Facebook Twitter

საქმე ბს-849-841 (გ-15) 22 მარტი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: ვასილ როინიშვილი (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შ. რ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის ზედმეტად მიღებული სახელმწიფო პენსიის, 150 ლარის, სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების დავალება.

მოსარჩელის განმარტებით, ა. რ-ს დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო პენსია. ბენეფიციარი 2015 წლის 6 მაისს გარდაიცვალა. 2015 წლის ივნისის პენსია გაცემულია. თანხის გამტანი პირის რეკვიზიტები არ ფიქსირდება. სოციალური მომსახურების სააგენტომ მოიძია ინფორმაცია ა. რ-ის შვილის - შ. რ-ის შესახებ, რომელსაც არაერთხელ მიმართეს თანხის ანგარიშზე დაბრუნების თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გადაუგზავნა.

განჩინების თანახმად, სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. სადავოა ფიზიკური პირის ვალდებულება სახელმწიფოსათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ და შესაბამისად, დავა განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის აღნიშნულ განჩინებას და წამოიწყო დავა განსჯადობის შესახებ.

სასამართლოს მოსაზრებით, სადავო სამართალურთიერთობა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. სარჩელის განხილვისას უნდა დადგინდეს, საპენსიო კანონმდებლობიდან გამომდინარე, რა ოდენობის პენსია ეკუთვნოდა აწ გარდაცვლილ ა. რ-ს, რომელი თვიდან უნდა შეწყვეტილიყო პენსიის გაცემა, ეკუთვნის თუ არა იმ თვის პენსია, რომელშიც გარდაიცვალა და ა.შ. ამ გარემოებების დადგენისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით და ამ კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით, მართალია, ბრძანების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან თანხის დაბრუნებას სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მაგრამ, პირველ რიგში, გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული კანონმდებლობა იმის გასარკვევად, თანხა ნამდვილად არის უკან დასაბრუნებელი თუ არა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26-ე მუხლის მესამე ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის საგნობრივი განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ ქვემდებარეობას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსნებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ა. რ-ს დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო პენსია. ბენეფიციარი 2015 წლის 6 მაისს გარდაიცვალა. 2015 წლის ივნისის პენსია გატანილია ბანკიდან. თანხის გამტანი პირის რეკვიზიტები არ ფიქსირდება.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განმარტებას, რომ სადავო სამართალურთიერთობა არ ემყარება კერძო სამართლის ნორმებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სარჩელის მატერიალურსამართლებრივი საფუძვლებია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის ნორმები.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-5 თავი აწესრიგებს პენსიის დანიშვნის საკითხებს. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დამატებით მიიღოს სოციალური დახმარებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, პენსიონერი ვალდებულია: აცნობოს კომპეტენტურ ორგანოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს პენსიის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პენსიის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია პენსიონერის გარდაცვალება.

სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე, მართალია, თანხის დაბრუნება უნდა განხორციელდეს სამოქალაქო კანონმდებლობის გამოყენებით, მაგრამ თავისთავად პენსიის დანიშვნისა და შეწყვეტის საფუძვლები მოწესრიგებულია ადმინისტრაციული კანონმდებლობით, ამდენად, დაბრუნების ვალდებულება ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე წარმოიშობა. „სამოქალაქო კანონმდებლობის გამოყენება“ ამ ნორმის მიზნებისათვის ასევე გულისხმობს პასუხისმგებელი პირის დადგენას სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, მაგ. გარდაცვლილი პენსიონრის მემკვიდრის ან მემკვიდრეების დადგენას მემკვიდრეობითი სამართლის ნორმების გამოყენებით და მათი პასუხისმგებლობის ფარგლების განსაზღვრას, მაგრამ მოთხოვნის უფლების წარმოშობის საფუძველი ადმინისტრაციული კანონმდებლობაა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს, შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 408-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი განსჯადობით დაექვემდებაროს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

პ. სილაგაძე