Facebook Twitter

Nბს-107-106 (კ-16) 26 აპრილი, 2016 წელი,

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - გ., ე., ნ. და ბ. ი-ები

მოწინააღმდეგე მხარე - ლ., ზ., რ., ნ. და მ. გ-ეები

მესამე პირი- კასპის მუნიციპალიტეტი

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახური

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ., ზ., რ., ნ. და მ. გ-ეებმა გორის რაიონულ სასამართლოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, რომლითაც მოითხოვეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ … კარში მდებარე 5071 მ2 სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის ბ., გ., ე. და ნ. ი-ების თანასაკუთრებად რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების საერთო სარგებლობის გზის ნაწილში ბათილად ცნობა.

გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით ლ., ზ., რ., ნ. და მ. გ-ეების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიანთ კარში მდებარე 5071 მ2 სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის ბ., გ., ე. და ნ. ი-ების თანასაკუთრებაში № ... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა, ბ., გ., ე. და ნ. ი-ების მიერ წარდგენილი განცხადებების საფუძველზე, საკითხის ხელახლა განხილვისას შეისწავლოს, წარმოადგენს თუ არა მითითებული უძრავი ქონება მხარეთა საერთო სარგებლობის გზას, სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები (მოსარგებლეები), გეოგრაფიული მდებარეობა, მიწის ნაკვეთის სხვა მახასიათებლები, უძრავი ქონების კონფიგურაცია, ნაკვეთის საზღვრების პარამეტრები და ამ გარემოებათა გამოკვლევა-შეფასების შემდეგ, საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, იქნეს მიღებული გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილა ნაწილობრივ, გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ., ზ., რ., ნ. და მ. გ-ეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიანთ კარში მდებარე 5071მ2 სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის ბ., გ., ე. და ნ. ი-ების თანასაკუთრებაში N... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 18 თებერვლის N 882013040120-07 გადაწყვეტილება 157,23 მ2 ფართის ნაწილში და დაევალა კასპის სარეგისტრაციო სამსახურს ბ., გ., ე. და ნ. ი-ების მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე (157,23 მ2 ნაწილში საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით) ხელახლა გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, შეაფასოს ისინი და ისე მიიღოს გადაწყვეტილება 157,23მ2 ფართის რეგისტრაციის ნაწილში, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება გ., ე., ნ. და ბ. ი-ებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ., ე., ნ. და ბ. ი-ების საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

ამავე კოდექსის 187-ე მუხლის მიხედვით, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მარტის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ., ე., ნ. და ბ. ი-ების საკასაციო საჩივარი, თუმცა დასაშვებობის საკითხის განხილვისას საკასაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წესით საქმეში ჩაბმულმა მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.

მოცემულ შემთხვევაში, გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით ლ., ზ., რ., ნ. და მ. გ-ეების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიანთ კარში მდებარე 5071 მ2 სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის ბ., გ., ე. და ნ. ი-ების თანასაკუთრებაში № ... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა, ბ., გ., ე. და ნ. ი-ების მიერ წარდგენილი განცხადებების საფუძველზე, საკითხის ხელახლა განხილვისას შეისწავლოს, წარმოადგენს თუ არა მითითებული უძრავი ქონება მხარეთა საერთო სარგებლობის გზას, სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები (მოსარგებლეები), გეოგრაფიული მდებარეობა, მიწის ნაკვეთის სხვა მახასიათებლები, უძრავი ქონების კონფიგურაცია, ნაკვეთის საზღვრების პარამეტრები და ამ გარემოებათა გამოკვლევა-შეფასების შემდეგ, საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, იქნეს მიღებული გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გ., ე., ნ. და ბ. ი-ებს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით კი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილა ნაწილობრივ, გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ., ზ., რ., ნ. და მ. გ-ეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ... კარში მდებარე 5071მ2 სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის ბ., გ., ე. და ნ. ი-ების თანასაკუთრებაში N... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 18 თებერვლის N 882013040120-07 გადაწყვეტილება 157,23 მ2 ფართის ნაწილში და დაევალა კასპის სარეგისტრაციო სამსახურს ბ., გ., ე. და ნ. ი-ების მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე (157,23 მ2 ნაწილში საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით) ხელახლა გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, შეაფასოს ისინი და ისე მიიღოს გადაწყვეტილება 157,23მ2 ფართის რეგისტრაციის ნაწილში, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში. რეალურად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმეზე იგივე სამართლებრივი შედეგი დადგა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის წინააღმდეგაც კასატორებს სააპელაციო საჩივარი არ ჰქონდათ შეტანილი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილბით მხოლოდ დაზუსტდა სადავო ფართის ოდენობა და გადაწყვეტილება შემოიფარგლა მხოლოდ სავარაუდო საერთო სარგებლობის გზით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქართული საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს ე.წ. „ნახტომისებური კასაციის“ ინსტიტუტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, პირდაპირ საკასაციო სასამართლოსათვის მიმართვა არ დაიშვება. მართალია, ამ შემთხვევაში, მესამე პირები ფორმალურად სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ და არა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, მაგრამ, რეალურად, სადავოდ ხდიან საქმის განხილვის იმ შედეგს, რომლის წინააღმდეგაც სააპელაციო საჩივარი არ შეუტანიათ. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული აქტი ფორმალურად ახალი გადაწყვეტილებაა, მაგრამ შედეგი არ შეცვლილა, მხოლოდ შემცირდა ფართი, რომლის რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ხელახლმა უნდა იმსჯელოს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურმა გაასაჩივრა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში არ არსებობს სოლიდარული ვალდებულება. გ., ე., ნ. და ბ. ი-ებს საკუთარი ინტერესების დასაცავად სააპელაციო სასამართლოსათვის თავად უნდა მიემართათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ივარაუდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დამდგარ შედეგს სადავოდ არ ხდიდნენ (მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს საჯარო რეესტრის სააპელაციო საჩივარს, დამოუკიდებელი პრეტენზია მათ არ ჰქონიათ გაცხადებული). პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების გარეშე, მათი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ., ე., ნ. და ბ. ი-ების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. კასატორებს დაუბრუნდეთ 14/03/16 წლის N1 საგადახდო დავალებით ნ. ი-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი, ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე