საქმე ბს-4-4 (გ-16) 22 მარტი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: ვასილ როინიშვილი (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა ნ. დ-ის სარჩელთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. დ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა, რომლითაც მოითხოვა თიღვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2015 წლის 10 აგვისტოს N29 დასკვნის ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად მცხეთის რაიონულ სასამართლოს გადაუგზავნა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებას და წამოიწყო დავა განსჯადობის შესახებ.
სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების კანონიერება, რა დროსაც, საერთო განსჯადობის წესების საფუძველზე, სარჩელი უნდა განიხილოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით განსჯადმა სასამართლომ. ვინაიდან თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი, მოცემული საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26-ე მუხლის მესამე ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ნ. დ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება მცხეთის რაიონული სასამართლოს განმარტებას, რომ ადმინისტრაციულ საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე. კონკრეტულ ტერიტორიაზე უძრავ ქონებასთან ან სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებშიც მდებარეობს უძრავი ქონება ან წარმოიშვა სამართალურთიერთობა. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით, თიღვის მუნიციპალიტეტი არ მიეკუთვნება მცხეთის რაიონს და ეს ტერიტორიული ერთეული ხაშურის რაიონული სასამართლოს იურისდიქციაშია მოქცეული, მაგრამ ვინაიდან მუნიციპალიტეტის ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მისი მმართველობის ორგანოები განთავსებულია თბილისში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით გათვალისწინებული იურიდიული პირის (დაწესებულების) ადგილსამყოფელი გულისხმობს მისი რეალური მოქმედების ადგილის მიხედვით სარჩელის შეტანას. საქმის მასალები ადასტურებს, რომ თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მისამართია თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. 89/24, შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის განსჯადია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. დ-ის სარჩელი განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
პ. სილაგაძე