოა პირის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება. ადმინისტრაციული კანონმდებლობა ამ ტიპის დავებისათვის სპეციალურ განსჯადობას ითვალისწინებს.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, რომ ე. შ-ას განცხადება გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოს განსჯადია, მაგრამ არ იზიარებს განმარტებას, რომ ამ შემთხვევაში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2126 მუხლი და „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა მსხვერპლთა სოციალური დაცვის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-7 მუხლი ალტერნატიულ განსჯადობას ადგენს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII7 თავი შეეხება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირისათვის და მისი პირველი რიგის მემკვიდრისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვის წესს. კოდექსის 2126 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ იმავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს. უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი პირველი რიგის მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელს არაუგვიანეს 2018 წლის 1 იანვრისა წარუდგენს თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს რეპრესირებული პირის/მისი პირველი რიგის მემკვიდრის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამ თავის მიზნებისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია – დასავლეთ საქართველოს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2126 მუხლი სპეციალური ნორმაა და ადგენს მხოლოდ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირისათვის და მისი პირველი რიგის მემკვიდრისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებული სარჩელის განსჯადობას. განსახილველ შემთხვევაში კი, ე. შ-ა მამის, ნ. შ-ას, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებას ითხოვს და არა კომპენსაციის მიღებას.
„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განცხადებას პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი კანონით მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი წარუდგენს იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მუდმივად ან დროებით ცხოვრობს რეპრესირებული პირი ან მისი კანონით მემკვიდრე, შესაბამისად, აღნიშნული ნორმა ასევე ადგენს სპეციალურ განსჯადობას და ითვალისწინებს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ განცხადების შეტანას რეპრესირებული პირის ან მისი მემკვიდრის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2126 მუხლი და კანონის მე-7 მუხლი შეეხება სხვადასხვა სასარჩელო მოთხოვნის განსჯადობას და მოსარჩელე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად სასამართლოს არჩევის უფლებით არ სარგებლოს. თუ მოსარჩელე (განმცხადებელი) ითხოვს პირის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებას, განცხადება შეიტანება რეპრესირებული განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მოქმედ სასამართლოში, ხოლო თუ აღძრულია სარჩელი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირისათვის და მისი პირველი რიგის მემკვიდრისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე - ასკ-ის 2126 მუხლის შესაბამისად, თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ე. შ-ას (ნ. შ-ას პირველი რიგის მემკვიდრის) მისამართია გალის რაიონი, სოფ. საბერიო, ამდენად, წარმოდგენილი განცხადება გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს განსჯადია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 408-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. შ-ას განცხადება განსჯადობით დაექვემდებაროს გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
პ. სილაგაძე