Nბს-158-157 (კ-16) 12 აპრილი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი -მ. ბ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა; ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია და საპრეტენზიო კომისია (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებისგაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ბ-ემ ხაშურის რაიონულ სასამართლოში ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის; ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და საპრეტენზიო კომისიის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა.
სასარჩელო მოთხოვნა
1. ბათილად იქნეს ცნობილი ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 17 თებერვლის N691 ბრძანება „ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ატესტაციის ჩატარების შესახებ“ მ. ბ-ის ნაწილში.
2. ბათილად იქნეს ცნობილი ხაშურის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება (ოქმი N8) მ. ბ-ის ნაწილში.
3. ბათილად იქნეს ცნობილი ხაშურის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება (ოქმი N4) მ. ბ-ის ნაწილში.
4. ბათილად იქნეს ცნობილი ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 17 აპრილის N1240 ბრძანება მ. ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, დაევალოს მოპასუხეს მ. ბ-ის სამსახურში აღდგენა და 3 თვის თანამდებობრივი სარგოს - 1650 ლარის ანაზღაურება.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება (ოქმი N8) ასევე, საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება (ოქმი N4) მ. ბ-ის ნაწილში. ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ხელახლა ჩაატაროს ატესტაცია (გასაუბრება) მ. ბ-ის მიმართ და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის თაობაზე. ბათილად იქნა ცნობილი ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 17 აპრილის N1240 ბრძანება მ. ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს დაევალა საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, ხელახალი ატესტაციის (გასაუბრების) შედეგების გათვალისწინებით გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი. დანარჩენ ნაწილში მ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ბ-ემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინებით მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
აღნიშნული განჩინება მ. ბ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მარტის განჩინებით მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე