საქმე ბს-764-750(კ-კს-14) 11 დეკემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 12 სექტემბრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
საქმეში არსებული გზავნილის ჩაბარების შესახებ დასტურიდან ირკვევა, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 12 სექტემბრის განჩინება ჩაბარდა 2014 წლის 17 სექტემბერს (ტ. 2, ს.ფ. 56), საჩივრის ავტორმა კი აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი საქართველოს ფოსტაში წარადგინა 2014 წლის 30 სექტემბერს (ტ. 2. ს.ფ. 65), ე.ი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლში მითითებული თორმეტდღიანი ვადის გადაცილებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას კერძო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 2014 წლის 29 სექტემბრის ოცდაოთხ საათამდე, რომელიც იყო სამუშაო დღე - ორშაბათი, ხოლო კერძო საჩივრის ავტორმა - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ კი საჩივარი საქართველოს ფოსტაში წარადგინა 2014 წლის 30 სექტემბერს (ტ. 2. ს.ფ. 65), ე.ი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლში მითითებული თორმეტდღიანი ვადის გადაცილებით, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული გასაჩივრების ვადის გადაცილების გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 390-ე, 416-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 12 სექტემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე