Nბს-222-221 (კ-16) 26 აპრილი, 2016 წელი,
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ზ. თ-ე (მოსარჩელე)
მესამე პირი - შსს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბოლნისის რაიონული სამმართველო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - საჩივრის განხილვის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. თ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვა მისი 2014 წლის 22 დეკემბრის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალება და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შსს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბოლნისის რაიონული სამმართველო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით, ზ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა -მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ზ. თ-ის 2014 წლის 22 დეკემბრის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდათბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ზ. თ-ის 2014 წლის 22 დეკემბრის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა საკუთრებაში არსებულ უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში და ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ 2015 წლის 11 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ე.წ „საპოლიციო გამოსახლების“ ინსტიტუტი გაუქმდა (შესაბამისი ცვლილებები შევიდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, „პოლიციის შესახებ“ კანონში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, აგრეთვე ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანებით დამტკიცებული „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესი“). აღნიშნული ცვლილებების შედეგად, საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტებზე (მათ შორის გამოსახლებაზე) რეაგირების კომპეტენცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებს აღარ გააჩნიათ და მესაკუთრემ, საკუთარი ინტერესის დასაცავად, სამოქალაქო სარჩელით სასამართლოს უნდა მიმართოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე