საქმე #ბს-774-760(კ-14) 7 ივლისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ თ. ქ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი _ ქმედების განხორციელების დავალება, სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 5 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა თ. ქ-ამ მოპასუხის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა ერთდროული (გასასვლელი) დახმარების - 2000 ლარისა და სახელფასო დავალიანების - 117,79 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 17 იანვარს განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულების მე-11 მუხლის შესაბამისად, ერთდროული (გასასვლელი) დახმარების - 2000 ლარის ანაზღაურება, რაზედაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის 22 იანვრის №135302 წერილით ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულებით განსაზღვრული საკითხები დარეგულირდა ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე გამოცემული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №997 ბრძანებით, რომელიც არ ითვალისწინებდა ერთდროულ (გასასვლელ) დახმარებას. ამასთან, სამინისტროს ბიუჯეტი არ ითვალისწინებდა სახელფასო დავალიანების დაფარვის ხარჯებს. აღნიშნული მოსარჩელის განმარტებით, უკანონოა, ვინაიდან, ზემოაღნიშნული ნორმა არ გაუქმებულა და ამასთან, პრეზიდენტის ნორმატიულ აქტს აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ნორმატიულ აქტზე უპირატესი იურიდიული ძალა და სწორედ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №997 ბრძანებაში არაფერია ნათქვამი გამოსასვლელ დახმარებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ. ქ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ერთდროული (გასასვლელი) დახმარების - 2000 ლარის ანაზღაურება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ. ქ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 2003 წლის გაუცემელი სახელფასო დავალიანების ხელზე ასაღები თანხის - 60,12 ლარის ანაზღაურება; თ. ქ-ას უარი ეთქვა 2003 წლის ულუფის - 57,67 ლარის ანაზღაურებაზე.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულების მე-11 პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურეს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურისა), რომელიც დათხოვნილია ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის, ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო, სამინისტროში ნამსახურები წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლებისა) მიხედვით მინისტრის სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთდროული (გასასვლელი) დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) 2 წლამდე (არანაკლებ 6 თვისა) – 600 ლარი; ბ) 2-იდან 10 წლამდე - 800 ლარი; გ) 10-იდან 15 წლამდე – 1000 ლარი; დ) 15-იდან 20 წლამდე – 1500 ლარი; ე) 20 წელი და მეტი – 2000 ლარი. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულების 25-ე პუნქტის შესაბამისად, ამ ბრძანებულების მე-11 და მე-12 პუნქტები ამოქმედდა 2014 წლის 1 იანვრიდან. საქმის მასალების შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ქ-ა მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 1985 წლის 14 ოქტომბრიდან, საიდანაც 2010 წლის 11 აგვისტოდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. თ. ქ-ამ 2014 წლის 17 იანვარს განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთდროული (გასასვლელი) დახმარების ანაზღაურების მოთხოვნით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის 22 იანვრის №135302 წერილით თ. ქ-ას მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. განემარტა, რომ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულებით განსაზღვრული საკითხები დარეგულირდა ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე გამოცემული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №997 ბრძანებით, რომელიც არ ითვალისწინებდა ერთდროულ (გასასვლელ) დახმარებას. ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, მინისტრმა 2014 წლის 1 იანვრამდე უნდა დაამტკიცოს სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესი.
აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №997 ბრძანებით დამტკიცდა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესი”, რომელიც არ ითვალისწინებს ერთდროულ (გასასვლელ) დახმარებას.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №997 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის” პარალელურად, 2014 წლის 17 იანვრის მდგომარეობით, ანუ იმ პერიოდში, როდესაც თ. ქ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთდროული (გასასვლელი) დახმარების ანაზღაურების მოთხოვნით, მოქმედებდა ასევე ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 19 თებერვლის №59 ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა.
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს. აღნიშნული კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს პარლამენტის დადგენილებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების მიმართ.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულებას უპირატესი იურიდიული ძალა ჰქონდა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №997 ბრძანებასთან მიმართებაში.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, თ. ქ-ამ მისი უფლების რეალიზაცია, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ერთდროული (გასასვლელი) დახმარების მოთხოვნა, განახორციელა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულების მე-11 პუნქტის მოქმედების პერიოდში - 2014 წლის 6 იანვარს, მაშინ აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ჯერ კიდევ არ იყო ძალადაკარგული ანუ 2014 წლის 6 იანვრისთვის არ არსებობდა საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 19 თებერვლის №59 ბრძანებულება, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მოსარჩელე თ. ქ-ას სასარგებლოდ ერთდროული (გასასვლელი) დახმარების - 2000 ლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ. ქ-ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ერთდროული (გასასვლელი) დახმარების - 2000 ლარის ანაზღაურება.
რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების - 117,79 ლარის ანაზღაურებას აღნიშნულთან მიმართებაში საქალაქო სასამართლო განმარტავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შრომით–სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა, როგორც საჯარო მოსამსახურე ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების” შესაბამისად.
,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის (2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) 31-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებდა ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისთვის დადგენილ განაკვეთს, წელთა ნამსახურობის დანამატს, რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო; დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშობისთვის, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუშაობისთვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. ასეთივე დანაწესს შეიცავდა მოსარჩელის სახელფასო დავალიანების წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების” 55-ე მუხლი, რომლის პირველი აბზაცით დადგენილი იყო, რომ პოლიციაში სამსახურისათვის თანამშრომელი იღებდა ხელფასს, რომელიც შეიცავდა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას (თუ იგი ნატურით არ ეძლეოდათ), რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო; დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებსა და კომპენსაციებს. ამდენად, 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის, ისევე როგორც ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ დებულების” შესაბამისი ნორმებით დადგენილი იყო, რომ პოლიციელის ხელფასი მოიცავდა არა მარტო თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, არამედ _ ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებული იყო; დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისათვის და სხვა გასამრჯელოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებსა და კომპენსაციებს. თუმცა 2000 წლის 28 ივნისის №413 კანონით ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით, ხსენებული კანონის 31-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის თანახმად, ხელფასი მოიცავდა მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.
მოსარჩელის წინაშე სახელფასო დავალიანება მოპასუხეს წარმოეშვა 2003 წელს და დღეისათვის მოსარჩელე დავობს სწორედ ამ პერიოდში წარმოშობილ და შეუსრულებელ ვალდებულებებზე. ამასთან, 2000 წლის 28 ივნისის შემდეგ მოქმედი რედაქციით ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატს არ წარმოადგენს კვების ულუფის კომპენსაციის თანხა და იგი ხელფასისგან დამოუკიდებელი ფულადი გასაცემელია, რომელზედაც ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისთვის დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას თ. ქ-ასათვის სასარჩელო მოთხოვნის ერთდროული დახმარების ანაზღაურების დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბოლისის საქალაქო სასამარლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრვი დასაბუთება და დამატებით მიუთითა, რომ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულების მე-11 პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურეს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურისა), რომელიც დათხოვნილია ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის, ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო, სამინისტროში ნამსახურები წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლებისა) მიხედვით მინისტრის სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთდროული (გასასვლელი) დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) 2 წლამდე (არანაკლებ 6 თვისა) – 600 ლარი; ბ) 2-იდან 10 წლამდე - 800 ლარი; გ) 10-იდან 15 წლამდე – 1000 ლარი; დ) 15-იდან 20 წლამდე – 1500 ლარი; ე) 20 წელი და მეტი – 2000 ლარი.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. ქ-ა მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 1985 წლის 14 ოქტომბრიდან, საიდანაც 2010 წლის 11 აგვისტოდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულების 25-ე პუნქტის შესაბამისად, ამ ბრძანებულების მე-11 და მე-12 პუნქტები ამოქმედდა 2014 წლის 1 იანვრიდან.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ თ. ქ-ამ 2014 წლის 17 იანვარს განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთდროული (გასასვლელი) დახმარების ანაზღაურების მოთხოვნით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის 22 იანვრის №135302 წერილით თ. ქ-ას მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. განემარტა, რომ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულებით განსაზღვრული საკითხები დარეგულირდა ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე გამოცემული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №997 ბრძანებით, რომელიც არ ითვალისწინებდა ერთდროულ (გამოსასვლელ) დახმარებას.
,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის ”ე” ქვეპუნქტის თანახმად, მინისტრმა 2014 წლის 1 იანვრამდე უნდა დაამტკიცოს სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესი.
აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №997 ბრძანებით დამტკიცდა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესი”, რომელიც არ ითვალისწინებს ერთდროულ (გამოსასვლელ) დახმარებას.
სააპელაციო სასამართლო ასევე დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს განმარტებას, იმის თაობაზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №997 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის” პარალელურად, 2014 წლის 17 იანვრის მდგომარეობით, ანუ იმ პერიოდში, როდესაც თ. ქ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთდროული (გასასვლელი) დახმარების ანაზღაურების მოთხოვნით, მოქმედებდა ასევე ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 19 თებერვლის №59 ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა.
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის გათვალისწინებით, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულება უპირატესი იურიდიული ძალით სარგებლობდა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №997 ბრძანებასთან მიმართებაში.
სააპელაციო სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ. ქ-ამ მისი უფლების რეალიზაცია, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ერთდროული (გასასვლელი) დახმარების მოთხოვნა, განახორციელა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულების მე-11 პუნქტის მოქმედების პერიოდში - 2014 წლის 6 იანვარს.
ამდენად არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 2013 წლის 31 დეკემბრის საქართველოს შს მინისტრის N997 ბრძანებაში „საქართველოს შს სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის შესახებ“ და ასევე „პოლიციის შესახებ„ საქართველოს კანონში არ იყო გათვალისწინეული შს სამინისტროდან დათხოვნილ მოსამსახურეზე გასაცემი ერთდროული გასასვლელი დახმარება. ვინაიდან თ. ქ-ს მიმართვის დროს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულება ჯერ კიდევ არ იყო ძალადაკარგული ანუ 2014 წლის 06 იანვრისთვის არ არსებობდა საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 19 თებერვლის №59 ბრძანებულება, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თ. ქ-ას უარი ეთქვას ერთდროული (გასასვლელი) დახმარების - 2000 ლარის ანაზღაურებაზე.
კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა „საქართველოს შს სამინისტროს სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა სპეციალური და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის N1082 ბრძანებულების მე-11 პუნქტზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა არ მოქმედებდა 2014 წლის 1 იანვრამდე საქართველოს პრეზიდენტის N 1139 ბრძანებულების საფუძველზე.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 60-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დაევალა 2014 წლის 1 იანვრამდე სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესის დამტკიცება. აღნიშნული კანონის საფუძველზე, 2013 წლის 31 დეკემბერს დამტკიცდა საქართველოს შს მინისტრის N997 ბრძანება „საქართველოს შს სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის შესახებ“, რომელიც ამოქმედდა 2014 წლის 1 იანვრიდან. კასატორის განმარტებით, აღნიშნულ ბრძანებაში, ასევე „პოლიციის შესახებ„ საქართველოს კანონში არ არის გათვალისწინეული შს სამინისტროდან დათხოვნილ მოსამსახურეზე გასაცემი ერთდროული გასასვლელი დახმარება.
საქართველოს კანონი იეარქიულად მაღლა დგას პრეზიდენტის ბრძანებულებაზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ,,პოლიციის შესახებ“ კანონმა პირდაპირ დაავალა შს მინისტრს სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის 2014 წლის 1 იანვრამდე დამტკიცება, აღნიშნული წესი დამტკიცდა 2013 წლის 31 დეკემბერს, რაც ნიშნავს იმას, რომ 2014 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს N997 ბრძანება შსს შესახებ, რომელშიც დათხოვნილ მოსამსახურეებზე გასაცემი ერთდროული გასასვლელი დახმარება არ არის გათვალისწინებული. „პოლიციის კანონის“ ამოქმედების დღიდან ანუ 2014 წლის 1 იანვრიდან, პრეზიდენტის N1082 ბრძანებულება უკვე აღარ არეგულირებდა შსს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის საკითხებს, რადგან “პოლიციის კანონის“ მიხედვით, აღნიშნული საკითხების რეგულირება დადგინდა შსს მინისტრის ბრძანებით და არა პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად. ანუ საკანონმდებლო აქტის თანახმად, აღნიშნული საკითხების დარეგულირება უკვე აღარ წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციის სფეროს, რაც მნიშვნელოვანია. ამასთან, სასამართლოს ნორმატიული აქტების იერარქიის მსჯელობისას კარგი იქნებოდა ასევე მხედველობაში მიეღო საკანონმდებლო აქტებისა და კანონქვემდებარე აქტის იეარქიის საკითხიც.
კასატორის განმარტებით, ახალი კონსტიტუციის ამოქმედების დღიდან საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება შემოიფარგლა/განისაზღვრა მხოლოდ კონსტიტიციით განსაზღვრული უფლებამოსილებით. რაც შეეხება პრეზიდენტის სამართლებრივ აქტებს, მათ იურიდიული ძალა შეუნარჩუნდათ იგივე, მსგავსი საკითხების მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების გამოცემასა და ამოქმედებამდე, რაზედაც პირდაპირ მიუთითებს, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის №1157 კანონის მე-2 მუხლი. შესაბამისად, №997 ამოქმედების დღიდან ე.ი. 2014 წლის 1 იანვრიდა, პრეზიდენტის №1082 ბრძანებულებქა ფაქტობრივად უკვე აღარ მოქმედებდა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის 19 თებერვლის N59 ბრძანებულება ძალაში შევიდა/ამოქმედდა 2014 წლის 1 იანვრიდან. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის N1082 ბრძანებულებამ თავისი მოქმედება შეწყვიტა 2014 წლის 1 იანვრიდან და არა 2014 წლის 19 თებერვლიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განჩინება და თ. ქ-ას სარჩელი ერთჯერადი (გასასვლელი) დახმარების ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: თ. ქ-ა 1985-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (ს.ფ.10). თ. ქ-ამ 2014 წლის 17 იანვარს განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთდროული (გასასვლელი) დახმარების ანაზღაურების მოთხოვნით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის 22 იანვრის №135302 წერილით თ. ქ-ას მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. განემარტა, რომ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულებით განსაზღვრული საკითხები დარეგულირდა ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე გამოცემული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №997 ბრძანებით, რომელიც არ ითვალისწინებდა ერთდროულ (გამოსასვლელ) დახმარებას (ს.ფ.11). საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ თ. ქ-ას კუთვნილი 2003 წლის ხელზე გასაცემი თანხა შეადგენს 117,79 ლარს, საიდანაც თანამდებობრივი სარგოა - 38,03 ლარი, წოდებრივი სარგო - 10.07 ლარი, გასაცემი დანამატი - 12.02 ლარი და ულუფა 57,67 ლარი (ს.ფ.31).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ. ქ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ერთდროული (გასასვლელი) დახმარების - 2000 (ორი ათასი) ლარის ანაზღაურება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ. ქ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 2003 წლის გაუცემელი სახელფასო დავალიანების ხელზე ასაღები თანხის 60,12 ლარის ანაზღაურება, ხოლო 2003 წლის ულუფის 57,67 ლარის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის თ. ქ-ას სასარგებლოდ ერთდროული (გასასვლელი) დახმარების - 2000 ლარის დაკისრების ნაწილში, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე საყურადღებოა ის გარემოება, რომ საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის თ. ქ-ას სასარგებლოდ ერთდროული (გასასვლელი) დახმარების - 2000 ლარის ანაზღაურების დაკისრების კანონიერება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხლეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრებოდა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულებით. ამავე ბრძანებულების მე-11 და მე-12 პუნქტები არეგულირებდა სამინისტროს მოსამსახურეთათვის სამინისტროში ნამსახურები წლების მიხედვით მინისტრის სამართლებრვი აქტის საფუძველზე ერთდროული (გასასვლელი) დახმარების ანაზღაურების წესსა და პირობებს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით პერმანენტულად ხდებოდა აღნიშნული მუხლების მოქმედების ვადის გადავადება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულებაში 2012 წლის 28 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების პერიოდში (მას შემდეგ რაც განისაზღვრა, რომ აღნიშნული ბრძანებულების მე-11 პუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან) თ. ქ-ამ 2014 წლის 6 იანვარს მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულების მე-11 პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ანაზღაურების მოთხოვნით, რაზედაც ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულებით განსაზღვრული საკითხები დარეგულირდა ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე გამოცემული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №997 ბრძანებით, რომელიც არ ითვალისწინებდა ერთდროულ (გამოსასვლელ) დახმარებას (ს.ფ.11).
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემული დავის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, თ. ქ-ამ თავისი უფლების რეალიზაცია, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი მიმართვა ერთჯერადი (გასასვლელი) დახმარების ანაზღაურების თაობაზე, განახორციელა თუ არა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულების მე-11 პუნქტის მოქმედების პერიოდში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, იმისათვის, აუცილებელია სადავო საკითხთან დაკავშირებით ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულებაში შესული ყველა ცვლილების ქრონოლოგიური განხილვა.
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულების“ (თავდაპირველი რედაქცია) მე-11 მუხლის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურეს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურისა), რომელიც დათხოვნილია ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის, ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო, სამინისტროში ნამსახურები წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლებისა) მიხედვით მინისტრის სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთდროული (გასასვლელი) დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) 2 წლამდე (არანაკლებ 6 თვისა) – 600 ლარი; ბ) 2-იდან 10 წლამდე - 800 ლარი; გ) 10-იდან 15 წლამდე – 1000 ლარი; დ) 15-იდან 20 წლამდე – 1500 ლარი; ე) 20 წელი და მეტი – 2000 ლარი, ამავე ბრძანებულების 26-ე პუნქტის შესაბამისად, ბრძანებულების მე-11 და მე-12 პუნქტების ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2007 წლის 1 იანვარი; 2006 წლის 19 ოქტომბრის №616 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ცვლილება შევიდა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულების“ 26-ე პუნქტში და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,ამ ბრძანებულების მე-11 და მე-12 პუნქტები ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან ....“, შემდგომ 2007 წლის 4 დეკემბრის №671 ცვლილებით მე-11 და მე-12 პუნქტების ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2009 წლის 1 იანვარი, შემდგომ 2008 წლის 17 დეკემბრის №600 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით კვლავ შევიდა ცვლილება და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულების მე-11 და მე-12 პუნქტების ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2010 წლის 1 იანვარი; 2009 წლის 29 დეკემბრის №967 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მე-11 და მე-12 პუნქტების ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2011 წლის 1 იანვარი; 2010 წლის 31 დეკემბრის №1101 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით კვლავ შევიდა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულების“ 26-ე პუნქტში ცვლილება და ბრძანებულების მე-11 და მე-12 პუნქტების ამოქმედების ვადა გადაიდო 2012 წლის 1 იანვრამდე. 2011 წლის 21 დეკემბრის №845 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ბრძანებულების მე-11 და მე-12 პუნქტები ამოქმედების ვადა გადაიდო 2013 წლის 1 იანვრამდე; ბოლო ცვლილება რომელიც მე-11 პუნქტის ამოქმედებას შეეხო განხორციელდა 2012 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის №1139 ბრძანებულებით და ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 1 იანვარი.
აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში საყურადღებოა ასევე ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები, კერძოდ, 2013 წლის 4 ოქტომბერს მიღებულ იქნა ახალი ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა 1993 წლის 27 ივლისის №018 კანონი ,,პოლიციის შესახებ“, ამავე კანონის გარდამავალი დებულების მე-60 მუხლის შესაბამისად, განისაზღვრა, რომ საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს: ა) „საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება; ბ) „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდის (კატარღის) მიერ სამართალდამრღვევი მცურავი საშუალების წინააღმდეგ შეიარაღების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება; გ) სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიებისა და ობიექტების ნუსხის დადგენა; ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად: მინისტრმა 2014 წლის 1 იანვრამდე უნდა დაამტკიცოს:
ა) სამინისტროში სამსახურის გავლის წესი;
ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი;
გ) პოლიციელის ფიცის ტექსტი;
დ) პოლიციის ეთიკის კოდექსი;
ე) სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესი;
ვ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესი;
ზ) სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესი;
თ) სამინისტროში სატრანსპორტო საშუალებების საწვავით უზრუნველყოფის პირობები და წესი;
ი) სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება;
კ) წვევამდელის პოლიციაში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი;
ლ) სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქცია;
მ) პოლიციის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი;
ნ) სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა;
ო) სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშები და სამკერდე ნიშნით, სამინისტროს მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესი;
პ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირების დაცვის დროებითი ინსტრუქცია;
ჟ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის ნუსხა;
რ) პირის იდენტიფიკაციის, მოწვეულ პირთან გასაუბრების, პირის ზედაპირული შემოწმების და სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერების ოქმების ფორმები.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტროს 2013 წლის 31 დეკემბრის №997 ბრძანებით დამტკიცდა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესი“, რომლის 1-ლი მუხლის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესი აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში (შემდგომში - სასაზღვრო პოლიცია) დასაქმებულ პოლიციის სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირთა, საჯარო მოხელეთა, შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებს. აღნიშნული ბრძანება აღარ ითვალისწინებს ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულების მე-11 და 12-ე პუნქტებით გათვალისწინებულ ნამსახურობის წლების მიხედვით კომპენსაციის სახით ერთდროული (გასასვლელი) დახმარების ანაზღაურებას.
საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 19 თებერვლის №59 ბრძანებულებით 2014 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ”.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. ამდენად, კანონის განმარტებისას, დადგენილ უნდა იქნეს კანონმდებლის ნება და მიზანი, რაც მხოლოდ გრამატიკული განმარტებით ვერ მიიღწევა. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს _ ყოველი ნორმა წაკითხულ უნდა იქნეს არა ამოგლეჯილად, არამედ სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს _ გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით. ხსენებული განმარტების საშუალებით ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, როგორც კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ირკვევა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულება, რომლის მე-11 პუნქტის საფუძველზე მოსარჩელე - თ. ქ-ამ მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის კომპენსაციის სახით ერთდროული (გასასვლელი) დახმარების ანაზღაურება ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 19 თებერვლის №59 ბრძანებულებით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №997 ბრძანებით დამტკიცდა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესი“, რომელიც არ ითვალისწინებდა ერთდროულ (გასასვლელ) დახმარებას. საკასაციო სასამართლო იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება უპირატესი იურიდიული ძალით სარგებლობს მინისტრის ბრძანებასთან მიმართებაში და აღნიშნავს, რომ მინისტრის ბრძანება ვერ დაადგენს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებისაგან განსხვავებულ მოწესრიგებას, მაგრამ ამავე დროს მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის №59 ბრძანებულება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულება, რომელიც აწესრიგებდა კომპენსაციის სახით ერთდროული (გასასვლელი) დახმარების გაცემას, მიღებულ იქნა 2014 წლის 19 თებერვალს და გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს აღნიშნული ბრძანებულების მე-2 მუხლს, რომლის შესაბამისადაც ბრძანებულების ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 1 იანვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნორმატიულმა აქტმა პირდაპირ განსაზღვრა აქტისათვის უკუძალის მინიჭება, შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულება ძალადაკარგულად ჩაითვალა 2014 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №997 ბრძანება ,,საქართველოს შს სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის შესახებ“, რომელმაც ახლებურად დაარეგულირა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესი და რომელიც აღარ შეიცავს კომპენსაციის სახით ერთდროული (გასასვლელი) დახმარების მოსამსახურეთათვის ანაზღაურების წესს მიღებულ იქნა 2013 წლის 31 დეკემბერს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ - თ. ქ-ამ მისი უფლების რეალიზაცია განახორციელა 2014 წლის 6 იანვარს ანუ სადამ მიღებული იქნებოდა საქრთველოს პრეზიდენტის 2014 წლის №59 ბრძანებულება აღნიშნული არ ნიშნავს, თ. ქ-ას განცხადების დაკმაყოფილების საფუძველს, ვინაიდან, როგორც ავღნიშნეთ აღნიშნული ბრძანებულება ძალადაკარგულად გამოცხადდა 2014 წლის 1 იანვრიდან, რაც ნიშნავს, იმას, რომ პრაქტიკულად მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებულ ნამსახურობის წლების მიხედვით კომპენსაციის სახით ერთდროული (გასასვლელი) დახმარების ანაზღაურების გაუქმება მოხდა ისე, რომ მისი მოქმედება არ ყოფილა დაშვებული აქტის მოქმედების არცერთ ეტაპზე. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისათვის უკუძალის მინიჭებით გამოირიცხა ნორმის ამოქმედების შესაძლებლობა.
აქვე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თ. ქ-ას, რომც მოეხდინა თავისი უფლების რეალიზაცია ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულების მე-11 მუხლის მოქმედების პერიოდში, მაინც არამართებულია აღნიშნული მუხლის საფუძველზე ქვედა ინსტანციების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის თ. ქ-ასათვის ერთდროული (გასასვლელი) დახმარების სახით - 2000 ლარის ანაზღაურება, ვინაიდან, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულების მე-11 მუხლის დეფინიციიდან ირკვევა, აღნიშნული მუხლი ეხება მხოლოდ იმ მოსამსახურეს, რომელიც დათხოვნილია 1) ზღვრული ასაკის; 2) ავადმყოფობის; 3) ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო საქმის მსალების შესაბამისად, კი დასტურდება, რომ თ. ქ-ა 2010 წლის 11 აგვისტოდან გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნული საფუძლით, კი კომპენსაციის სახით ერთდროული (გასასვლელი) დახმარების ანაზღაურებას არეგულირებდა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირთა და სხვა საჯარო მოხელეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულების მე-12 მუხლი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ქ-ას უარი უნდა ეთქვას ერთდროული (გასავლელი) დახმარების - 2000 ლარის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3-ე და 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
3. თ. ქ-ას სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ერთდროული (გასავლელი) დახმარების - 2000 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ნ. სხირტლაძე