Facebook Twitter

№ბს-755-741(კ-კს-14) 21 მაისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი _ ანა ვარდიძე

კასატორი (მოსარჩელე) – ზ. ხ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობა

დავის საგანი –სამუშაოზე აღდგენა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 20 მაისს ზ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ცაგერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2013 წლის 11 მარტის №2პ-376 ბრძანებით დაინიშნა ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 22 აპრილის №2პ-073 ბრძანებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

მოსარჩელის მითითებით, მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილის „ც“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, ვინაიდან მის მიმართ მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე, შესაბამისად, გათავისუფლების შესახებ ბრძანება უნდა გამოეცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს - საკრებულოს თავმჯდომარეს. ამასთანავე, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაარღვია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის „ბ“ პუნქტი“, 111-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლი, ამავე კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 98-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რამდენადაც გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემისას ზ. ხ-ს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეჩერებული ჰქონდა, იგი გადიოდა მკურნალობის კურსს, რის გამოც მას მონაწილეობა არ მიუღია ადმინისტრაციულ წარმოებაში. 2014 წლის 17 აპრილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ იმყოფებოდა სამსახურში, 2014 წლის 22 აპრილს გახსნა საავადმყოფო ფურცელი, რის შესახებაც ცნობილი იყო გამგეობის ადმინისტრაციისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 22 აპრილის №2პ-073 ბრძანების არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის - 3 თვის თანამდებობრივი სარგოს, ერთი თვის საშვებულებო თანხისა და მორალური ზიანის სახით 4 000 ლარის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება.

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 22 აპრილის №2პ/-073 ბრძანება ცნობილი იქნა არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად; ზ. ხ-ი აღდგენილ იქნას ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე; ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას ზ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; ხოლო მორალური ზიანისა და საშვებულებო თანხის ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.

ცაგერის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ხ-ს არ ჩაუდენია დისციპლინური გადაცდომა.

რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით, ამავე კანონის 33-ე მუხლის მესამე ნაწილის „ო“ ქვეპუნქტით, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის დებულების მე-7 მუხლის „ც“ ქვეპუნქტით და განმარტა, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე უფლებამოსილი იყო საკრებულოს თავმჯდომარე და არა გამგებელი, რის გამოც ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანება საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენდა.

გარდა აღნიშნულისა, რაიონული სასამართლოს მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზ. ხ-ი იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, რაც ცნობილი იყო ადმინისტრაციისთვის.

გათავისუფლების საფუძვლად ბრძანებაში მითითებული იყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტი. რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, იმ საკითხის განსაზღვრა, რამდენად ჯეროვნად ასრულებდა პირი მასზე დაკისრებულ მოვალეობას, წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს შეფასების საგანს, ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს მიღებული ჰქონდა პრემია. ამდენად, რაიონულმა სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანება.

რაიონული სასამართლოს მითითებით, მორალური ზიანისა და საშვებულებო თანხის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა ვერ იქნა დასაბუთებული.

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა ზ. ხ-ის განცხადება და ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება ზ. ხ-ის ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის სამი თვის თანამდებობრივი სარგოს დაკისრების თაობაზე მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

ცაგერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 22 აპრილის №2პ-073 ბრძანება; ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას ზ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის - არაუმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება; ზ. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნა - ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით, 41-ე მუხლის 1-ლი პუნქტით, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „მ.ა“ ქვეპუნქტით, ამავე დებულების მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 93-ე მუხლით, ამავე კანონის 79-ე მუხლით, არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 22 აპრილის №2პ-073 ბრძანება გამოცემული იყო არაუფლებამოსილი პირის - გამგებლის მიერ.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე საკრებულოს თავმჯდომარეს ამ კანონის 39-ე მუხლით ენიჭებოდა უფლებამოსილება გამგეობის (მერიის) მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ მიეღო გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამგებელი (მერი) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენდა წინადადებებს გამგეობის (მერიის) მოსამსახურეთა წახალისების შესახებ, მაგრამ აღნიშნული არ გამორიცხავდა გამგებლის (მერის) კომპეტენციას „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მითითებული ნორმების საფუძველზე, დისციპლინური წარმოების დროს თვითონ გაეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. ასეთ შეზღუდვას ზემოთქმული კანონები არ აწესებდა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 22 აპრილის №2პ-073 ბრძანება ზ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ არ წარმოადგენდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია ზ. ხ-ი სადავო ბრძანების გაუქმებას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ სადავო ბრძანება გამოცემული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, თუმცა მოსარჩელე სარჩელსა და ახსნა-განმარტებაშიც ყურადღებას ამახვილებდა აქტის უკანონობაზე, რომ ბრძანება ეწინააღმდეგებოდა კანონს და არსებითად იყო დარღვეული მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 22-ე მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 127-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საფუძვლიანად მიიჩნია სარჩელი აქტის ბათილად ცნობისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის „გ“ პუნქტის საფუძველზე განმარტა, რომ ვინაიდან მოსარჩელე 2014 წლის 22 აპრილიდან 29 აპრილამდე იმყოფებოდა სააავადმყოფო ფურცელზე, რის შესახებაც მან 2014 წლის 22 აპრილს აცნობა ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას, ზ. ხ-ს უნდა შეჩერებოდა სამსახურებრივი ურთიერთობა, შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანება იყო კანონშეუსაბამო, რამდენადაც ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმები არ ითვალისწინებდა დროებითი შრომისუუნარობის დროს მოხელის სამსახურიდან დათხოვნის შესაძლებლობას.

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართოს მსჯელობა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლი მე-3 ნაწილთან მიმართებით, რომელიც ითვალისწინებდა სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევის გამო მოხელის გათავისუფლებას და განმარტა, რომ კანონით რეგლამენტირებული არ იყო კონკრეტულად რა ითვლებოდა სამსახურეობრივ მოვალეობათა უხეშ დარღვევად. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ასეთ დარღვევად შესაძლოა მიჩნეულ იქნეს ისეთი დარღვევა, რომელმაც გამოუსწორებელი შედეგი (ზიანი) მიაყენა სახელმწიფოს, ადგილობრივ თვითმმართველობის ან მოქალაქეების ინტერესს ან საჯარო სამსახურის ავტორიტეტს. ასეთ ფაქტს კი მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სადავო აქტის გამოცემის დროისათვის აპელანტის მიმართ არ მოქმედებდა დისციპლინური ზემოქმედების რაიმე სახის ღონისძიება. აპრილში ზ. ხ-ს მიღებული ჰქონდა პრემია - ერთდროული ფულადი ჯილდო, როგორც წახალისების ერთ-ერთი ფორმა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, ხოლო სამუშაოზე აღდგენის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ გაიზიარა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ აქვეპუნქტის თანახმად, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ამ კანონის 58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად. მითითებული კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გამგებლის/მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილებები უწყდებათ ახალი გამგებლის/მერის არჩევისას (უფლებამოსილების დაწყებისას).

ამდენად, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსმა განსაზღვრა და დააწესა ადრე მოქმედი კანონის ფარგლებში დანიშნული გამგებლის/მერის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების უფლებამოსილების ვადა, რომელიც ავტომატურად წყდებოდა ახალი გამგებლის არჩევისას, მისი უფლებამოსილების დაწყებისთანავე. 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შემდეგ საქართველოს ყველა რაიონში არჩეულ იქნა ახალი გამგებელი, მათ შორის ცაგერის მუნიციპალიტეტშიც. შესაბამისად, ახალი გამგებლის არჩევამ გამოიწვია გამგებლის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სტრუქტურული ერთეული ხელმძღვანელების უფლებამოსილების კანონისმიერი შეწყვეტა, რის შედეგადაც მითითებული თანამდებობის პირთა დანიშვნა წარმოადგენს ახლად არჩეული გამგებლის დისკრეციულ უფლებამოსილებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ გაუქმდა ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 აგვისტოს განჩინება ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, კერძოდ, ზ. ხ-ის ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ხ-მა, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია ზ. ხ-ის გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, რამდენადაც იგი გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

კასატორის მოსაზრებით უკანონოა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამუშაოზე აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, უსაფუძვლოდ ეთქვა მოსარჩელეს უარი სამუშაოზე აღდგენაზე. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში წარმოდგენილი ცაგერის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული გამგებლის 2014 წლის 16 სექტემბრის №1314 წერილი, რომლის თანახმად გამგეობა თანხმობას აცხადებდა ზ. ხ-ი აღედგინა ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 დეკემბრის განჩინებებით წარმოებაში იქნა მიღებული ზ. ხ-ის კერძო საჩივარი, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. ხ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 იანვრის განჩინებით ზ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინება.

საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 12 თებერვლის განჩინებით ზ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ხ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 11 მარტის №2პ-376 ბრძანებით ზ. ხ-ი დაინიშნა ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე; ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 22 აპრილს №2პ-073 ბრძანებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზ. ხ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების უხეშად დარღვევის გამო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 22 აპრილის №2პ-073 ბრძანება; ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას ზ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის - არაუმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება; ხოლო ზ. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნა - ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ზ. ხ-ის მიერ, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობაზე ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 22 აპრილის №2პ-073 ბრძანების კანონიერების შეფასებისა და ზ. ხ-ის თანამდებობაზე აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზ. ხ-ის გათავისუფლების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 22 აპრილს №2პ-073 ბრძანების უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის შესახებ, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეყრდნობა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მით უფრო, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას საკასაციო საჩივარი და შესაბამისად, საკასაციო პრეტენზია ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.

სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ზ. ხ-ი განთავისუფლების მომენტისთვის - 2014 წლის 22 აპრილიდან 2014 წლის 29 აპრილამდე იმყოფებოდა სააავადმყოფო ფურცელზე, რაც ცნობილი იყო ადმინისტრაციული ორგანოსათვის. შესაბამისად, ზ. ხ-ის მიმართ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით და შეეჩერებინა სამსახურებრივი ურთიერთობა დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აქტის კანონიერების შემოწმება ხდება ფორმალური და მატერიალური კუთხით, შესაბამისად, აქტი შინაარსობრივად უნდა შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას სადავო აქტის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ სამართლებრივ საფუძველთან შეუსაბამობის თვალსაზრისით.

რაც შეეხება კასატორის არგუმენტს, რომ ზ. ხ-ის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოცემული იყო არაუფლებამოსილი პირის - ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 22 აპრილს №2პ-073 ბრძანება არ წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საკასაციო სასამართლო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას (იხ. 29.04.14წ. გადაწყვეტილება საქმე №ბს-651-626(კ-13).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხზე გადაწყვეტილება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა იქნეს მიღებული.

ადმინისტრაციული ორგანოს პრეროგატივაა მის კომპეტენციაში შემავალი საკითხი გადაწყვიტოს არა მხოლოდ კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი კანონის მოთხოვნებს, არამედ ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემისას უნდა იხელმძღვანელოს მიზანშეწონილობის კრიტერიუმებითაც. სამართლებრივი აქტი უნდა პასუხობდეს მიზანშეწონილობისა და კანონიერების მოთხოვნებს. მიზანშეწონილობა გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას საჯარო ინტერესების გათვალისწინებით ოპტიმალურად გადაწყვიტოს სადავო საკითხი და განახორციელოს შესაბამისი მმართველობითი ღონისძიება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

მოცემულ შემთხვევაში ზ. ხ-ის ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების უკანონობა დადასტურებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რაც სადავოდ არ გაუხდია აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. საკასაციო სასამართლოც იზიარებს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 22 აპრილის №2პ-073 ბრძანების კანონშეუსაბამობის შესახებ დასკვნას.

თუმცა მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია უფლებამოსილების ვადის განსაზღვრის შესახებ საკანონმდებლო დანაწესის ფარგლებში, თანამდებობაზე აღდგენის შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენადაც დღეის მდგომარეობით ზ. ხ-თან მიმართებაში თანამდებობაზე გამწესების ვადა გასულია.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ნორმებთან მიმართებით და განმარტავს, რომ ახალმა კანონმა განსაზღვრა ადრე მოქმედი კანონის ფარგლებში დანიშნული გამგებლის/მერის პირველი მოადგილის, მოადგილეების და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების უფლებამოსილების ვადა. ეს ვადა წყდებოდა ახალი გამგებლის არჩევისას, მისი უფლებამოსილების დაწყებისთანავე. 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შემდეგ საქართველოს ყველა რაიონში არჩეულ იქნა ახალი გამგებელი, მათ შორის ცაგერშიც, შესაბამისად, ახალი გამგებლის არჩევამ გამოიწვია გამგებლის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების უფლებამოსილების კანონისმიერი შეწყვეტა, შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 22 აპრილის №2პ-073 ბრძანების გამოუცემლობის პირობებშიც აღნიშნული სამართლებრივი რეგულაცია გავრცელდებოდა მის მიმართ. უფლებამოსილების შეწყვეტის შედეგად მითითებულ თანამდებობის პირთა დანიშვნა ახლად არჩეული გამგებლის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რა დროსაც ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი იმპერატიულად ადგენს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის ვალდებულებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზ. ხ-თან მიმართებაში. მით უფრო, იმ ვითარებაში, რომ საქმეში წარმოდგენილია ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილი, რომელშიც მუნიციპალიტეტი აცხადებს თანხმობას, გამოხატავს ნებას ზ. ხ-ის ცაგერის მუნიციპალიტეტის ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულზე გავლენას არ ახდენს ის გარემოება, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა ახსნა-განმარტებაში დაადასტურა, რომ დღეის მდგომარეობით ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშნულია სხვა პირი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენას არ აბრკოლებს მის ნაცვლად ახალი მოხელის დანიშვნა.

გარდა ამისა, აღნიშნული საკითხის განხილვისას შესაძლოა ადმინისტრაციულ ორგანოსა და მოხელის შეთანხმებით მოხდეს არა ზუსტად იმავე, არამედ ალტერნატიული თანამდებობის შეთავაზება, რაც ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო სამართალურთიერთობის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 410-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ზ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 22 აპრილის 2პ-073 ბრძანება ზ. ხ-ის ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

5. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება ზ. ხ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. სხირტლაძე