№ბს-226-222(კ-15) 24 სექტემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ფ-ა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2012 წლის 23 იანვარს ვ. ფ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ ვ. ფ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 23 დეკემბრის №289 ბრძანების ბათილად ცნობა, ვ. ფ-ას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ... დეპარტამენტის ... თანამდებობაზე აღდგენა და მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელის მტკიცებით, მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება კანონსაწინააღმდეგო იყო, რადგან მინისტრის ბრძანება, როგორც ფორმალური, ასევე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ეწინააღმდეგებოდა კანონს და გამოცემული იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევით. მისი გათავისუფლების ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული გარემოებები, რომ იგი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და შეურაცხყოფა მიაყენა სამინისტროს საჯარო მოხელეებს, არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და წარმოადგენდა სიცრუეს. ამასთან, ბრძანებით დადგენილი სამართლებრივი შედეგი ლახავდა მოსარჩელის შრომით უფლებას, კანონიერ ინტერესებს და მის საქმიან რეპუტაციას.
მოსარჩელემ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით ნ. გ-ას, ნ. უ-ას, ც. მ-ას, თ. კ-ის, ნ. მ-ას, მ. ჩ-ასა და ი. მ-ის დაკითხვა მოითხოვა.
2012 წლის 9 მარტს ვ. ფ-ამ განცხადებით მიმართა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს და იშუამდგომლა, რომ იმ პირებთან ერთად, რომლებიც სარჩელში დასახელებული იყვნენ მოწმეებად, ამავე სტატუსით სასამართლო სხდომაზე დაბარებულიყვნენ: მ. გ-ა, ი. ბ-ა, ს. დ-ი, თ. კ-ა, ა. წ-ა და მ. ჩ-ა.
სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 23 დეკემბრის №289 ბრძანება ვ. ფ-ას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ... დეპარტამენტის ... თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ვ. ფ-ა შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და ეკავა ... დეპარტამენტის ... თანამდებობა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 23 დეკემბრის №289 ბრძანებით ვ. ფ-ა გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან.
2011 წლის 21 დეკემბერს ქ.თბილისში, კალაუბნის №16-ში გაიხსნა სამინისტროს ახალი შენობა და გაიმართა შესაბამისი ღონისძიება, რასაც სხვა თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა მოსარჩელე ვ. ფ-ა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 23 დეკემბრის №289 ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა ნ. გ-ას, ნ. უ-ას, ც. მ-ას, თ. კ-ის, ნ. მ-ას, მ. ჩ-ას, ი. მ-ის მოხსენებითი ბარათები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შინაგანაწესი.
სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა 2011 წლის 21 დეკემბერს ქ.თბილისში, კალაუბნის №16-ში გამართულ ღონისძიებაზე ვ. ფ-ას ქცევა, რაც მოპასუხე მხარის მითითებით გამოიხატა ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ მიმართულ უღირს საქციელში სამინისტროს თანამშრომლების მიმართ. აღნიშნული გარემოება სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 5 დეკემბრის №203/2 ბრძანებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ... დეპარტამენტის დებულების მე-3 მუხლის თანახმად, დეპარტამენტი შედგება დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სპეციალისტებისაგან, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 29 ნოემბრის №246/2 ბრძანებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შინაგანაწესის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურე მოვალეა: დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო და არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს სამინისტროს მუშაობას და ლახავს საჯარო სამსახურის ავტორიტეტს. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას სამსახურებრივი ნორმები და სამინისტროს შინაგანაწესი, ხოლო „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი მოსამსახურე, უნდა იყოს კოლეგიალური, თავაზიანი, კორექტული მოქალაქეებსა და კოლეგებთან ურთიერთობაში.
სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო 2011 წლის 21 დეკემბერს ქ.თბილისში, კალოუბნის ქ. №16-ში მდებარე რეაბილიტირებული შენობის საზეიმო გახსნაზე ვ. ფ-ას ქცევა. მოხსენებით ბარათებში, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის გათავისუფლებას, მითითებული იყო, რომ საზეიმო ფურშეტზე ვ. ფ-ა მივიდა ნასვამ მდგომარეობაში, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ღონისძიებაზე მყოფ მინისტრს და სამინისტროს თანამშრომლებს. ვ. ფ-ას ქმედება შეფასდა, როგორც თანამშრომლისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, რაც გამოიხატა მისი მხრიდან სამინისტროს თანამშრომლებთან კონფლიქტში შესვლასა და შეურაცხყოფის მიყენებაში.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, ამასთან, ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებული მოხსენებითი ბარათების ავტორებმა, რომლებიც დაკითხულ იქნენ სასამართლო სხდომაზე, უმეტეს შემთხვევაში, არ დაადასტურეს მოხსენებით ბარათში მითითებული გარემოებები და აღნიშნეს, რომ აღნიშნული დაწერეს იძულების შედეგად, კერძოდ:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ... დეპარტამენტის მთავრმა სპეციალისტმა - ნ. მ-ამ სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ იგი იმყოფებოდა კალოუბნის ქ. №16-ში სამინისტროს ახალი შენობის გახსნაზე, სადაც ვ. ფ-ა ზოგადად აყენებდა თანამშრომლებს შეურაცხყოფას. კონკრეტულად არავისთვის არ მიუმართავს შეურაცხმყოფელი სიტყვებით. მას უთხრეს რომ უნდა დაეწერა მოხსენებითი ბარათი.
მოწმე თ. კ-ის ჩვენებით, რომელიც მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ... დეპარტამენტში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, დგინდება, რომ იგი იმყოფებოდა კალოუბნის ქ. №16-ში სამინისტროს ახალი შენობის გახსნაზე, სადაც ვ. ფ-ა ნ. უ-ას გაუბრაზდა და ხმამაღლა დაუყვირა. მინისტრმა დაიბარა და უთხრა, რომ მოხსენებითი ბარათი დაეწერა.
მოწმე მ. გ-ას ჩვენებით, რომელიც მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ... დეპარტამენტის ... თანამდებობაზე, დგინდება, რომ კალოუბნის ქ. №16-ში სამინისტროს ახალი შენობის გახსნაზე ვ. ფ-ა იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში.
დ. ე-ის ჩვენებით, რომელიც მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, დგინდება, რომ კალოუბნის ქ. №16-ში სამინისტროს ახალი შენობის გახსნაზე ვ. ფ-ა იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. მას არავისთვის არ მიუყენებია შეურაცხყოფა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ... სამმართველოს უფროსის მოადგილის - ი. ბ-ას ჩვენების მიხედვით იგი იმყოფებოდა ქ.თბილისში, ჯავახიშვილის ქ. №51-ში, ჯანდაცვის სამინისტროს შენობაში, ვ. ფ-ა იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და არ აძლევდნენ მანქანის გასაღებს, რის გამოც გაბრაზდა. მოწმის განმარტებით, ნ. გ-ას კაბინეტში იბარებდნენ თანამშრომლებს და იძულებით აწერინებდნენ მოხსენებით ბარათებს.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული სხვა მოწმეების ჩვენებებით კი ირკვევა ის ფაქტი, რომ ვ. ფ-ა საზეიმო გახსნაზე იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და შეიგინა სამინისტროს თანამშრომლების მისამართით.
სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლო განმარტავს, რომ სახეზეა იმ პირების ჩვენებებს შორის წინააღმდეგობა, რომელთა მოხსენებითი ბარათებიც საფუძვლად დაედო მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებას.
რაიონული სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ანალიზი ცხადყოფს, რომ მოპასუხეს - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ევალებოდა, ემოქმედა დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე და ეს განეხორციელებინა კანონის შესაბამისად, რაც მას არ გაუკეთებია.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დარღვეული იყო ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რადგან იგი გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
რაიონული სასამართლოს განმარტებით, იმ გარემოების გათვალისწინებით რომ სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 23 დეკემბრის №289 ბრძანება, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელის კონკრეტულ თანამდებობაზე აღდგენისა და ამ აღდგენის თანმდევი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2011 წლის 23 დეკემბრის №289 ბრძანების გაუქმებისა და ახალი აქტის გამოცემის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 დეკემბრის განჩინებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 23 დეკემბრის №289 ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, კერძოდ, აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეწყდა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა მოსარჩელესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის. სადავო ბრძანება გამოიცა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და 99-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტების, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შინაგანაწესის (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 29.11.2010 წლის №246/2 ბრძანება) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე. მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 78-ე მუხლი განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომის სახეებს, კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; ბ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი, თუ მის გარეთ. ამავე კანონის 79-ე მუხლი კი ადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს, კერძოდ, განსაზღვრავს იმ პასუხისმგებლობის სახეებს, რომლებიც მოხელის მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში შეუძლია გამოიყენოს ადმინისტრაციამ. 99-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა ნ. გ-ას, ნ. უ-ას, ც. მ-ას, თ. კ-ის, ნ. მ-ას, მ. ჩ-ას, ი. მ-ის მოხსენებითი ბარათები, სადაც მითითებულია, რომ საზეიმო ფურშეტზე ვ. ფ-ა მივიდა ნასვამ მდგომარეობაში და მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ღონისძიებაზე მყოფ მინისტრს და სამინისტროს თანამშრომლებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოხსენებით ბარათებში მითითებული გარემოებების საფუძველზე, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ვ. ფ-ას მიერ ადგილი ჰქონდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენას - ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართულ უღირს საქციელს (ბრალეულ ქმედებას).
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა მოხსენებითი ბარათების ავტორებმა რიგ შემთხვევებში არ დაადასტურეს მასში მითითებული ფაქტები და აღნიშნეს, რომ იგი დაწერეს იძულების შედეგად. ანუ, სახეზეა იმ პირების ჩვენებებს შორის წინააღმდეგობა, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებას. ამასთან, პალატამ მნიშვნელოვნად მიიჩნია იმ გარემოებებზე მითითება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი პირების მიერ არ მომხდარა სადავო ინციდენტის შემსწრე ყველა პირის გამოკითხვა, რაც პალატის მოსაზრებით, ნიშნავს იმას, რომ სადავო აქტი მიღებული იყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული. კონკრეტულ შემთხვევაში, კანონმდებლობის აღნიშნული მოთხოვნები უგულებელყოფილ იქნა სადავო ბრძანების გამოცემისას, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შეეფასებინა და ემსჯელა, არსებობდა თუ არა რეალურად მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი და კონკრეტულად, დისციპლინური დარღვევის არსებობის პირობებში, ადეკვატური იყო თუ არა მის მიმართ განსაზღვრული დისციპლინური დარღვევის ფარგლებთან.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვ. ფ-ას გათავისუფლების დროს დარღვეული იყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის პრინციპები, რამდენადაც მითითებული კანონი მოხელის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის პირობებში ადმინისტრაციას ანიჭებს დისკრეციას, კონკრეტული სამართალდარღვევის გამო, მოახდინოს ამ სამართალდარღვევის ადეკვატური შეფასება და მიიღოს შესაბამისი მოტივირებული გადაწყვეტილება, თუ რომელი დისციპლინური სახდელი შეუფარდოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუმცა, ადმინისტრაციის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პირობებში, აქტის გამოცემის შემთხვევაში ეს უკანასკნელი შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამასთან, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვ. ფ-ას მიერ განხორციელებული უღირსი საქციელის ჩადენის თაობაზე. მოწმეთა ჩვენებებით დასტურდებოდა ვ. ფ-ას ნასვამობისა და მის მიერ განხორციელებული შეურაცხყოფის ფაქტები, რაც გახდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დისციპლინური ღონისძიების გატარების საფუძველი.
კასატორი აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია თუ რატომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მოხსენებითი ბარათების იძულებით დაწერასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ამის შესახებ დაკითხულ პირებს არ დაუდასტურებიათ საქმის რაიონულ სასამართლოში განხილვისას. აღნიშნულმა კი განაპირობა ის, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი/ნორმა, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
კასატორის განმარტებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 23 დეკემბრის №289 ბრძანებას ვ. ფ-ას სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, საფუძვლად დაედო ინციდენტის შემსწრე პირთა მოხსენებით ბართებში ასახული ინფორმაცია, რაც მათ სასამართლო პროცესზეც დაადასტურეს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ დარღვეულა მისი მომზადებისა და გამოცემის წესი. ასევე არ არსებობდა წინააღმდეგობა აქტსა და მოქმედ კანონმდებლობას შორის, რაც ნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ აქტის ბათილად ცნობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაუსაბუთებელი იყო.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მხრიდან ადმინისტრაციული ორგანოსადმი გაცემული დავალება გამოიკვლიოს და შეაფასოს არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები სხვა ფაქტორებთან ერთად გულისხმობს იმ პირების თავიდან გამოკითხვას, რომლებმაც სასამართლო პროცესზე დაადასტურეს მოხსენებით ბარათებში ასახული ინფორმაცია. შესაბამისად, არ არის რაციონალური სასამართლოს დავალება ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლიოს ფაქტობრივი გარემოებები და გამოკითხოს სასამართლო პროცესზე დაკითხული პირები.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ აღუნიშნავს რა გარემოებები არ იყო გამოკვლული ან რა გარემოებები უნდა იქნეს გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რაც გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობას უსვამს ხაზს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ივნისის განჩინებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 დეკემბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელე ვ. ფ-ა შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და ეკავა ... დეპარტამენტის ... თანამდებობდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 23 დეკემბრის №289 ბრძანებით ვ. ფ-ა გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან. 2011 წლის 21 დეკემბერს ქ.თბილისში, კალაუბნის №16-ში გაიხსნა სამინისტროს ახალი შენობა და გაიმართა შესაბამისი ღონისძიება, რასაც სხვა თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა მოსარჩელე ვ. ფ-ა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 23 დეკემბრის №289 ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა ნ. გ-ას, ნ. უ-ას, ც. მ-ას, თ. კ-ის, ნ. მ-ას, მ. ჩ-ას, ი. მ-ის მოხსენებითი ბარათები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შინაგანაწესი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ნ. გ-ას, ნ. უ-ას, თ. კ-ის, ნ. მ-ას, მ. ჩ-ასა და ი. მ-ის ჩვენებებით დადგენილ იქნა ის ფაქტი, რომ ვ. ფ-ა საზეიმო გახსნაზე იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა თანამშრომლებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 23 დეკემბრის №289 ბრძანებით ვ. ფ-ას მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება. ხსენებული ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებული იყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და 99-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტები, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შინაგანაწესის (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 29.11.2010 წლის №246/2 ბრძანება) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები. სადავო ბრძანების თანახმად, ვ. ფ-ას ქმედება წარმოადგენდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომას - დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართულ უღირს საქციელს (ბრალეულ ქმედებას).
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება სასამართლოს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და ეს გარემოებები იმდენად არსებითი მნიშვნელობისაა, რომ მათი შემოწმება და შეფასება სასამართლოსათვის შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებისას ყურადღების მიღმა დარჩა აღნიშნული ბრძანების ფორმალური და მატერიალური კანონიერების შემოწმება.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიანიჭა უპირატესობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას და არ დაადგინა თუ რატომ იყო შეუძლებელი მის მიერ სადავო საკითხის გადაწყვეტა. მით უფრო, რომ სადავო ბრძანებაში განხილულია ის გარემოება, რაც საფუძვლად დაედო ვ. ფ-ას სამსახურიდან გათავისუფლებას, საქმის მასალებში არსებობს მოწმეთა ჩვენებები და ახსნა-განმარტებითი ბარათები, რომლის საფუძველზეც მოხდა აღნიშნული ბრძანების გამოცემა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია კონკრეტულად რომელი გარემოებები არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვ. ფ-ა მუშაობდა რა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ... დეპარტამენტის ... თანამდებობაზე, იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, ხოლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოცემული სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის მე-4 თავით რეგლამენტირებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც წყვეტს პირის ან პირთა შეზღუდული წრის შრომის უფლებას, რის გამოც სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებული დავების განხილვისას უნდა შემოწმდეს ხსენებულ საკითხებზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმების მოთხოვნებთან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ კანონიერი საფუძვლის არსებობისას და უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 93-ე მუხლის თანახმად, მოხელე სამსახურიდან შეიძლება გაათავისუფლოს იმ პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც მისი სამსახურში მიღების უფლება აქვს. აღნიშნული კანონის 99-ე მუხლი ითვალისწინებს დისციპლინური გადაცდომისათვის მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევებს, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის. ხოლო ამავე კანონის 78-ე მუხლი განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომის სახეებს, რომლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ. სწორედ ხსენებულ ნორმაზე უთითებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 23 დეკემბრის №289 ბრძანება ვ. ფ-ას დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენებისას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 78-ე, 99-ე მუხლებით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი უფლებამოსილი იყო გამოეცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქმის მასალებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია სასამართლო სხდომაზე ზოგიერთმა მოწმემ ნაწილობრივ შეცვალა ჩვენება, მაგრამ არცერთს არ უარყვია ის ფაქტი, რომ ვ. ფ-ა იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და შეურაცხყოფას აყენებდა თანამშრომლებს. ამდენად, სახელმწიფო ორგანოებისა თუ თანამშრომლების შეურაცხყოფა, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი, მოქცეულ უნდა იყოს ზნეობის ჩარჩოებში, არ უნდა შეიცავდეს შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს და არ უნდა ისახავდეს მიზნად კონკრეტული საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ბრძანება არ ეწინააღმდეგება კანონს, არსებითად არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, რის გამოც არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სადავო აქტი მიიღო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განხილვის დაბრუნების საფუძველები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 დეკემბრის განჩინების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ფ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 დეკემბრის განჩინების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ვ. ფ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე