Facebook Twitter

საქმე ბს-852-844 (გ-15) 22 მარტი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: ვასილ როინიშვილი (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის სარჩელთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას თ. ფ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა, რომლითაც მოითხოვა თ. ფ-ისათვის 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით უკანონოდ მიღებული სახელმწიფო გასაცემლის - პენსიის, სულ 1300 ლარის, სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების დავალება.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ 2013 წლის 5 სექტემბერს სოციალური პაკეტის - პენსიის დანიშვნის მიზნით განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რა დროსაც დამალა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში დასაქმების ფაქტი. თ. ფ-ე 2013 წლის 9 ივლისიდან მუშაობს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტში, რაც დასტურდება აღნიშნულის სამინისტროს 2015 წლის 8 მაისის წერილით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2015 წლის 9 ნოემბრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გადაუგზავნა.

განჩინების თანახმად, სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. დავის საგანია არა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით იმპერატიულად დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არამედ ფიზიკური პირის ვალდებულება სახელმწიფოსათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ და შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კანონმდებლობით მოწესრიგებული ურთიერთობანი, კერძოდ კი, დელიქტთან დაკავშირებული სამოქალაქო სამართლოს ნორმები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის აღნიშნულ განჩინებას და წამოიწყო დავა განსჯადობის შესახებ.

სასამართლოს მოსაზრებით, სადავო სამართალურთიერთობა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. სარჩელის განხილვისას უნდა დადგინდეს, არსებობდა თუ არა, თ. ფ-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის, ხოლო შემდგომ მისი შეწყვეტის საფუძველი. ეს საკითხები მოწესრიგებულია „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონით. რაც შეეხება მოცემულ დავაზე სამოქალაქო კანონმდებლობის გამოყენებას, სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენება შესაძლებელია თ. ფ-ის სასარგებლოდ გაცემული თანხის უკან დაბრუნების სამართლებრივ საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ მოპასუხეს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე არ ჰქონდა სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26-ე მუხლის მესამე ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის საგნობრივი განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ ქვემდებარეობას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსნებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ თ. ფ-ემ 2013 წლის 5 სექტემბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური პაკეტის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა. სარჩელის საფუძველზე სადავოა თ. ფ-ისათვის 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით დარიცხული სახელმწიფო გასაცემლის - პენსიის, სულ 1300 ლარის, სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განმარტებას, რომ სადავო სამართალურთიერთობა არ ემყარება კერძო სამართლის ნორმებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სარჩელის მატერიალურსამართლებრივი საფუძვლებია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის ნორმები.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-5 თავი აწესრიგებს პენსიის დანიშვნის საკითხებს. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დამატებით მიიღოს სოციალური დახმარებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, პენსიონერი ვალდებულია: აცნობოს კომპეტენტურ ორგანოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს პენსიის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პენსიის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია საჯარო საქმიანობის განხორციელება. კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ასევე ითვალისწინებს ზედმეტად დარიცხული პენსიის დაბრუნების ვალდებულებასა და პირობებს. ანალოგიურ დებულებას შეიცავს „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო სამართალურთიერთობა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობს და სამოქალაქო სამართლის ნორმებს არ ემყარება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს _ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შესახებ. აღნიშნული პრინციპი კი ასახვას პოულობს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლში. კერძოდ, დავის განხილვის და გადაწყვეტის აუცილებლობაში უფლებამოსილი სასამართლოს მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან, სასარჩელო მოთხოვნა ეხება ადმინისტრაციულ ორგანოსა და ფიზიკურ პირს შორის საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავას, რის გამოც მოცემული საქმე განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს, შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 408-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის სარჩელი განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

პ. სილაგაძე