Nბს-556-549(კ-კს-15) 8 დეკემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი- შ. გ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ ახალციხის მუნუციპალიტეტის საკრებულო (მოპასუხე)
მესამე პირი - გ. პ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება და მორალური ზიანის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 18 დეკემბერს შ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან შ. გ-ის გადაყენების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №48 ბრძანების ბათილად ცნობა; ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე აღდგენა; ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება შ. გ-ის თანამდებობიდან გადაყენების დღიდან თანამდებობაზე მისი აღდგენის დღემდე; ქ.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შ. გ-ის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის დადასტურების შემთხვევაში, ქ.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის შ. გ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის - 3 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით შ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №48 განკარგულება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან შ. გ-ის გადაყენების შესახებ. შ. გ-ე აღდგენილ იქნა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაეკისრა განაცდური ხელფასის ანაზღაურება შ. გ-ის სასარგებლოდ სამი თვის თანამდებობრივი სარგო, სულ 4500 ლარის ოდენობით. სარჩელი არ დაკმაყოფილდა ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შ. გ-ის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობისა და მოპასუხისათვის მორალური ზიანის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში. გადაწყვეტილება სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის დაკისრების ნაწილში დაუყოვნებლივ მიექცა აღსასრულებლად.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 დეკემბრის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება შ. გ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის იმ ნაწილში, რომლითაც მოთხოვნილია სარჩელის სრულად დაკმაყოფილება სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო იძულებით განაცდურის სრულად ანაზღაურება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტამდე; ხალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; შ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შ. გ-ის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობისა და მოპასუხისათვის მორალური ზიანის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში;. უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება სამსახურში აღდგენის დაკმაყოფილებისა და დისკრიმინაციული მოპყრობისა და მოპასუხისათვის მორალური ზიანის დაკისრების დაკამყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
აღნიშნული განჩინება საქმის წარმოების შეჩერების ნაწილში შ. გ-ემ გაასაჩივრა. მისი მითითებით, საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი არ არსებობდა. სასამართლოებს უნდა ეხემძღვანელად საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შ. გ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით, კანონი, რომელიც ამ საქმისათვის უნდა იქნეს გამოყენებული, არ შეესაბამება ან ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სასამართლო შეაჩერებს საქმის განხილვას ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რის შემდეგაც საქმის განხილვა განახლდება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის (თავმჯდომარე - ნათია ქუთათელაძე) განჩინებით მიემართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეთხოვა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია ასეთ შემთხვევაში შეაჩეროს საქმის წარმოება.
ამავე კოდექსის 281-ე მუხლის საფუძველზე კი, სასამართლო ვალდებულია, განაახლოს საქმის წარმოება, თუ აღმოიფხვრა შეჩერების საფუძველი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი აღარ არსებობს და წარმოება უნდა განახლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე, მე-6, 281-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივნისის განჩინება სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო იძულებით განაცდურის სრულად ანაზღაურების შესახებ შ. გ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაზე საქმის წარმოების შეჩერების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი პუნქტი) და საქმე იძულებით განაცდურის სრულად ანაზღაურების ნაწილში შ. გ-ის სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე