Facebook Twitter

№ბს-397-391(2k-4კს-15) 26 აპრილი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობა

მოწინააღმდეგე მხარე - მ. რ-ე

წარმომადგენელი - ი. პ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. რ-ემ 2014 წლის 22 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობისა და მესამე პირის ე. თ-ის მიმართ. მოსარჩელემ ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგებლის 2014 წლის 15 სექტემბრის №60 ბრძანების ბათილად ცნობა, მ. რ-ის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის ... განყოფილების უფროსის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განაცდურის ანაზღაურება და სადავო აქტის ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის ნაწილში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი თბილისის დიდუბის რაიონის გამგებლის 2014 წლის 15 სექტემბრის №60 ბრძანება, მ. რ-ის გათავისუფლების თაობაზე; მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობას დაევალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული -სამართლებრივი აქტის გამოსცემა მ. რ-ის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენის თაობაზე; დაევალა მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობას მოსარჩელე მ. რ-ის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მაგრამ არაუმეტეს სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტი მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. რ-ემ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 20 აპრილის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტის წარმომადგენლის ი. პ-ის შუამდგომლობა საქმის შეჩერების შესახებ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და საკონსტიტუციო სასამართლოსადმი კონსტიტუციური წარდგინებით მიმართვის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე №3ბ/429-15, აპელანტი (მოსარჩელე) - მ. რ-ე, აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობა, დავის საგანი - აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, განაცდურის ანაზღაურება, გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება, შეჩერდა საქმის განხილვა, მ. რ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის იმ ნაწილში, რომლითაც მოთხოვნილია სარჩელის სრულად დაკმაყოფილება სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო იძულებით განაცდურის სრულად ანაზღაურების შესახებ, ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით მ. რ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ. რ-ის სააპელაციო მოთხოვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე სასამართლოს მიერ აღდგენილ არ იქნა პირდაპირ სასამართლოს გადაწყვეტილებით და მისი აღდგენის საკითხი სასამართლომ მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალებით განახორციელა, არ დაკმაყოფილდა; მ. რ-ის მოთხოვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინების (ჩანაწერი), რომლითაც დაკმაყოფილდა მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის შუამდგომლობა დამატებითი მტკიცებულების სახით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის ამონარიდის ასლის საქმეზე დართვის თაობაზე, დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის ამონარიდის ასლის, საქმეზე მტკიცებულებების სახით დართვის თაობაზე; არ დაკმაყოფილდა მ. რ-ის სააპელაციო მოთხოვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინების იმ ნაწილში გაუქმების თაობაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. რ-ის შუამდგომლობა - სარჩელის დაჩქარებული წესით განხილვაზე; არ დაკმაყოფილდა მ. რ-ის სააპელაციო მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 სექტემბრისა (დასაბუთებული) და 2014 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე იმ ნაწილში, რომლითაც აუცილებელი წესით მოსაწვევი მესამე პირის სახით (ასკ 16.2 მუხლის საფუძვლით) ჩაბმულ იქნა ე. თ-ი; დაკმაყოფილდა მ. რ-ის სააპელაციო მოთხოვნა, საქმეზე საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ოქტომბრის განჩინების გაუქმების შესახებ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საქმეზე საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობას დაეკისრა ადვოკატის ხარჯები მ. რ-ის სასარგებლოდ 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; არ დაკმაყოფილდა მ. რ-ის სააპელაციო მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობისათვის სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, დანარჩენ ნაწილში; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. რ-ემ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მ. რ-ის სასარგებლოდ ადვოკატის ხარჯების - 500 ლარის მისთვის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მ. რ-ის სასარგებლოდ ადვოკატის ხარჯების - 500 ლარის მისთვის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი, სათაურის მიუხედავად, ითვალისწინებს პროცესის ხარჯების განაწილების წესს, რადგანაც ადვოკატის ხარჯების მხარეთა შორის განაწილების პრინციპი ამავე მუხლის პირველი ნაწილითაა განსაზღვრული.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პროცესის ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს სასამართლო გადაწყვეტილებით, რომლითაც საქმე წყდება არსებითად. ეს დასკვნა გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის შინაარსიდან, რომლის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. პროცესის ხარჯების განაწილების საკითხი შეიძლება დადგეს ასევე იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქმის წარმოება მთავრდება გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). ასეთ დროს სასამართლო შესაბამისი განჩინებით გადაწყვეტს პროცესის ხარჯების განაწილების საკითხს.

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა მოსარჩელის მიერ გაწეული ადვოკატის ხარჯების - 500 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის ადვოკატის დახმარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ამ ხარჯის გაწევა არ დასტურდება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ისეთ პირობებში, როდესაც არ დასტურდება კონკრეტული ხარჯის გაწევა, მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ამავე კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომთბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობისათვის მ. რ-ის სასარგებლოდ ადვოკატის ხარჯების - 500 ლარის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობისათვის მ. რ-ის სასარგებლოდ ადვოკატის ხარჯების - 500 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:

3. მ. რ-ის წარმომადგენელ ი. პ-ის მოთხოვნა ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე