#ბს-209-208 (კ-16) 26 აპრილი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე - ... პარტია
მესამე პირი - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. ... პარტია თავისი სარჩელით ითხოვდა, რომ მოპასუხეს - სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს დავალებოდა ქმედების განხორციელება, კერძოდ, მოსარჩელისთვის - ... პარტიისთვის ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 301-ე მუხლით გათვალისწინებული, 2014 წლის პირველი და მეორე კვარტლის კუთვნილი თანხების კანონით დადგენილი წესით გადარიცხვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ... პარტიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ... პარტიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ... პარტიის სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრს დაევალა ქმედების განხორციელება: მოსარჩელისთვის - ... პარტიისთვის ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 301-ე მუხლით გათვალისწინებული თანხების, კერძოდ, 2014 წლის პირველი და მეორე კვარტლის კუთვნილი თანხების კანონით დადგენილი წესით გადარიცხვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 აპრილის განჩინებით სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
კასატორი სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის გადახდა არასწორად დააკისრა, ვინაიდან ეს უკანასკნელი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები ( ორგანიზაციები ), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონის 301 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული ფონდის ფუნქციას ასრულებს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად კი, ფონდში თანხების მოზიდვა შესაძლებელია სხვა წყაროებიდანაც.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სწავლების ცენტრის შემოსავლები ყალიბდება შემდეგი სახსრებით: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებით; ბ) მიზნობრივი გრანტებით; გ) საკუთარი საქმიანობით მიღებული შემოსავლებით; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით, შესაბამისად, აღნიშნული ორგანიზაციის დაფინანსების ერთადერთი წყარო სახელმწიფო ბიუჯეტი არაა, ამდენად, ეს უკანასკნელი საერთო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ თავისუფლდება.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი უნდა დაუბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება; კასატორს დაუბრუნდეს 24.03.16 წლის N00274 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე