Nბს-556-549(კ-კს-15) 12 ივლისი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შ. გ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ ახალციხის მუნუციპალიტეტის საკრებულო (მოპასუხე)
მესამე პირი - გ. პ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 18 დეკემბერს, შ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ... საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან შ. გ-ის გადაყენების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №48 ბრძანების ბათილად ცნობა; ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ... საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე აღდგენა; ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება შ. გ-ის თანამდებობიდან გადაყენების დღიდან თანამდებობაზე მისი აღდგენის დღემდე; ქ.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შ. გ-ის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის დადასტურების შემთხვევაში, ქ.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის შ. გ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის - 3 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით შ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №48 განკარგულება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ... საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან შ. გ-ის გადაყენების შესახებ. შ. გ-ე აღდგენილ იქნა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ... საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაეკისრა განაცდური ხელფასის ანაზღაურება შ. გ-ის სასარგებლოდ სამი თვის თანამდებობრივი სარგო, სულ 4500 ლარის ოდენობით. სარჩელი არ დაკმაყოფილდა ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შ. გ-ის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობისა და მოპასუხისათვის მორალური ზიანის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში. გადაწყვეტილება სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის დაკისრების ნაწილში დაუყოვნებლივ მიექცა აღსასრულებლად.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 დეკემბრის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება შ. გ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის იმ ნაწილში, რომლითაც მოთხოვნილია სარჩელის სრულად დაკმაყოფილება სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო იძულებით განაცდურის სრულად ანაზღაურება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტამდე; ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; შ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შ. გ-ის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობისა და მოპასუხისათვის მორალური ზიანის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება სამსახურში აღდგენის დაკმაყოფილებისა და დისკრიმინაციული მოპყრობისა და მოპასუხისათვის მორალური ზიანის დაკისრების დაკამყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. შ. გ-ე 2013 წლის 19 თებერვლიდან არის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,...’’ წევრი;
2. მპგ ,,...’’ თავმჯდომარის ი. ქ-ის 2013 წლის 23 მაისის №67-111 ბრძანებით შ. გ-ე დაინიშნა მპგ ,,...’’ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად;
3. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №14 განკარგულებით საკრებულოს წევრი შ. გ-ე არჩეული იქნა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ... საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ;
4. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №9 დადგენილებით დამტკიცდა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა და საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 1500 ლარით;
5. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,...” წევრებმა მ. მ-ემ, კ. ბ-ემ, ა. ბ-მა, გ. პ-მა, ს. ო-მა, კ. გ-მა და დ. ლ-ემ 2014 წლის 18 ნოემბერს განცხადებით მიმართეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და მოითხოვეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ... საკითხთა კომისიის თავმჯდომარის შ. გ-ის კომისიის თავმჯდომარეობიდან გადაყენების თაობაზე საკითხის განხილვისათვის 2014 წლის 21 ნოემბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა;
6. 2014 წლის 21 ნოემბერს გამართულ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე შ. გ-ე გადაყენებული იქნა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ... საკითხთა კომისიის თავმჯდომარეობიდან, რის თაობაზეც მიღებული იქნა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N48 განკარგულება;
7. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ... საკითხთა კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობების შესრულება, კომისიის თავმჯდომარის არჩევამდე, კანონის შესაბამისად, დაევალა კომისიის უხუცეს წევრს - ნ. ა-ს;
8. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ... საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ არჩეული იქნა გ. პ-ი;
9. 2014 წლის 5 ნოემბერს მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ,,...ი’’ დატოვა კოალიცია ,,... .’’
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,...” წევრებმა მ. მ-ემ, კ. ბ-ემ, ა. ბ-მა, გ. პ-მა, ს. ო-მა, კ. გ-მა და დ. ლ-ემ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, 2014 წლის 18 ნოემბერს განცხადებით მიმართეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და მოითხოვეს რიგგარეშე სხდომის მოწვევა. მითითებული რეგლამენტის შესაბამისად, მოთხოვნა შეიცავდა, დღის წესრიგს ანუ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ... საკითხთა კომისიის თავმჯდომარის შ. გ-ის კომისიის თავმჯდომარეობიდან გადაყენების თაობაზე საკითხის განხილვას და რიგგარეშე სხდომის ჩატარების თარიღს - 2014 წლის 21 ნოემბერი. თუმცა ფრაქცია ,,...’’ განცხადება არ შეიცავდა რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთებას, რაც წარმოადგენს რეგლამენტით იმპერატიულად დადგენილ მოთხოვნას. მიუხედავად მითითებული დარღვევისა, 2014 წლის 21 ნოემბერს ჩატარდა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა და შედეგად შ. გ-ე გადაყენებული იქნა ქალაქ ახალციხის მუნიციპლიტეტის საკრებულოს ... საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ფრაქციის მიერ რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთება ფაქტიურად განაპირობებდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განმარტა, თუ რატომ მოხდა რიგგარეშე სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის გადაყენება თანამდებობიდან, მოქალაქეს შეეზღუდა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები, რადგან, დაუსაბუთებლად იქნა გადაყენებული თანამდებობიდან, რომ არა უკანონო და დაუსაბუთებელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შ. გ-ე შეასრულებდა თავის უფლებამოსილებას იმ ვადით, ვიდრე იქნებოდა საკრებულოს წევრი და, შესაბამისად, ... კომისიის წევრი.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას დისკრიმინაციული მოპყრობისათვის შ. გ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, პალატამ მიუთითა, რომ ვინაიდან ვერ დადასტურდა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხრიდან შ. გ-ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის განხორციელების ფაქტი, შესაბამისად, მითითებული სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და ამ ნაწილში არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნაზე იძულებითი მოცდენის სრულ პერიოდზე, პალატა მიიჩნია, რომ საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს ამ ნაწილში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტამდე.
აღნიშნული განჩინება შ. გ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა მორალური ზიანის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმებისა და ამ ნაწილში საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
კასატორის განმარტებით, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელი და ზედაპირულია. სასამართლომ არასწორად განმარტა კონსტიტუციის მე-14 მუხლი და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონი. რომ არა მოსარჩელის ოპოზიციური პარტიის წევრობა, მიღებული იქნებოდა სხვა გადაწყვეტილება, ამდენად, დისკრიმინაციის ფაქტი ცალსახად დასტურდება. სასამართლოს მიდგომას თუ გავიზიარებთ, არჩევითი თანამდებობის პირების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა დასაშვებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. სააპელაციო სასაართლომ მიიჩნია, რომ შ. გ-ის თანამდებობიდან გათავისუფლება დისკრიმინაციული არ იყო.
საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს მოცემული საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს:
1. შ. გ-ე 2013 წლის 19 თებერვლიდან არის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,თავისუფალი დემოკრატების’’ წევრი;
2. მპგ ,,...’’ თავმჯდომარის ი. ქ-ის 2013 წლის 23 მაისის №67-111 ბრძანებით შ. გ-ე დაინიშნა მპგ ,,...’’ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად;
3. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №14 განკარგულებით საკრებულოს წევრი შ. გ-ე არჩეული იქნა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ... საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ;
4. 2014 წლის 5 ნოემბერს მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ,,...’’ დატოვა კოალიცია ,,... .“
5. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,...” წევრებმა მ. მ-ემ, კ. ბ-ემ, ა. ბ-მა, გ. პ-მა, ს. ო-მა, კ. გ-მა და დ. ლ-ემ 2014 წლის 18 ნოემბერს განცხადებით მიმართეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და მოითხოვეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ... საკითხთა კომისიის თავმჯდომარის შ. გ-ის კომისიის თავმჯდომარეობიდან გადაყენების თაობაზე საკითხის განხილვისათვის 2014 წლის 21 ნოემბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა;
6. 2014 წლის 21 ნოემბერს გამართულ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე შ. გ-ე გადაყენებული იქნა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ... საკითხთა კომისიის თავმჯდომარეობიდან, რის თაობაზეც მიღებული იქნა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N48 განკარგულება.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განსხვავებული მოპყრობა, რომელიც ემყარება იდენტიფიცირებად მახასიათებელს ან სტატუსს, კონვენციის მე-14 მუხლის მიზნებისათვის დისკრიმინაციად განიხილება, გარადა ამისა, იმისათვის, რომ კონვენციის მე-14 მუხლის შესაბამისად დისკრიმინაცია არსებობდეს, სახეზე უნდა იყოს ერთნაირ ან მსგავსს ვითარებაში მყოფი პირების მიმართ. განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციულია, თუ არ გააჩნია ობიექტური და გონივრული გამამართლებელი საფუძველი, ანუ, თუ არ ემსახურება კანონიერ მიზანს, ან არ არის პროპორციული მისაღწევ მიზანთან მიმართებით. დისკრიმინაციის ცნება, შეიძლება, ისეთ შემთხვევასაც მოიცავდეს, როცა, ობიექტური გამართლების გარეშე, პირი ან პირთა ჯგუფი არ ექვემდებარება უპირატესს მოპყრობას, ვიდრე სხვა პირები, მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობის მინიჭების მოთხოვნა კონვენციიდან პირდაპირ არ გამომდინარეობს (იხ. მაგ. CASE OF BIAO v. DENMARK, 89-90).
შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციას კრძალავს საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის 2-5 პუნქტები. აღნიშნული ნორმების თანახმად, შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო. დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით. დისკრიმინაციად არ ჩაითვლება პირთა განსხვავების აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან, სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მისი მიღწევის თანაზომიერი და აუცილებელი საშუალება.
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, სადავოა საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდეობიდან გათავისუფლების საკითხი, რაც, კასატორის მოსაზრებით, დისკრიმინაციული იყო, ვინაიდან, გათავისუფლებას საფუძვლად დაედო მისი კონკრეტული პოლიტიკური პარტიისადმი კუთვნილება.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლი განმარტავს, რომ სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობად ითვლება შრომითი ურთიერთობა არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე იმ დაწესებულებაში, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობას და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას. კანონის 23-ე მუხლი ასევე განსაზღვრავს, რომ მოხელე სამსახურში მიიღება განუსაზღვრელი ვადით და გამოყოფს შემთხვევებს, როდესაც მოხელის თანამდებობაზე ყოფნის ვადა განისაზღვრება სხვა ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რომელიც უმეტესად კავშირშია არჩევითი პოლიტიკური თანამდებობის პირების უფლებამოსილების ვადასთან.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე აირჩევა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთაგან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში, ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების შექმნა და საქმიანობის წესები განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ამავე კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად კი, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვას მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულომ არ მიიღო გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება მომდევნო 3 თვის განმავლობაში დაუშვებელია.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე, არ არის დადგენილი რაიმე წინასწარი საფუძვლის არსებობის სავალდებულობა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადასაყენებლად. კომისიის შექმნა, მისი თავმჯდომარის არჩევა და თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საკრებულოს დისკრეციას მიეკუთვნება.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი სასამართლოების განმარტებას, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 23-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო - მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუნიციპალიტეტის საკრებულო აირჩევა 4 წლის ვადით, მუნიციალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. საკრებულოს წევრი არის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოში არჩეული პირი, რომელიც ვალდებულია დაიცვას კონსტიტუცია, საქართველოს კანონმდებლობა და რეგლამენტი, მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს სხდომებსა და საკრებულოს კომისიათა მუშაობაში და მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს იმ მიზნით, რომლის მისაღწევად აქვს მინიჭებული ეს უფლებამოსილება. საქართველოს კანონმდებლობა ამ შემთხვევაში საკრებულოს წევრს ანიჭებს დისკრეციას, მოახდინოს სხდომაზე დასმული საკიხთის ადეკვატური, ობიეტქური შეფასება და მიიღოს შესაბამისი მოტივირებული გადაწყვეტილება, საკრებულოს წევრს აქვს სრული უფლებამოსილება დამოუკიდებლად განსაზღვროს და მიიღოს გადაწყვეტილება სხდომაზე დასმულ ამა თუ იმ საკიხთან დაკავშირებით. სასამართლო უთითებს, რომ პოლიტიკური დისკრიმინაცია, არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას პოლიტიკური ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით. მოცემულ შემთხვევაში, კი საკრებულოს წევრების მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულება, რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობის მიღება და ამა თუ იმ კანდიდატურისათვის ხმის მიცემა ან არ მიცემა, ვერ ჩაითვლება პოლიტიკურ დისკრიმინაციად. საკრებულოს წევრი ამ დროს სარგებლობს მისთვის მინიჭებული უფლებამოსლებით, რომლის განხორციელებითაც არ მომხდარა შ. გ-ის პოლიტიკური ნიშნით შევიწროვება და განსხვავებული მოპყრობა, აღნიშნულის, როგორც დისკრიმინაციული მოპყრობის განხილვა არასწორია, რადგან საკრებულოს მიერ პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებისას ბუნებრივია, რომ ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, როდესაც მიღებული გადაწყვეტილება მისაღებია ერთი პოლიტიკური ჯგუფისათვის და მიუღებელია მეორე ჯგუფისათვის.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება მოსაზრებას, რომ შ. გ-ეს არ შეზღუდვია საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა, რაც შეეხება მის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შესაბამის ადმინისტრაციული აქტი ბათილადაა ცნობილი საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის წესის დარღვევის გამო და ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის „გ“ ქპვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია და ძალაში უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივნისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება შ. გ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე