ბს-764-750(კ-კს-14) 17 დეკემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ა. მ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - სამუშაოზე აღდგენა; იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. მ-ემ სარჩელით მიმართა წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოს მოპასუხეების წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 მაისის №280 ბრძანების წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის - ა. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ სადავო ბრძანებაში მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ბრძანება უკანონოა, ვინაიდან მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია დისციპლინურ გადაცდომას, კერძოდ: სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეულ შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას; დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენების ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეულ შექმნას და ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელის (ბრალეული ქმედება) ჩადენას. გასაჩივრებულ ბრძანებაში არსად არ არის მითითებული, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევას.
წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 2 მაისის №280 ბრძანება; ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა საკითხის ხელახალი განხილვისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 2013 წლის დეკემბრიდან ა. მ-ე მუშაობდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე და მის საკურაციო სფეროში შედიოდა: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის საქმიანობა, სამხედრო შეკრებები, სამხედრო გაწვევის საკითხები, ტერიტორიული ორგანოს საქმიანობა, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან საქმიანობა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხები, შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება, გარე ვაჭრობის რეგულირება, ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება გამგებლისათვის წარსადგენად საკურაციო დარგებში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. გამგებლისა და საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების ორგანიზება და კონტროლი. ასევე გამგებლის სხვა დავალებების შესრულება და ანგარიშვალდებულება გამგებლის წინაშე. სასამართლომ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ა. მ-ე ყოველთვის გამოირჩეოდა დისციპლინითა და მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებით.
სასამართლოს განმარტებით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის თანახმად: საკრებულოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებებს პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ამავე კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის (მერიის) მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. ამავე კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში არის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე, 95-ე და 96-ე მუხლებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას წინ უძღოდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გარკვეული საქმიანობის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავდა გამგებლის მოადგილის - ა. მ-ის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულების ფაქტობრივი გარემოებების გამოვლენა-დადასტურებას. დადგენილია, რომ ა. მ-ეს ტელეფონით აცნობეს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, მართალია, ის გამოცხადდა საკრებულოში, თუმცა საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად, არც სხდომის ოქმი ჩაუბარებია. მას სურვილიც, რომ ჰქონოდა ადმინისტაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღებისა, აღნიშნული მაინც ვერ მოხდებოდა იმ მიზეზით, რომ სასამართლოს მოსაზრებით, კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება სრულყოფილად არ ჩატარებულა, უფრო მეტიც, საერთოდ არ ჩატარებულა. სასამართლოს განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 1. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. ამავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) 29-ე მუხლის თანახმად, 1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარი მაინც. გადაწყვეტილების მიღება ხდება კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით. თუ რამდენიმე კომისია იხილავს საკითხს ერთობლივ სხდომაზე, კენჭისყრა თითოეული კომისიისათვის ცალ-ცალკე ტარდება; 2. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება. კომისიის გადაწყვეტილებით, ცალკეულ განსახილველ საკითხზე შეიძლება ჩატარდეს ფარული კენჭისყრა; 3. კომისიის სხდომაზე განხილული პროექტები შეიძლება მიჩნეულ იქნეს საკრებულოს სხდომაზე განხილვისთვის მომზადებულად, არასაკმარისად მომზადებულად ან მოუმზადებლად; 4. კომისიის სხდომაზე განიხილება აგრეთვე კომისიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებათა აქტუალური საკითხები, პეტიციები, მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები, თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებები, ინფორმაციები და შემოწმებათა შედეგები; 5 კომისია განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს, ხოლო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით - გადაწყვეტილებებს.
სასამართლოს მოსაზრებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ზემოაღნიშნული კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის იმპერატიული მოთხოვნების დარღვევა და უგულებელყოფა, კერძოდ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის ოქმში მითითებულია, რომ სამანდატო, საპროცედურო, ეთიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომას ესწრებოდა თავმჯდომარე კ. ფ-ა, მოწვეული სპეციალისტი გ. თ-ი და ა. მ-ე. მიუხედავად იმისა, რომ ოქმში ფიქსირდება ა. მ-ისათვის გამგებლის წერილის არსის გაცნობა და განმარტება შესაბამისი არგუმენტების წარმოდგენის შესაძლებლობისა, კომისია უფლებამოსილი არ იყო მხოლოდ თავმჯდომარის მონაწილეობით განეხილა საკითხი, ასევე არ დალოდებოდა ა. მ-ის მხრიდან მტკიცებულებების წარდგენას და წერილის შედგენის დღესვე მიეღო სარეკომენდაციო გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარისათვის ა. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. სასამართლოს მოსაზრებით, კომისიის თავმჯდომარეს - კ. ფ-ს საკრებლოს დებულებით გათვალისწინებული წესით ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ ჰქონდა.
სასამართლოს განმარტებით, საყურადღებოა ასევე რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის საქმიანობაზე კონკრეტული ადმინისტრაციული წარმოების განხორციელებისას ამ სამსახურის წამყვანი სპეციალისტის - გ. ს-ის დასკვნას საფუძვლად დაედო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი და მე-4 მუხლის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტები. დებულება სამსახურის უფლებამოსილებებში მიუთითებს ამ სამსახურის უფლებას სამსახურებრივი გადაცდომების ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით, სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას და სათანადო დასკვნების წარდგენას. თუმცა იმისათვის, რომ აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურმა მოქმედება დაიწყოს აუცილებელია გადაცდომის არსებობა.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის შესაბამისად: დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოების საშიშროების ბრალეული შექმნა; გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.
სასამართლოს განმარტებით, მონიტორინგის სამსახურის მოვალეობაა, ჯერ იპოვოს შეუსრულებელი სამუშაო, განუხორციელებელი დავალება და ამის შემდეგ გაარკვიოს ხელშემშლელი ფაქტორები და შეუსრულებლობაზე პასუხისმგებელი პირი. მართებული არ არის, როცა რომელიმე პერსონის ირგვლივ ხდება ფაქტობრივი გარემოებების მოძიება მის მიმართ გასატარებელი სადამსჯელო ღონისძიებებზე დასკვნის შესადგენად. სასამართლოს განმარტებით, აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური მოხელეთა ქმედებებზე ზედამხედველობის ორგანოა და არა პერსონების მიმართ სადამსჯელო ოპერაციების გამატარებელი ორგანო. დებულების პირველი მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად: სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, მოსახლეობის წინაშე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით; სამსახურის მიზნებს შორის უპირველესი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წინაშე არსებული რისკების დადგენა, რისკების მართვისათვის შემუშავებული შიდა კონტროლის სისტემების, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემების ადეკვატურობისა და ეფექტიანობის გამოკვლევა და შეფასებაა. ამიტომ, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვიდრე აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური გამგებელს წარუდგენს დასკვნებსა და რეკომენდაციებს, აუცილებელია უფრო სრულყოფილი და ყოველმხრივი მოკვლევის ჩატარება, უფრო მიზნობრივი სამუშაოს შესრულება, რათა სამსახურის მიერ მიღებულმა დასკვნებმა მცდარი შეხედულება არ შეუქმნან გამგებელსა და თვითმმართველი ერთეულის გადაწყვტილებების მიმღებ პირებს.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამგებელი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის (მერიის) სხვა თანამშრომლებს; ამიტომ სასამართლოსათვის გაუგებარია, რატომ მიმართა გამგებელმა საკრებულოს მისი მოადგილის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით. თუკი გამგებელი თვლიდა, რომ მას მოადგილე - ა. მ-ე არ წარუდგენდა დასკვნებსა და რეკომენდაციებს საკურაციო დარგებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, მას თავად შეეძლო გაეთავისუფლებინა მოსარჩელე თანამდებობიდან.
არც ეთიკისა და მონიტორინგის სამსახურს და არც საკრებულოს შესაბამის კომისიას ადმინისტრაციული წარმოების განხორციელებისას, არ გამოურკვევიათ ის ფაქტები და გარემოებები, ჰქონდა თუ არა ადგილი გამგებლის მხრიდან მისი მოადგილისათვის რაიმე მოთხოვნის დაყენებას და უგულებელყოფილ იქნა თუ არა გამგებლის რომელიმე დავალება ა. მ-ის მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, დავის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტი გამოიცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ასევე არსებითად არის დარღვეული მისი მომზადების კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის მიხედვით დავის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. მ-ისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 2 მაისის №280 ბრძანება; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას ა. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ა. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისთვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე. ე.ი. მოხელე შეიძლება გაანთავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური გადაცდომისათვის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ამავე კანონის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა. სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებულ ბრძანებაში მითითებულია, რომ ა. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა მის მიერ მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო. ამასთან, გათავისუფლებამდე მის მიმართ არ მოქმედებდა და არ მოქმედებს არც ერთი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. მართალია, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს. თუმცა სადავო 2014 წლის 2 მაისის №280 გასაჩივრებულ ბრძანებაში არსად არ არის მითითებული, რომ მ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევას, აგრეთვე ბრძანების გამოცემას საფუძვლად არ უდევს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 ნაწილი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაძლებელი იყო გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება, რადგან საქმის განხილვის დროს დადასტურდა, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია დისციპლინურ გადაცდომას, არც სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეულ შეუსრულებლობას, არც არაჯეროვნად შესრულებას და არც უხეშ გადაცდომას.
სასამართლოს განმარტებით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 39-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გამგებლის (მერის) არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან გათავისუფლებისას გამგებლის (მერის) მოვალეობის საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს გამგებლის (მერის) მოადგილე. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 აგვისტოს №16 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების მე-9 მუხლის თანახმად: 1. გამგებელს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი; 2 გამგებლის მოადგილეები გამგებლის მიერ სამუშაოთა განაწილებისა ან/და შესაბამისი სფეროს მიხედვით კურატორობენ გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების მუშაობას; ხელს უწყობენ გამგებელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში; 3 გამგებლის ერთ-ერთი მოადგილე გამგებლის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ამ დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 9 ოქტომბრის №620 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 30 დეკემბრის №876 ბრძანებით განსაზღვრულია გამგებლის მოადგილის სამსახურებრივი უფლება-მოვალეობანი. არც ერთი ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული აქტი აპელანტს არ ავალდებულებდა წერილობით წარედგინა გამგებლისათვის დასკვნები და რეკომენდაციები შესაბამის დარგში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. მით უფრო, საკანონმდებლო ნორმატიული აქტები არ შეიცავენ ასეთ დანაწესს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან გამოცემულ ბრძანებაში ადმინისტრაციული წარმოების მასალებში და არც სასამართლოში წარმოდგენილ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არც ერთი ოფიციალური წერილობითი მტკიცებულება, რითაც დადასტურდება, რომ ა. მ-ის მხრიდან ადგილი ჰოქნდა მის საკურატორო დარგში არსებული საქმიანობების არასრულყოფილად შესრულებას და ან შეუსრულებლობას.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ შესულა საჩივარი მოქალაქეთა და სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან ა. მ-ეზე დაკისრებულ ფუნქციათა არაჯეროვანი შესრულების გამო. მას არ დადებია არც ერთი დისციპლინური სახდელი სამსახურებრივი მოავლეობის არაჯეროვანი შესრულებისათვის ან საერთოდ შეუსრულებლობისათვის.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. მ-ის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ დანიშვნის დღიდან, 2011 წლის ივლისიდან გათავისუფლების დღემდე არც ერთი დღე არ გაუცდენია სამსახური. რაც შეეხება ოპერატიულ თათბირებს, შესაბამის დღეებში იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს. ოპერატიულ თათბირზე დაუსწრებლობის საკითხი შეთანხმებული ჰქონდა (მისი განმარტებით) უშუალო უფროსთან, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელთან.
სააპელაციო პალატის განმარტებით, კანონით რეგლამენტირებული არ არის კონკრეტულად რა ითვლება სამსახურებრივ მოვალეობათა ისეთ უხეშ დარღვევად, რის გამოც მოხელს სამსახურიდან შედარებით მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების გარეშეც პირდაპირ დაითხოვენ. ამასთან ერთად სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევას შეიძლება წარმოადგენდეს ისეთი დარღვევა, რომელმაც გამოუსწორებელი შედეგი მიაყენა სახელმწიფოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, ანდა მოქალაქეების ინსტერესებს, ანდა საჯარო სამსახურის პრესტიჟსა და ავტორიტეტს. ასეთ ფაქტს კი ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც გამოცემული უნდა იქნეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით. დადგენილია, რომ სადავო აქტის გამოცემის მომენტისათვის აპელანტის მიმართ არ მოქმედებდა დისციპლინური ზემოქმედების რაიმე სხვა სახის ღონისძიება და საქმის გარემოებები ადასტურებს, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ წარმოადგენს სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევას. რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
სააპელაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს მიეცემა არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამავე კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოხელს შეუძლია სასამართლოში მოითხოვოს ბრძანების, განკარგულების, გადაწყვეტილების ან მოქმედების ნაწილობრივ ან მთლიანად არაკანონიერად აღიარება. ამდენად, ა. მ-ის სარჩელი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
აქვე სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვერ გაიზიარებს აპელანტის - ა. მ-ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის გათავისუფლების უფლება ჰქონდა მხოლოდ მუნიციპალიტეტის გამგებელს და არა საკრებულოს თავმჯდომარეს, კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების თანახმად, გამგებელი (მერი) საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თაბამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის (მერიის) სხვა თანამშრომლებს; მ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს გამგეობის (მერიის) მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა არა უმეტეს ერთი წლისა და ვ) სამსახურიდან გათავისუფლება ამ კანონის საფუძველზე. ამავე კანონის 93-ე მუხლის თანამხად, მოხელე სამსახურიდან შეიძლება გაათავისუფლოს იმ პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც მისი სამსახურში მიღების უფლება აქვს. სასამართლომ ასვე მიუთითა ამავე კანონის 99-ე მუხლზე და აღნიშნული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ მუნიციპალიტეტის გამგებელი კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს და გამგეობის სხვა მოხელეებს, მაგრამ ამავე დროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, გამგებელის (მერის) მიერ წარდგენილი წარდგინების შემთხვევაში უფლება აქვს გამგეობის (მერიის) თანამშრომლების წახალისებისა და მათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. დისციპლინურ პასუხისმგებაში შედის მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო სადავო ადმინისტრაციულ აქტს ვერ განიხილავს,როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოცემულ აქტს.
რაც შეეხება აპელანტის, ა. მ-ის მესამე მოთხოვანს - წყლატუბოს მუნიციპალიტეტის გემგებლის მოადგილის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს და განმარტავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალას კარგავს, თუ მიღებულია ნორმატიული აქტი, რომელიც ის ძალადაკარგულად აცხადებს. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-60 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი/მერი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილისა და საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გამგებლის/მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილებები უწყდებათ ახალი გამგებლის/მერის არჩევისას (უფლებამოსილების დაწყებისას). ანუ საქართველოს ადრე მოქმედი კანონის ფარგლებში დანიშნული გამგებლის/მერის პირველი მოადგილისა და მოადგილის უფლებამოსილების ვადა, ეს ვადა კი ავტომატურად წყდებოდა ახალი გამგებლის არჩევისას, მისი უფლებამოსილების დაწყებისთანავე. დადგენილია და უდავო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შემდეგ საქართველოს ყველა რაიონში არჩეულ იქნა ახალი გამგებელი, მათ შორის, წყალტუბოს რაიონშიც.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ახალი გამგებლის არჩევამ გამოიწვია გამგებლის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილების კანონისმიერი შეწყვეტა, რის შემდეგაც პირველი მოადგილისა და მოადგილეების დანიშვნა წარმოადგენს არჩეული გამგებლის დისკრეციულ უფლებამოსილებას. უდავოა ასევე ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს უკვე ამოქმედებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ახალი რედაქცია (კოდექსი). შესაბამისად, სასამართლო ვერ გაცდება თავის კომპეტენციის ფარგლებს და ვერ დაავალებს არჩეულ გამგებელს ისეთი ქმედების განხორციელებას, რაც კანონიდან გამომდინარე მხოლოდ მის დისკრეციას განეკუთვნება. კერძოდ, კანონის ძალით უკვე უფლებაშეწყვეტილი პირის ხელახლა დანიშვნას. შესაბამისად, არ არსებობს ა. მ-ის სასაჩელო მოთხოვნის სამუშაოზე აღდგენის სამართლებრივი საფუძველი.
ა. მ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ა. მ-ის წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა; გაიცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას ა. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილების ნაწილის დაუყოვნებლივ აღსრულების მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა წყალტუბოს გამგეობამ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილების წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 2 მაისის №280 ბრძანების ბათილად ცნობისა და იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სადავო ბრძანებაში არსად არ არის მითითებული, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის უხეშ დარღვევას და ბრძანების გამოცემას საფუძვლად არ უდევს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 ნაწილი და აღნიშნულთან მიმართებაში განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის შესაბამისად, იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება ამ კანონის საფუძველზე. ამავე კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს. კანონი ზუსტ დეფინიციას თუ რა წარმოადგენს სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევას არ განმარტავს. იმას თუ რა წარმოადგენს სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევას, განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი. აღნიშნული ფაქტის შემთხვევაში კი დაწესებულების ხელმძღვანელმა, როგორც გამგებლის 2014 წლის 2 მაისის №1745 წერილიდან ირკვევა მიიჩნია, რომ სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დაარღვევა თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული დასკვნებისა და რეკომენდაციების წარუდგენლობა თავის საკურაციო დარგებში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ და ასევე ინიციატივების წარუდგენლობა საზედამხედველო სფეროების ფუნქციონირების ეფექტურობის გაზრდასთან დაკავშირებით და მასზე დაკსირებული მოავლეობების უპასუხისმგებლოდ შესრულებაა. მართალია, ბრძანების დასაბუთებაში არ არის მითითებული ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტი, მაგრამ მითითებულია 79-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი, რომელიც გულისხმობს თანამდებობის პირის სამსახურიდან გათავისუფლებას ამ კანონის საფუძველზე. ამ კანონის საფუძველზე კი, თავისთავად გულისხმობს 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის გამოყენებას (მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშე თუ იგი უხეშად არღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს). კასატორი ასევე მიუთითებდა, რომ არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, იმასთან მიმართებაში, რომ მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მოწონელიძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია სამსახურებრივი მოვალეობების განუხრელ შეუსრულებლობას. კასატორის განმარტებით, მუნიციპალიტეტის ყოფილმა საკრებულოს თავმჯდომარემ და თავმჯდომარის მოადგილემ დაადასტურეს სამსახურში მათი მუშაობის პერიოდში მოწონელიძის მხრიდან დაკისრებული მოვალოებების განუხრელი შესრულება და არა იმ პერიოდში, როდესაც მის მიმართ იქნა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. ასევე საქმის მასალებში ნათლადაა ასახული მოსარჩელის მიერ დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის შესახებ.
რაც შეეხება სარჩელის იძულებითი განაცდურის ნაწილში დაკმაყოფილებას, კასატორის განმარტებით, ასევე არამართებულია და მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომელიც ცალსახად მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას გარდა იმ შემთხვევისა როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტი მიუთითებს, რომ მოხელის მიერ განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური არ ანაზღაურდება. სასამართლომ არასწორად გამოიყენა იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების დასაბუთებისას ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ა. მ-ის სამსახურში აღდგენის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კანონშეუსაბამოა ა. მ-ისათვის იძულებითი განაცდურის დაკისრება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: წყალტყუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 1 ივნისის №151 ბრძანებით ა. მ-ე დაინიშნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ 2 თვის გამოსაცდელი ვადით (იხ. ს.ფ. 30; ტ.1).
2014 წლის 2 მაისის წყლატუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის №280 ბრძანებით გამგებლის მოადგილე ა. მ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებისათვის (იხ. .ს. ფ. 15-16; ტ.1).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. მ-ისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 2 მაისის №280 ბრძანება; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას ა. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ა. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. რაც საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია ა. მ-ეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ა. მ-ის წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა; გაიცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა ა. მ-ის სასარგებლოდ იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილების ნაწილის დაუყოვნებლივ აღსრულების მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
აღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილია იმსჯელოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე მხოლოდ წარმოდგენილი - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის ფარგლებში, კერძოდ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 2 მაისის №280 ბრძანების ბათილად ცნობისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების ანაზღაურების ნაწილში.
განსახილველი დავის საგანს ა. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 მაისის №280 ბრძანების კანონიერების დადგენა, სამუშაოზე აღდგენა და მთელი გაცდენილი პერიოდისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. მ-ის გათავისუფლების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 მაისის №280 ბრძანების უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის შესახებ და მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა ზუსტად ყოფილიყო დადგენილი, ა. მ-ის მხრიდან ჰქონდა თუ არა ადგილი დისციპლინურ გადაცდომას, ან რაში გამოიხატებოდა მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევა, საქმეში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ მის საკურატორო დარგში არსებული საქმიანობების არასრულყოფილად შესრულებას ან შეუსრულებლობას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობის აუცილებლობა, კერძოდ, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. დარღვევისა და გამოყენებული ზომის ადეკვატურობის თვალსაზრისით ბრძანების დასაბუთების მნიშვნელობა იზრდება მით უფრო მაშინ, როდესაც პირი სამსახურიდან თავისუფლდება დისციპლინური გადაცდომის საფუძვლით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, იმასთან მიმართებაში, რომ მართალია, სადავო ბრძანების დასაბუთებაში არ არის მითითებული ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტი, მაგრამ მითითებულია 79-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი, რომელიც გულისხმობს თანამდებობის პირის სამსახურიდან გათავისუფლებას ამ კანონის საფუძველზე, ,,ამ კანონის საფუძველზე“ კი თავისთავად გულისხმობს 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის გამოყენებას.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 99-ე მუხლის მე-2 პუნქტი). საქმის მასალებით კი არ დასტურდება, რომ ა. მ-ის მიმართ სამსახურიდან დათხოვნის შესახებ სადავო აქტის გამოცემამდე გამოყენებული ყოფილიყო დისციპლინური ზემოქმედების რაიმე სახის ზომა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მოხელის გათავისუფლებამდე საქმის გარემოებები ყოველმხრივ, ობიექტურად უნდა გამოეკვლია, რაც უზრუნველყოფდა მოსამსახურის ეკონომიკურ, სოციალურ და სამართლებრივ დაცვას, კადრების სტაბილურობის, როგორც საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპების შესრულებას. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შეეფასებინა და ემსჯელა იმის თაობაზე, არსებობდა თუ არა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი. მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ ისეთი სახის არსებით დარღვევას წარმოადგენს, რაც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.
რაც შეეხება კასატორის მეორე არგუმენტს ა. მ-ისათვის 3 თვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, იმ დროს როდესაც ა. მ-ე არ იყო აღდგენილი სამსახურში აღნიშნულთან მიმართებაში საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადება, რომელიც ითვალისწინებდა, რომ იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს უნდა მიეცეს არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო მოხელე თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შესაბამისად, საჯარო მოხელის გათავისუფლების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა, როდესაც არსებობს გათავისუფლების აქტის ბათილობის საფუძველი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები“. კოდექსი განმარტავს იმ პროცედურულ დარღვევებსაც, რომლებიც შეიძლება აქტის ბათილად ცნობას დაედოს საფუძვლად. ასეთ საფუძვლად დასახელებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მიიჩნევა სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. ამდენად, კანონმდებლობა პირის თანამდებობიდან გათავისუფლების აქტის ბათილობის ორი სახის საფუძველს გამოყოფს: 1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის მატერიალური საფუძვლები - აქტი არ ემყარება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძვლებს; 2. ფორმალური საფუძვლები - აქტი გამოცემულია კანონით დადგენილი პროცედურული ნორმების არსებითი დარღვევით.
საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში ჩამოთვლილ სუბიექტთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების შედეგს. შესაბამისად, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და თვითმმართველობის ორგანოებს ეკისრება პირის უკანონოდ გათავისუფლების ყველა შემთხვევაში“.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით, საჯარო მოხელეთათვის განსაზღვრული გარანტიის პირობებში წარმოიშობა გონივრული მოლოდინი, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მოხელე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულების სანაცვლო ანაზღაურებით. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი იმპერატიულად ადგენს მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურების ვალდებულებას.
საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლება, მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, გათვალისწინებულია რიგი საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითაც. მათ შორის - სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლით; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის C 158 კონვენციის (Termination of Employment Convention) მე-10 მუხლი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირს ანიჭებს უფლებას სასამართლოს მიერ მისთვის სამართლიან და ადეკვატურ კომპენსაციაზე, ხოლო 1963 წლის რეკომენდაციის R 118 (Termination Of Employment Recommendation) მე-6 პარაგრაფი ითვალისწინებს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლებას მიუღებელ ხელფასზე.
ზემოაღნიშნული განმარტების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული აქტი ა. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ბათილადაა ცნობილი და შესაბამისად, დადასტურებულია ა. მ-ის გათავისუფლების უკანონობა, რაც მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოშობს, საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127.6 მუხლზე, რომელიც არ არის არაკონსტიტუციურად ცნობილი, მაგრამ განმარტავს, რომ ვინაიდან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 12 სექტემბრის განჩინებით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ა. მ-ის სასარგებლოდ იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილების ნაწილის დაუყოვნებლივ აღსრულების მიზნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2014 წლის 16 სექტემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილშიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3 და 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი