ბს-756-742(კ-14) 17 დეკემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ. ჩ-ი
მესამე პირი - ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი - სამუშაოზე აღდგენა; იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ჩ-მა სარჩელით მიმართა ცაგერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №14 განკარგულებისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 10 მარტის №1/პ-028 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურებას.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ 2012 წლის 21 ნოემბერს დაინიშნა ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულების თანამდებობაზე. მისი სახელფასო განაკვეთი განისაზღვრა 2100 ლარით. 2014 წლის 6 მარტს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა განცხადებით მიმართეს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლის - მ. ჩ-ის გათავისუფლების თაობაზე - დაკისრებული მოვალეობების არადამაკმაყოფილებლად შესრულების საფუძველზე.
მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 6 მარტს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით მოწვეულ იქნა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 2014 წლის 10 მარტს, 12:00 საათზე. 2014 წლის 6 მარტს გამოიძახეს თბილისში, რის გამოც გააფორმა მივლინება. მეორე დღეს, 7 მარტს გახდა ცუდად, მიმართა ოჯახის ექიმს და 2014 წლის 7 მარტიდან გავიდა ბიულეტენზე. როგორც კი მისთვის ცნობილი გახდა რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესახებ განცხადებით მიმართა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულს და მოითხოვა სხდომის გადადება მის გამოჯამრთელებამდე, მიუხედავად ამისა 10 მარტს სხდომა მაინც ჩატარდა, რომელზეც განიხილებოდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი და რომელსაც ესწრებოდა მისი წარმომადგენელი, რომელმაც აცნობა მისი ავადმყოფობის თაობაზე და ასევე წარადგინა განცხადება სხდომის გადადების თაობაზე. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 10 მარტის №1/პ-028 ბრძანებით გათავისუფლდა ცაგერის გამგებლის მოვალეობის შემსრულების თანამდებობიდან.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
ცაგერის რაიონულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე - მ. ჩ-მა უარი თქვა სამსახურში აღდგენაზე.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 მარტის №14 განკარგულება და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 10 მარტის №1/პ-028 ბრძანება; ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
რაიონული სასამართლოს განმარტებით, დადგენილია, რომ მ. ჩ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №14 განკარგულება, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მ. ჩ-ის საქმიანობის არადამაკმაყოფილებელი საქმიანობისათვის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 10 მარტის №1/პ-028 ბრძანების საფუძველზე, მ. ჩ-ი გათავისუფლდა თანამდებობიდან მისი საქმიანობის არადამაკმაყოფილებლად შეფასების გამო.
რაიონულმა სასამართლომ საქმეში არსებული მასალების შეფასების საფუძველზე მიიჩნია, რომ მ. ჩ-ის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარებულა სრული მოცულობით. დაინტერესებულ პირს არ მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო საკითხის განხილვაში. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციული აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. მართალია, მოსარჩელისათვის ცნობილი იყო რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ, მაგრამ იგი 2014 წლის 7 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე (№690536, ექიმი მ. ბ-ე). 2014 წლის 10 მარტს მ. ჩ-ის წარმომადგენელმა - თ. ა-მა საკრებულოს წარუდგინა მოსარჩელის განცხადება სხდომის გადადების თაობაზე, ვინაიდან, მას ავადმყოფობის გამო არ შეეძლო მასში მონაწილეობის მიღება.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება ჰქონდა სამართლებრივი ურთიერთობა შეეჩერებინა დროებითი შრომისუუნარობის დროს. აღნიშნული კანონის 89-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებას დროებითი შრომისუუნარობის დროს. რაიონულმა სასამართლომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის საფუძველზე განმარტა, რომ საკრებულოს წევრების მოხსენებითი ბარათი №76, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებული სამართლებრივი დარღვევის შესახებ დათარიღებულია 6 მარტით, მეორე დღეს 7 მარტს მოსარჩელეს გაეგზავნა წერილი. რათა წარმოედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია დასმულ საკითხებთან დაკავშირებით. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2014 წლის 7 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით მოსარჩელე იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, რის გამოც მან განცხადებით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს სხდომის გადადების თაობაზე, თუმცა 2014 წლის 10 მარტს, საკრებულოს თავმჯდომარის №1/პ-028 ბრძანებით მ. ჩ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან მისი საქმიანობის არადამაკმაყოფილებლად შეფასების გამო ისე, რომ ამ უკანასკნელს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა არ მიუღია, შესაბამისად, არ მიეცა საშუალება ესარგებლა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებით - თავი დაეცვა მის მიმართ წაყენებული ბრალდებებისაგან. რაიონულ სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა კანონდარღვევით. ასევე გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას, რაც ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-601 მუხლის პირველი ნაწილით, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველია.
სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით ასევე დადგენილი არ არის, თუ რაში გამოიხატება მოსარჩელის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის სამართლებრივი დარღვევა, უფრო მეტიც, სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე მოწვეულმა მოწმეებმა ვერ დაადასტურეს მ. ჩ-ის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში ჩადენილი სამართლებრივი დარღვევის ფაქტების სინამდვილე.
რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის სხდომაზე დასწრება ნიშნავს თვით მხარის მონაწილეობას საკითხის განხილვაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან წარმომადგენლის მეშვეობით, აგრეთვე ისარგებლოს დამცველის დახმარებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წარმომადგენელს მოსთხოვოს მისი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, რაც წარმოდგენილ საქმის მასალებში არ არის.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოსარჩელის წარმომადგენელმა უარი თქვა აღდგენაზე იმ მოტივით, რომ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ქ. ცაგერში არჩეულ იქნა გამგებელი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ჩ-ის თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა უკანონოდ, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
ამავე კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, ,,სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს მიეცემა არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2014 წლის 13 აგვისტოს ცაგერის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა მ. ჩ-მა და მოითხოვა ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 აგვისტოს განჩინებით მ. ჩ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 ივლისის №3/2 გადაწყვეტილება ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მ. ჩ-ის სასარგებლოდ განაცდურის 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დაკისრების ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ცაგერის რაიონული სასამართლოს დასკვნები საქმის სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით და დამატებით ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის ანალიზის საფუძველზე განმარტა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებით პირის სამართლებრივი მდგომარეობის მოსალოდნელი, შესაძლო გაუარესების შემთხვევაში, კანონმდებელი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს დაინტერესებული მხარის არა მხოლოდ ჩაბმას ადმინისტრაციულ წარმოებაში, არამედ მისი სავალდებულო მონაწილეობის უზრუნველყოფასაც. დაინტერესებული პირის მონაწილეობის სავალდებულოობა განპირობებულია იმით, რომ მხარეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მიეცეს შესაძლებლობა გამოხატოს თავისი დამოკიდებულება მისაღები აქტის მიმართ, ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია რათა თავიდან იქნეს აცილებული საკითხის ცალმხრივად გადაწყვეტა. აღნიშნული პრინციპი გამყარებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლითაც.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში მ. ჩ-ი იმყოფებოდა რა საავადმყოფო ფურცელზე და საკრებულოს თავმჯდომარისათვის განცხადებითაც ჰქონდა მიმართული არ მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო ადმინისტრაციულ წარმოებაში და იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც აუარესებდა მის სამართლებრივ მდგომარეობას, გამოეხატა საკუთარი მოსაზრება, წარედგინა მტკიცებულებები, დაეყენებინა შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, მით უფრი იმ დროს, როცა საკრებულოს წევრები არადამაკმაყოფილებლად აფასებდნენ მის საქმიანობას.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსაზრება, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის სხდომაზე დასწრება ნიშნავდა თვით მხარის მონაწილეობას საკითხის განხილვაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან წარმომადგენლის მეშვეობით, აგრეთვე ისარგებლოს დამცველის დახმარებით.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო ისეთი ფაქტები და გარემოებები, რომელიც არ იქნა სათანადო წესით გამოკვლეული. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე და 112-ე მუხლებზე და მიუთითა, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა უარი თქვა აღდგენაზე იმ საფუძვლით, რომ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ქ. ცაგერში არჩეულ იქნა ახალი გამგებელი. შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ჩ-ის თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა უკანონოდ, რის გამოც მართებულად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელის მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ 2014 წლის 10 მარტს - მ. ჩ-ის გათავისუფლების ბრძანების მიღებისას საავადმყოფო ფურცელი წარმოდგენილი არ ყოფილა, ამასთან, რომც წარმოედგინა აღნიშნული არ შეიძლებოდა გამხდარიყო გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი. მთავარი გარემოება, რაც ასევე გამორიცხავს სარჩელის საფუძვლიანობას, არის ასევე ის გარემოება, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ წარმოებას ესწრებოდა მოსარჩელის წარმომადგენელი, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარე უზრუნველყოფილი იყო შესაძლებლობით მონაწილეობა მიეღო ადმინისტრაციულ წარმოებაში წარმომადგენლობის მეშვეობით. კასატორის მოსაზრებით, არამართებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86-ე მუხლზე მითითება, ასევე არასწორია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილზე მოსარჩელის აპელირება, კასატორის განმარტებით, აღნიშნულ მუხლში საუბარია პირის დროებით შრომისუუნარობაზე, თუ იგი ავად გახდება სამსახურთან დაკავშირებით, ანუ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებიდან გამომდინარე ამ შემთხვევაში უნარჩუნდება თანამდებობა, რაც კონკრეტულ შემთხვევასთან არავითარ კავშირში არ იყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის #1-150 ბრძანებით დაინიშნა ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად (იხ. ს.ფ. 14; ტ.1).
ცაგერის მუნციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის №1-025 ბრძანებით მოწვეულ იქნა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 2014 წლის 10 მარტს, 12:00 საათზე; დღის წესრიგში იყო საკითხი: ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მ. ჩ-ის საქმიანობის არადამაკმაყოფილებლად შეფასების გამო თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე (იხ. ს.ფ. 21; ტ.1).
2014 წლის 10 მარტს მ. ჩ-მა განცხადებით მიმართა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და იმის გამო, რომ იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე ითხოვა სხდომის გადადება (იხ. ს.ფ. 26; ტ.1).
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 მარტის რიგგარეშე სხდომის განკარგულების თანახმად, თანხმობა მიეცა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მ. ჩ-ის საქმიანობის არადამაკმაყოფილებელი საქმიანობისათვის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე (იხ. ს.ფ. 25; 33 ტ.1)..
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 მარტის №1/პ-028 ბრძანებით ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მ. ჩ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2014 წლის 10 მარტიდან მისი საქმიანობის არადამაკმაყოფილებელი შეფასების გამო (იხ. ს.ფ. 39; ტ.1).
2014 წლის 7 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით მ. ჩ-ი იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, დიაგნოზი - არტერიული ჰიპერტენზია (იხ. ს.ფ. 22; ტ.1).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 მარტის №14 განკარგულება და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 10 მარტის №1/პ-028 ბრძანება. ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
საქმის მასალებით ასევე დადგენილა, რომ ცაგერის რაიონულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომდადგენელმა უარი თქვა სამსახურში აღდგენაზე.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 აგვისტოს განჩინებით მ. ჩ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 ივლისის #3/2 გადაწყვეტილება ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მ. ჩ-ის სასარგებლოდ 3 თვის განაცდურის ანაზღაურების დაკისრების შესახებ მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მიზნით ცაგერის რაიონული სასამართლოს მიერ 2014 წლის 15 აგვისტოს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილია იმსჯელოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე მხოლოდ წარმოდგენილი - ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, კერძოდ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 მარტის №14 განკარგულებისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 10 მარტის №1/პ-028 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში და იძულებითი განაცდურის დაკისრების ანაზღაურების ნაწილში.
განსახილველი დავის საგანს მ. ჩ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 მარტის №14 განკარგულებისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 10 მარტის №1/პ-028 ბრძანების კანონიერების დადგენა, სამუშაოზე აღდგენა და მთელი გაცდენილი პერიოდისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მ. ჩ-ის გათავისუფლების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 მარტის №14 განკარგულებისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 10 მარტის №1/პ-028 ბრძანების უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის შესახებ და მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ჩ-ის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №14, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ცაგერის მუნციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულების მ. ჩ-ის საქმიანობის არადამაკმაყოფილებელი საქმიანობისათვის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საქმის მასალების თანახმად ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გაათავისუფლა მ. ჩ-ი თანამდებობიდან და ცაგერის მუნციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიმართვის საფუძველზე ისე მიიჩნია მ. ჩ-ის საქმიანობა არადამაკმაყოფილებლად, რომ მ. ჩ-ს არ მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო ადმინისტრაციულ წარმოებაში.
საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს.
ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მ. ჩ-ს უნდა მისცემოდა საპროცესო უფლებებით სათანადოდ სარგებლობის შესაძლებლობა, მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების დაცვის მიზნით. ვინაიდან, ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი – მმართველობის განხორციელება კანონიერების პრინციპის საფუძველზე, ბოჭავს ადმინისტრაციულ ორგანოებს - მიიღონ კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება გულისხმობს არა მხოლოდ მის მატერიალურ-სამართლებრივ, არამედ ფორმალურ-სამართლებრივ სტანდარტებთან შესაბამისობას (ფორმალური და მატერიალური კანონიერება).
რაც შეეხება კასატორის მეორე პრეტენზიას მ. ჩ-ისათვის 3 თვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან მიმართებაში, აღნიშნულზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადება, რომელიც ითვალისწინებდა, რომ იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს უნდა მიეცეს არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო მოხელე თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შესაბამისად, საჯარო მოხელის გათავისუფლების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა, როდესაც არსებობს გათავისუფლების აქტის ბათილობის საფუძველი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები“. კოდექსი განმარტავს იმ პროცედურულ დარღვევებსაც, რომლებიც შეიძლება აქტის ბათილად ცნობას დაედოს საფუძვლად. ასეთ საფუძვლად დასახელებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მიიჩნევა სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. ამდენად, კანონმდებლობა პირის თანამდებობიდან გათავისუფლების აქტის ბათილობის ორი სახის საფუძველს გამოყოფს: 1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის მატერიალური საფუძვლები - აქტი არ ემყარება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძვლებს; 2. ფორმალური საფუძვლები - აქტი გამოცემულია კანონით დადგენილი პროცედურული ნორმების არსებითი დარღვევით.
საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში ჩამოთვლილ სუბიექტთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების შედეგს. შესაბამისად, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და თვითმმართველობის ორგანოებს ეკისრება პირის უკანონოდ გათავისუფლების ყველა შემთხვევაში“.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით, საჯარო მოხელეთათვის განსაზღვრული გარანტიის პირობებში წარმოიშობა გონივრული მოლოდინი, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მოხელე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულების სანაცვლო ანაზღაურებით. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი იმპერატიულად ადგენს მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურების ვალდებულებას.
საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლება, მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, გათვალისწინებულია რიგი საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითაც. მათ შორის - სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლით; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის C 158 კონვენციის (Termination of Employment Convention) მე-10 მუხლი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირს ანიჭებს უფლებას სასამართლოს მიერ მისთვის სამართლიან და ადეკვატურ კომპენსაციაზე, ხოლო 1963 წლის რეკომენდაციის R 118 (Termination Of Employment Recommendation) მე-6 პარაგრაფი ითვალისწინებს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლებას მიუღებელ ხელფასზე.
ზემოაღნიშნული განმარტების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული აქტი მ. ჩ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ბათილადაა ცნობილი და შესაბამისად, დადასტურებულია გათავისუფლების უკანონობა, რაც მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოშობს, ამასთან, მ. ჩ-მა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, უარი თქვა აღდგენაზე იმ მოტივით, რომ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ქ. ცაგერში არჩეულ იქნა ახალი გამგებელი. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127.6 მუხლზე, რომელიც არ არის არაკონსტიტუციურად ცნობილი, მაგრამ განმარტავს, რომ ვინაიდან, ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 აგვისტოს განჩინებით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის მ. ჩ-ის სასარგებლოდ 3 თვის განაცდურის ანაზღაურების დაკისრების შესახებ. ცაგერის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მიზნით ცაგერის რაიონული სასამართოს მიერ 2014 წლის 15 აგვისტოს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილშიც ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3 და 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი